„უახლოეს ხანში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილისა და მოსამართლეების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი შევა“...
„საქმე ეხება 2008-12 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და ამ ტენდერებში გამარჯვებულ სუბიექტებს. ინკოგნიტო წყაროს თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმ ფინანსური დარღვევებით, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქართულ სასამართლოში. გამოძიების ორგანოებმა ასევე უნდა გაარკვიონ, რა თანხები იხარჯებოდა და იხარჯება დღესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საკეთილდრეოდ, მაშინ როცა ისინი არც ერთ საქმეს არ იხილავენ. გასარკვევია, საიდან დააგროვეს არნახული ქონება არა მხოლოდ მათ, არამედ ცალკეულმა მოსამართლეებმა. გამოძიება ვალდებულია, დაინტერესდეს, ვის რამდენი ავტომანქანა ჰყავს და რა „ატკატები“ კეთდება ტენდერების კუთხით. სასწრაფოდაა გადასახედი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საშტატო ნუსხა. გამოსაკვლევია მოსამართლეების სამივლინებო ხარჯები და დასადგენია, ვინ სად, ან რა მიზნით დადიოდა. ფინანსური პოლიციის მიერ უნდა დადგინდეს, რამდენი დაჯდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის კაბინეტის რემონტი და მისი პირადი კეთილდღეობა 2008-2012 წლებში. რაც მთავარია, პროკურატურა საგანგებოდ უნდა დაინტერესდეს, რომელ მოსამართლეებს გადაეცათ მიწის ნაკვეთები და სხვა სახის ქონება (ბინები, აგარაკები) სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. ინკოგნიტო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კოტე კუბლაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინააღმდეგ საჩივარი თითქმის უკვე მომზადებულია, მაგრამ ვინ მოამზადა და კონკრეტულად რა მასალები აქვს ხელში ამ ჯგუფს, არ ხმაურდება, რათა არ იყოს ხელის შეშლა და გარკვეული ზეწოლა...
თუკი გამოძიება სწორად წარიმართა, რა ბერკეტი აქვს პროკურატურას, რომ „იმუნიტეტიანი“ კოტე კუბლაშვილი თავისივე კოლეგების გადაწყვეტილებით დააპატიმროს? პირველი – სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ამ თემაზე „ალიასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უკვე ისაუბრა და მან შესაძლებლად ჩათვალა ამ მუხლის გამოყენება; მეორე – კოტე კუბლაშვილს სამსახურებრივი ვადა უმთავრდება 2015 წლის თებერვალში, იქამდე 8 თვეზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი და ბუნებრივია, ეს დრო გამოძიებას აუცილებლად დასჭირდება. თებერვილს შემდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარ მოსამართლეს ვეღარც იმუნიტეტი დაიცავს და ვეღარც იუსტიციის უმაღლესი საბჭო. როგორც კობახიძე „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, თუკი მას ამ წუთას დაადანაშაულებენ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, საბოლოო ვერდიქტი მაინც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოიტანოს, თებერვლის შემდეგ კი ეს პროცედურა აღარ იქნება საჭირო, ანუ საბჭი ვეღარ ჩაერევა“, - წერს გაზეთი „ალია“.