Express News

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობს და ემიჯნება

ისლამური სკოლა-პანსიონატის აშენება ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა, - ამის შესახებ ნათქვამია  საქართველოს დღეს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა. 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის. განცხადების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება მომხდარს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა კონფესიების ურთიერთპატივისცემის გარემოში თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში დამახასიათებელი იყო ჩვენი ყოფისათვის. განცხადებაში მაგალითად მოყვანილია წმინდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება, რომელიც პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერეკლე მეორის გვერდით საქართველოსთვის ბორჩალოელი მუსლიმები იბრძოდნენ და რომ ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიაში სხვაც ბევრი იყო.
"ტრადიცია დღესაც გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობა აქვს დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ, აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ვხდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში საპატრიარქო ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ერთი მხრივ დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის თბილისში და მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს.
"რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და მითუმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განმარტებულია, რომ საქართველოში რელიგიათაშორისი კეთილგანწყობა ურთიერთპატივისცემას და ანგარიშის გაწევას ემყარებოდა და ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT