Express News

უკრაინელი დევნილები ახალგორში?!"

ახალგორში არსებულ იმ საცხოვრებელ ბინებში, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე არ გაღებულა და ცარიელია, შესაძლებელია უკრაინელი დევნილები შეასახლონ. ამის შესახებ "რეზონანსს" ადგილობრივებმა აცნობეს.
"აქ ყველა ამაზე ლაპარაკობს. თავიდან ეს ამბავი ოსებისგან შევიტყვეთ, მერე კი რუსი სამხედროებიც ალაპარაკდნენ; ამას ამბობენ ადმინისტრაციაში. მაგრამ როდის მოხდება მათი შემოყვანა, არავინ იცის. ამდენი ცარიელი სახლი ასე რატომ უნდა იყოსო - ასე ამბობენ", - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ახალგორელი ქალბატონი, პროფესიით მედიკოსი.
ცხინვალელ ჩინოვნიკებს ამის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა კულუარულ საუბარში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა შესაძლებელია უკრაინელი დევნილების გარკვეული ნაწილი მართლაც ახალგორის ცარიელ საცხოვრებელ ბინებში შეასახლოს.
"აქ მართლაც ძალიან ბევრი ცარიელი ბინაა. მათ პატრონებს არავინ უშლიდა ხელს იმაში, რომ ჩამოსულიყვნენ და ეცხოვრათ. მაგრამ არ უნდათ. ხალხი კი იქ გარკვეული მდგომარეობის გამო უსახლკაროდ არის! ჰოდა, აქ შევასახლებთ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ვინაობის დასახლებისგან თავის შეკავებას გვთხოვს.
საგულისხმოა, რომ თვითონ ცხინვალელი ჩინოვნიკები მართალია, ამას უშვებენ და საწინააღმდეგოც არაფერი აქვთ, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალგორი უკრაინელი დევნილებისთვის საკმაოდ შორია და რუსეთს უკრაინელი დევნილებისთვის შესაძლებელია მხოლოდ ბოლო ვარიანტად გამოადგეს.
ასეა თუ ისე, უკრაინელი დევნილების თემა ახალგორში აქტიურია და მათ დროებით ჩამოსახლებას ადგილობრივებიც კი ელიან.
აღსანიშნავია, რომ ცხინვალის მხრიდან უკრაინელების მიმართ ჰუმანიტარული ტიპის აქცია მიმდინარე თვის დასაწყისშიც დაფიქსირდა. ცხინვალურმა ფონდმა სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 1989-2008 წლებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ინვალიდებისა და დაჭრილების დამცავი ფონდი" ვლადიკავკაზში არსებულ სანატორიუმ "ტამისკ"-ში უკრაინელი დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ განცხადება მიმდინარე თვის დასაწყისში გააკეთა. ფონდის დირექტორი, მადინა პლიევა აცხადებდა, რომ დანიშნულების ადგილზე ტვირთს თვითონ ფონდის წევრები მიიტანდნენ.
"ჩვენთვის ძალიან ახლო და გასაგებია ამ ადამიანების ტრაგედია. ამიტომაც ვაპირებთ, ამასთან ერთად მათ მორალური მხარდაჭერაც გამოვუცხადოთ", - აღნიშნა პლიევამ.
ფონდმა ჰუმანიტარული ტვირთები ლუგანსკშიც გააგზავნა. ფონდს უკრაინელი დევნილებისთვის აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში მხარდაჭერას თვითონ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უწევდნენ.
"კავკასიური სახლის" დირექტორი გიორგი კანაშვილი ცხინვალის მხრიდან ამ ჰუმანიტარულ დახმარებას სერიოზულად არ მიიჩნევს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამას მხოლოდ პროპაგანდისტური ხასიათი აქვს, რეალურად კი არაფერს ნიშნავს.
"ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ღონისძიებაა და სხვა არაფერი. რა აქვს ცხინვალს, რომ უკრანელ დევნილებს მისცეს?! ამით ცხინვალს იმის დაფიქსირება სურს, რომ საქვეყნო ამბებში ისიც ერევა და რაღაცა წვლილის გაღებაც სურს. ანუ ეს არის სომბოლური ხასიათის დახმარება რაღაცა პოზიციის გამოსახატად", - განაცხადა კანაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ცხინვალი იმ დევნილებს ეხმარება, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან რუსეთის ტერიტორიაზე არიან გადასულნი.
"უკრაინიდან დევნილების 2 კატეგორია არსებობს: დევნილები, რომლებიც შიდა რაიონებში გადავიდნენ; ესენი უკრაინის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი; და მეორე კატეორია, დევნილები, რომლებიც რუსეთში გადავიდნენ. ცხინვალის ფონდი რომლებსაც უწევს დახმარებას, ის დევნილები არიან, რომლებიც უკრაინის ცენტრალიზებული ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არიან.
"სხავადასხვა ციფრები სახელდება, მაგრამ რომელია ზუსტი, გაუგებარია. ყველაზე გავრცელებული რაოდენობა არის 100 000. რუსული მედია ამ ციფრებს ხელოვნურად ზრდის იმის საჩვენებლად, "თუ როგორი სისასტიკით ატარებენ უკრაინელები ანტიტერორისტულ ოპერაციებს". ასევე იმის საჩვენებლად, როგორ ზარალდება ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის შესახებ არანაირ კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია", - უთხრა "რეზონანსს" კანაშვილმა.
ცნობისათვის, მადინა პლიევას ფონდი 1989 წელს შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად ძირითადად ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებაში ეხმარებოდა. 2008 წელს, რამდენადაც ინვალიდების რიცხვი გაიზარდა, უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევით არსებობს.
როგორც თავად პლიევა ადგილობრივ მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, ფონდის საქმიანობით დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვია დაინტერსებული, ის მუდმივად ადევნებს მის საქმიანობას თვალს და ფონდის დირექტორიც თავის მხრივ საქმინაობის შესახებ ყოველთვის ანგარიშს აბარებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკრაინელი დევნილების შესახებ ორგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთი მხრივ საუბარია იმაზე, რომ უკრაინელი დევნილები რუსეთში როგორც ბომჟები ისე ცხოვრობენ; მეორე მხრივ კი, მათ რუსეთის ტეიტორიაზე ნორმალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, რაც უცხოელი ჟურნალისტების დაკვირვების შედეგადაც გამოვლინდა. ასეთ რეგიონად კი ძირითადად როსტოვი სახელდება.
საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ უკრაინელმა დევნილებმა მოსკოვში უკრაინის საელჩოს შენობის წინ აქცია გამართეს მოთხოვნით - "შეწყვიტეთ ომი ჩვენს ქვეყანაში". აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ საზოგადოებას მოუწოდეს, დევნილებს დახმარება გაუწიონ, არ დაუშვან რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა.

resonancedaily.com

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT