Express News

ვანო მერაბიშვილი - სიამოვნებით მივიღებ გიგის, მაქვს ოთხადგილიანი საკანი და ციხესთან შეგუებაში დავეხმარები


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავების შემთხვევაში, იგი მზად არის, უგულავა საკუთარ საკანში მიიღოს და საკნის ცხოვრებას შეაჩვიოს. 
გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარებას ვანო მერაბიშვილი, საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმის განხილვისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 
"თუკი ხელისუფლებას ღმერთი გაუწყრა და გიგი უგულავა დააპატიმრა და თუკი მთავარმა პროკურორმა შეასრულა სიტყვა, რომ უგულავას გვერდით მომისვამს, სიამოვნებით მივიღებ გიგის, მაქვს ოთხადგილიანი საკანი და მას დავეხმარები ციხესთან შეგუებაში", -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ამასთან, დღესვე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების საფრთხე არსებობს.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დღეს 26 მაისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. მერაბიშვილის ადვოკატებმა 26 მაისის აქციაზე გადაღებული ვიდეომასალის დახმარებით, საკუთარ შესავალ სიტყვაში დააფიქსირეს პოზიცია, რომ აქციის დაშლა ლეგიტიმური იყო. 
მერაბიშვილის ადვოკატებმა პროცესზე წარადგინეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მაგალითები. ადვოკატმა ოთარ კახიძემ პროცესზე წარადგინა აქციის დაშლის ამსახველი ვიდეომასალები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, ასევე ამერიკიდან და ესპანეთიდან. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანაში პოლიცია იყენებს ძალას, თუკი ადგილი აქვს კანონის დარღვევას. ლეგიტიმური ძალის გამოყენებას კი, ადვოკატის თქმით, ხშირად მოყვება ადამიანების ფიზიკური დაზიანება. 
ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ბრძანება მიტინგის დაშლის შესახებ, მიზნად ისახავდა სამხედრო აღლუმის ჩატარების ხელშეწყობას, რასაც დანაშაულთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ადვოკატის თქმით, საქმე, რომელსაც მერაბიშვილს ედავებიან, წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესია. 
შესავალი სიტყვა ადვოკატის შემდეგ წარმოთქვა თავად ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, 26 მაისის საქმეში, პროკურატურას მოწმეებად ჰყავს დაზარალებულები და შეუძლებელია, დაზარალებულმა პირებმა ობიექტური ჩვენება მისცენ. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მოუწოდა, რომ მისთვის ძალიან რთული იქნება საქმის ობიექტური განხილვა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მიტინგების დაშლის პრეცედენტები ძალიან მცირეა. 
ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ იგი გაკვირვებულია 26 მაისის საქმეში მისთვის წაყენებული ბრალით, რადგანაც არალეგიტიმური - განხორციელებულ მოქმედებებში არაფერი ყოფილა. 
დაცვის მხარის შესავალი სიტყვების შემდეგ მოსამართლემ პროცესზე გამოაცხადა საათნახევრიანი შესვენება. პროცესის განახლების შემდეგ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.   პროცესი სამუშაო დღის ბოლომდე გაგრძელდება. 

interpressnews.ge


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT