დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს მოასმენინა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც როგორც აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სოფო წითლიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. „დედას გიტირებ“, „ ყელს გამოგჭამ“, „ნასეტკა ხარ. ეს შენი პროფესიაა“, „ნაგავო, არაკაცო“, „ავადმყოფო, ერთუჯრედიანო“, - ეს ის სიტყვებია, რაც სატელეფონო ჩანაწერში ისმის.
„ჩემი ფიზიკურად განადგურების კამპანიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს. „ქართული ოცნება“ კრიმინალების თავშესაფრად იქცა. ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობს კუნთმაგარი და სხვა მხრივ სუსტი ჟანდარმი პოლიციელი შონია, რომელსაც პოლიტიკური ცხოვრების არანაირი გამოცდილება არ აქვს. სოფო წითლიძე არის მისი და ედიშერ თოლორაიას შემოგზავნილი. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს G 7-ში უკანონო მოსმენების განმხორციელებელ განყოფილებაში“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
შტაბის ხელმძღვანელის თქმით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სხვა წინაღობა ზუგდიდში, გარდა მისი და მისი გუნდის მიერ განხორციელებული „გარღვევებისა“, რის გამოც ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის წინაშეც დგას.
„ჩვენ არ მივცემთ არავის იმის უფლებას, რომ ბატონ თენგოს ვინმე შეეხოს რაიმე ფორმით. საუბარია არა მხოლოდ სატელეფონო ზარებზე, არამედ შემოსულია პირდაპირი მუქარებიც.
თავიანთი დაგეშილი ძაღლები მართონ. ჩვენ აცრა გვაქვს გაკეთებული და არავის არ ეშინია მათი კბენის“, - აღნიშნა ბრიფინგზე არასაპარლამენტო ოპოზიციის მაჟორიტარი დეპურტატობის კანდიდატმა ციცინო შენგელიამ.
მერობის კანდიდატ ირაკლი ღურწკაიას თქმით, სოფო წითლიძე, ვინც მუქარის ზარი განახორციელა თენგიზ ჯგუშიას მიმართ, იყო მათი აქტივისტი და აქციებშიც მონაწილეობდა, მაგალითად რიყეში გამართულ საპროტესტო შეკრებაზე, თუმცა დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
თავის მხრივ სოფო წითლიძე სატელეფონო საუბრის ფაქტს „ლაივპრესთან“ საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს:
„ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ავანტურა. დღესავით ნათელია, რომ თენგო ჯგუშიას ძალიან დიდი სურვილი აქვს იყოს ყურადღების ეპიცენტრში. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ ყველამ ვიცით მისი ფსიქიური აშლილობის შესახებ. არაადეკვატური ადამიანია და არ მიკვირს მისგან. გიჟები საგიჯეთში. არ ვიცი რა ჩანაწერები აქვს. მე მეტს ვერაფერს გეტყვით“.
სოფო წითლიძის თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა განმარტავს, რომ არასდროს ყოფილა „თენგიზ ჯგუშიას აქტივისტი“. მანვე უარყო ედიშერ თოლორაიას კავშირი რაიმე ფორმით მომხდართან და დასძინა, რომ ლევან შონიას „საერთოდ არ იცნობს“.
„მე შემიძლია წარმოვადგინო თენგიზ ჯგუშაის მიმოწერები ჩემს მიმართ, თუ როგორ ითხოვს - წითლიძე სოფიკო დამიკავშირდი, სად გაქრი. მე მას შევხვდი, როგორც ძველ ნაცნობს. გვქონდა საუბარი. მთელი ზუგდიდი იცნობს ერთმანეთს. მე ვიყავი 2000-2002 წლებში ახალგაზრდული ალტერნატიული პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და სათანადოდ ვიცნობდი თენგო ჯგუშიას, თუმცა არასდროს ვყოფილვარ მისი გიჟური იდეების მხარდამჭერი. რიყის აქციაზე არ ვყოფილვარ. ჩემს ნათესავებთან ვიყავი რიყეში. გაჩერებაზე ტრანსპორტს ველოდებოდი. აღმოჩნდა, რომ თენგო ჯგუშიას აქცია მიმდინარეობდა. იქ შევხვდი, მომესალმა, ხელი ჩამომართვა და ეს ბოროტად გამოიყენა“, - გვითხრა სოფო წითლიძემ.
რაც შეეხება ბრიფინგიდან ამონარიდს მისი „კრიმინალური წარსულის“ შესახებ, აღნიშნა:
„პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. თენგო ჯგუშიამ პირველ რიგში ისაუბროს თავის წარსულზე, თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებით. იმაზე, თუ ვის არის ამოფარებული. არაადექვატურია. გიჟები საგიჟეთში“.
თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში თვითმმართველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა მინჯორაიამ თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს „ყველაზე დიდ სისულელე“ უწოდა.
„მსგავსი აბსურდი უკვე მერამდენე დღეა ესმის ლევან შონიას. ზღვარს გადავიდა მისი პოლიტიკური ბრძოლა. ჯანსაღი ბრძოლა გამიგია, მაგრამ... ყოველ დღე ახალ ისტერიკას იგონებს“, - გვითხრა ნონა მინჯორაიამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე თენგიზ ჯგუშიამ მიმართა სამხარეო პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას, აღძრას მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე.
წყარო http://livepress.ge