”ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში ახალი კომპანიები დააარსონ”
ევროპული ბაზარი ქართული კომპნიებისთვის იხსნება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ბაზარზე გაიტანონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ”პალიტრა ტვ”-ის გადაცემა ”საქმეში” სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა კოხრეიძემ ისაუბრა.
როგორც კოხრეიძემ აღნიშნა, საქართველო ერთიანი ბაზრის ნაწილი ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროკავშირი არის სერიოზული, განვითარებული ეკონომიკების ერთობა, სადაც მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მოქალაქეები ცხოვრობენ. კოხრეიძის თქმით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ნაწარმი უფრო ძვირად გაყიდონ.
კახა კოხრეიძე დადებითად აფასებს ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების გაღრმავებას და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის 60 წლიანი არსბეობის შემდეგ, საქართველოც მიუახლოვდა იმ პრინციპებს, რითაც ერთიანი ბაზრის ნაწილი ხდება.
მისივე ინფორმაციით, ევროკავშირი ისედაც არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირს ექსპორტის კუთხით 21% უკავია, იმპორტის კუთხით კი- 28%.
კოხრეიძემ ყურადღება გაამახვილა ასევე პროდუქციის ხარისხზეც. მისი თქმით, თუ მუშაობა სწორი მიმართულებით წარიმართება, ქართულ კომპანიებს დიდი ხანი არ დასჭირდებათ, იმისთვის რომ ხარისხის ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ.
კახა კოხრეიძეს განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში დააარსონ ახალი კომპანიები ან ჰქონდეთ წარმომადგენლობები.
ცნობისთვის, ევროკავშირი 51 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამას ამზადებს იმისთვის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის შესრულებაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესსაწარმოებს, რათა ისინი მოერგონ ამ მარეგულირებელ გარემოს, - ასეთი იყო ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოს დაპირება ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის წინ, რომელიც 27 ივნისს უნდა გაიმართოს.
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის დინამიკა მზარდია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი. 2014 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 14%-ით გაიზარდა და ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 26% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი გაიზარდა 50%-ით და 194 მილიონი დოლარი შეადგინა.
bpn.ge/