შელაპარაკება და დაკავება - თავდასხმას ჭიკაიძის უწყებაში არ ადასტურებენ - რა მოხდა ზუგდიდში?
გავრცელებული ინფორმაციით ზუგდიდში “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ოფისს თავს დაესხნენ. ცენტრის ინფორმაციით მათ “ქართული ოცნების” 40-მდე აქტივისტი დაესხა თავს, რის შედეგადაც ნაცემები არიან ოფისის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე ცენტრის ინფორმაციით მათ პოლიცია გამოიძახეს თუმცა „იმის ნაცვლად რომ თავდამსხმელები დაეკავებინათ ცენტრის ერთ-ერთი წევრი ირაკლი პაჭკორია იქნა დაკავებული. ცენტრის ინფორმაციით მის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ზუგდიდის რაიონული პოლიიციის უფროსი გრიგოლ ბესელია. მათივე ინფორმაციით თავდასხმისას დაშავდა ცენტრის ერთ-ერთი წევრი ტატო ლაგვილავა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველი რადიო" შსს-ს დაუკავშირდა. ჭიკაიძის უწყებაში თავდასხმის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს, მათივე თქმით ადგილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ ყოფილან. სამინისტრომ ერთი პიროვნების, „თავისუფალი ზონის“ წევრის დაკავება დაადასტურა. მისი დაკავება 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა ზუგდიდში, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრის ოფისთან მომხდარი ინციდენტი. შსს-ს ცნობით „თავისუფალი ზონისა“ და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრის ოფისთან ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ გამვლელს, რასაც მისი მხრიდანაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე სამხარეო და საპატრულო პოლიციის მისვლა გახდა საჭირო. "თავისუფალი ზონის" წევრი დააკავეს, თუმცა ის ამ დროისთვის ხელწერილითაა გათავისუფლებული - განაცხადეს ჭიკაიძის უწყებაში.