ბეტონის ცივი კედლები და იატაკი, გამურული შეშის ღუმელი, შავ-თეთრი ტელევიზორი, სამი რკინის საწოლი და ორი ძველისძველი კარადა – ეს კიდევ არ არის სრული სურათი იმ მძიმე ვითარებისა, რომელიც 56 წლის გალიდან დევნილი ზოია სამუშიას სახლში ვიხილეთ.
ქალბატონი ზოია იმდენად შეგუებულია საკუთარ მძიმე ყოფას, რომ ამაზე ბვევრს არ საუბრობს, თუმც ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე იქ გამეფებული სიღარიბე ნათლად მეტყველებს, იმას კი რაც კადრს მიღმა დარჩა, გზადაგზა მოგიყვებით.
ზოია სამუშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
როდესაც გზიდან მოშორებით მდგარ სახლს მივუახლოვდით პირველად თვალში მოგვხვდა მავთულის მესერი. მის მიღმა კი ცარიელი ეზო სადაც ქათამიც კი არ ჭაჭანებდა და მხოლოდ რუხ ძაღლს ეძინა. ქალბატონმა ზოიამ გაკვირვებულმა გამოგვხედა და შემდეგ ღობეს კოჭლობით მოუახლოვდა. გაკვირვებული იმიტომ ვახსენეთ, რომ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მასთან სტუმრები თითქმის არასდროს მიდიან.
ქალბატონ ზოიას თავისი გასაჭირის შესახებ ბევრი არ უსაუბრია, თუმცა მოკლედ მოგვიყვა იმ ყოველდღიური პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც მრავალი წელია დგას. აქვე გეტყვით, რომ მარტოხელა ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემაც აწუხებს – ის ფეხზე მიღებული ტრავმის გამო ხელჯოხით გადაადგილდება.
"ამ სახლში 10 წლის წინ მოვედი და დღესაც იგივე მდგომარეობაა. ეზოში წყალი არ მაქვს. უახლოესი მეზობელი, ვისგანაც წყალი კოჭლობით მომაქვს, 200 მეტრის იქით ცხოვრობს. დღეში რამდენჯერმე გადავდივარ, აბა ამ ცალი ფეხით ერთ გზაზე რამდენ წყალს მოვიტან?! ნახეთ ალბათ ქათამი და პირუტყვი არ მყავს. ქათამს სიმინდი უნდა და მე კიდევ მისი გათოხნა არ შემიძლია. მხოლოდ ძაღლი მყავს. ვინ მომხედავს, ვინ არის ჩემი პატრონი. ერთი გოგო მყავს, ისიც გათხოვილია, პატარა ბავშვი ყავს და მასაც ძალიან უჭირს. ახლა ჩემთან არიან. ბავშვი წლინახევრის არის და ბრინჯით ვზრდით. რითი გამაქვს თავი? პურით და ლობიოთი. ვნატრობ, ნეტა საპენსიო ასაკი მაინც მქონდეს. ბოლო 5 წელიწადში ქმარი, დედამთილი და მამამთილი დავკარგე. ეს ფეხი საოპერაციო მაქვს და იმაზეც ვერ მივედი, რომ პოლისი მაინც ავიღო", - აღნიშნა მან.
ზოია სამუშიას მთელს შემოსავალს ყოველთვიური სოციალური დახმარება - 60 ლარი შეადგენს. დევნილობის დახმარება კი ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ შეუწყდა, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ან სოციალურ შემწეობას ან დევნილის დახმარებას უნდა იღებდეს. როგორც "თაიმერს" ზოია სამუშიამ განუმარტა, მას სახლი, სადაც თითქმის 10 წელია ცხოვრობს, დაკანონებული არ აქვს.
ზოია სამუშიას თქმით, წლები ისე გადის, რომ ხელისუფლებისგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს და არც ახლა აქვს დახმარების იმედი.
ჩვენ კი ქალბატონი ზოიას სახლიდან იმ იმედით წამოვედით, რომ ამ სტატიის ნახვის შემდეგ მასზე ზრუნვის სურვილი ვინმეს გაუჩნდება.
http://timer.ge |
სპეციალურად წალენჯიხიდან: ლიკა კასრაძე, ეკა ჭიღლაძე