ფერიის მთაზე ტაძრის დანგრევის გამო დღემდე არავის აუღია პასუხისმგებლობა. ეს თემა მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლების ოპონირების რეჟიმში ხმაურდებოდა და ერთ-ერთ მძიმე ბრალდებად რჩებოდა, რომელსაც ქუჩის ოპოზიცია სააკაშვილს უყენებდა. პირველი კონკრეტული ბრალდება ოპოზიციაში გადაბარგებული ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან გაისმა, რომელმაც თვის პირველ სკანდალურ ეთერში, სხვა ბრალდებებთან ერთად, ღიად განაცხადა, რომ „აჭარაში ეკლესიის დანგრევის ფაქტზე გადაწყვეტილება გიგა ბოკერიამ მიიღო“.
ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ვალდებულება აიღო, ყველა ის დანაშაული გამოეძია, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს სააკაშვილს უყენებდა, მათ შორის იყო ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ფაქტი, რომელზეც, ალბათ, უახლოეს პერიოდში დაიწყება გამოძიება.
რა მოხდა ფერიის მთაზე, ვინ გასცა ბრძანება შუაღამისას, დაენგრიათ „ბანას“ ტიპის ახლად აშენებული ტაძრის სამლოცველო და რა ხდება დღეს? „პრაიმტაიმი“ დეკანოზ სერგის დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა მომხდარი. სასულიერო პირს არ სურს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე საუბარი.
დეკანოზი სერგი:
– დაახლოებით ზაფხულისთვის მშენებლობა დასრულდება. თვითონ კომპანია „ჰესტოფმა“ ითავა ეკლესიის მშენებლობა და ვფიქრობ, მალე დაასრულებენ.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მოხდა? თქვენ თავიდანვე იყავით ამ პროცესში ჩართული. თქვენთვის ცნობილია, ვინ მიიღო ტაძრის დანგრევის გადაწყვეტილება?
– მე თავიდან ბოლომდე იქ ვიყავი. არ ვიცი, კონკრეტულად ვინ გადაწყვიტა, რომ ეკლესია დაენგრიათ. ჩვენ დილით ავედით და ტაძარი დანგრეული დაგვხვდა. გვიან ღამით დააგრიეს, ჩვენ იქ გვიანობამდე ვიყავით და მხოლოდ ჩვენი წამოსვლის შემდეგ მოხდა ტაძრის დაგრევა.
– თუ გქონდათ ამის შემდეგ შეხვედრა და მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რა პასუხი მიიღეთ?
– კი, იყო შეხვედრებიც და მოლაპარაკებებიც... დაპირებები იყო და მეტი არაფერი.
– რას დაგპირდნენ?
– ტაძრის დანგრევის შემდეგ, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ იმავე მთის მწვერვალიდან ოდნავ ქვემოთ ადგილს გამოგვიყოფდა და ტაძრის მშენებლობაში დაგვეხმარებოდა, მაგრამ არანაირი დახმარება არ ყოფილა... რაც დღემდეა აშენებული ტაძარი, ის ხალხმა ააშენა, თითო აგური მოჰქონდათ ადამიანებს და ამ თითო-თითო აგურით აშენდა ხელახლა ეს ტაძარი.
– თქვენ ან მრევლმა თუ მიმართეთ სამართალდამცავებს, საქმე თუ აღიძრა?
– არა, ეკლესია მასეთ საქმეებზე არავის მიმართავს, ადამიანის სინდის-ნამუსზეა მისი პასუხისმგებლობა. ღვთის წინაშე აგებს პასუხს ადამიანი, როდესაც ასეთ რაღაცაზე მიდის. სამოქალაქო კანონი მას იმ განაჩენს ვერ გამოუტანს. მე, პირიქით, იმას ვიტყოდი, რომ ღმერთმა სინანული მისცეთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოინანიონ, რაც გააკეთეს, მანაც, ვისი ბრძანებითაც მოხდა ეს. მთქმელიც და შემსრულებელიც ერთი და იგივე ცოდვაშია.
– ახლა რა ეტაპზეა მშენებლობა?
– გრძელდება სამუშაოები და ზაფხულისთვის დასრულდება. კომპანიამ, რომელიც გვერდით იმ ცენტრს აშენებს, რაზეც იყო საუბარი, ითავა ტაძრის მშენებლობა და მისი კეთილმოწყობა თავიდან ბოლომდე, როგორც ტაძრის, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ახლანდელმა ხელისუფლებამ. ძველი ხელისუფლება იმ ფირმასაც არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ეს საქმე განეხორციელებინათ. თურმე ამ ფირმას, „ჰესტოფს“ თავიდანვე დაუმალეს, რა ხდებოდა იქ. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი მოწესრიგებულია და ურთიერთშეთანხმებით კეთდება. ეს კომპანია საკუთარი სახსრებით აშენებს ახლა ამ ეკლესიას. მართლმადიდებლები არიან, ქრისტიანი ხალხია და მათთვისაც ძალიან სამადლო საქმეა ეს.
– გასართობ ცენტრთან შენდება ტაძარი?
– გასართობი ცენტრიც არის და ტაძარიც შენდება, ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს, ისეა გამიჯნული ერთმანეთისგან. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არის მშენებლობის დასრულების.
ათეული წლების წინათ ფერიის მთაზე იდგა ტაძარი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია და მის ადგილზე საბჭოთა სამხედრო ძალები განალაგეს.
საბჭოთა სამხედროების გასვლის შემდეგ ეს ადგილი საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადასცემოდა. ამას ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი, რომელიც 2002 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა. ადგილობრივებმა აქ საკუთარი სახსრებით და შემოწირულობებით დაიწყეს ტაძრის მშენებლობა, თუმცა შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ყველას კარგად გვახსოვს. ტერიტორია გასხვისდა და ადგილზე, სადაც ეკლესია დაანგრიეს, გასართობი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მრევლისა და სასულიერო პირების არაერთი მცდელობა, აღედგინათ ეკლესია, რომელიც ერთხელ უკვე გახდა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი, უშედეგო აღმოჩნდა. ფერიის მთაზე მომხდარი ვანდალური ფაქტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიტიკური გარჩევების თემა გახდა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თემით დაინტერესდა, ჯონდი ბაღათურია იყო. ის ითხოვდა, შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც ფერიის მთაზე ტაძრის დანგრევის საკითხს შეისწავლიდა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. მაშინდელმა უმრავლესობამ ეს საკითხი ჩააგდო. ბაღათურია დღესაც ითხოვს დამნაშავე პირების დასჯას, თუმცა ამ ეტაპზე, როცა უამრავი საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ახალ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებას არ აჩქარებს.
ფერიის მთაზე გასართობი კომპლექსის „არგოს“ მშენებლობის პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც მშენებარე ობიექტის მფლობელ „ჰესტოფ-ბათუმსა“ და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას შორის შეთანხმება შედგა. „ჰესტოფ-ბათუმი“, საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსის გარდა, ფერიის მთაზე თავის დროზე დანგრეულ ტაძარს ააშენებს და ტერიტორიას მლოცველთათვის კეთილმოაწყობს.
ფრიდონ ბაღათურია, კომპანია „ჰესტოფ-ბათუმი“: თავის დროზე ჩვენს ფირმასა და მთავრობას შორის იყო შეთანხმება, რომ ეკლესია, რომელიც ახლა იქ დგას, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, გაგვერემონტებინა და გარკვეული თანხები ჩაგვერიცხა მის ასაშენებლად, მაგრამ მთავრობამ მაშინ ვერ მოახერხა მემორანდუმის გაფორმება. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩვენმა ფირმამ პირდაპირ გააფორმა მათთან მემორანდუმი და ის თანხა, რომელიც დაპირებულია, სამ ტრანშად ჩაერიცხებათ, შეთანხმება მიღწეულია.
ჯონდი ბაღათურია:
– ეს იყო დანაშაული და ის გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პირმა, ვინც ბრძანება გასცა და ვინც შეასრულა, იმანაც აგოს პასუხი, ტრაქტორისტით დამთავრებული. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობა ელოდებათ მათ, უფრო მძიმე იქნება მისთვის, ვინც ეს ბრძანება გასცა, მაგრამ არანაკლებ მძიმეა შემსრულებლის ბრალეულობაც. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, დანამდვილებით ინფორმაცია, რომ მან გასცა მითითება, არ მაქვს. ჩემი ინფორმაციით, ბრძანება გასცა პრეზიდენტმა და ამის მიზეზი იყო ის, რომ მას სურდა ფერიის მთაზე დიდი ბიზნესცენტრისა და გასართობი ცენტრის მოწყობა. ისინი ამას იმით ამართლებდნენ, რომ მოლაპარაკება ჰქონდათ ჩინელ ინვესტორთან და რადგან ჩემი ეჭვით ამ ჩინელი ინვესტორის უკან მათივე ინტერესები იდგა, მოსწონდათ ფერიის ულამაზესი მთა და ამ თვალსაზრისით გადაწყვიტეს, რომ ეკლესიის მშენებლობა შეეჩერებინათ. მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ეკლესიისთვის მითითება მიეცათ და ეკლესიას თავისით შეეჩერებინა ეს მშენებლობა, რაც მათ გაუნათლებლობაზე მეტყველებს, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო, ეს ეკლესიას გაეკეთებინა. ეკლესიისგან ამის გაკეთება კიდევ უფრო მძიმე დანაშაული იქნებოდა, ვიდრე სააკაშვილის მხრიდან და სააკაშვილმაც გასცა ძალიან მძიმე ბრძანება იმის შესახებ, რომ ტაძარი დაენგრიათ. რა თქმა უნდა, ბოკერია მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ სათავე, წყარო იყო სააკაშვილი, იმიტომ რომ მას ჰქონდა კომერციული ინტერესი, ფერიაზე ბიზნესცენტრის მშენებლობის.
ასევე, გეტყვით იმასაც, რომ იყო სერიოზული მუქარა სასულიერო პირებზე. ჩემი ინფორმაციით, მუქარა იყო საპატრიარქოში, პატრიარქის მიმართაც. ისინი ემუქრებოდნენ მას, რომ, თუკი მრევლი ავიდოდა და უკვე ნაკურთხი, მშენებარე ეკლესიის დაცვას დაიწყებდა, ისინი დაარბევდნენ და ეს ეკლესიას დაჰბრალდებოდა. მაგრამ ღვთის წყალობით აღმოჩნდა ისეთი სამღვდელოება, რომელიც ამ მუქარას არ შეუშინდა, მათი ნაწილი თბილისიდანაც ჩავიდა. ჩვენც მათთან ერთად თბილისიდან წავედით იქ. იქ იყო უამრავი ხალხი, ბათუმელები, რომლებმაც მათ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მისცეს.
– თუმცა ღამით მაინც მოხდა ეკლესიის დანგრევა...
– კი, ღამით დაანგრიეს, მაგრამ მანამდეც რომ უნდოდათ დანგრევა, ეს ინფორმაცია იყო. მანამდე ისინი ევაჭრებოდნენ, მუქარანარევი ვაჭრობა მიდიოდა იქაურ მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან და მშენებლობის შეჩერებას პატრიარქისგანაც ითხოვდნენ. როცა ნახეს, რომ არ შეჩერდა, პირდაპირ ბულდოზერი მიიყვანეს და დაანგრიეს. მაშინ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვისზეც ჯოხი გადატყდა, იყო ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი. ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. რამდენიმე დღეში გახსოვთ, რაც მოხდა, ხელვაჩაურის გამგეობა მთლიანად ჩამოინგრა, ყოველგვარი მიწისძვრის გარეშე და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ ნანგრევებში მოჰყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ ამ მშენებარე ეკლესიის დანგრევაზე.
ფერიის მთაზე მომხდარი დანაშაული არასდროს დამვიწყებია, ყოველთვის მოვითხოვდი დამნაშავეთა დასჯას. როცა მე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვითხოვდი ისეთი რეზონანსული საქმეების გამოძიებას, როგორიც იყო ყველა გახმაურებული მკვლელობა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, 7 ნოემბრის აქციის დარბევა, 26 მაისი და მათ შორის იყო ფერიის მთაზე ტაძრის დანგრევა. ეს ჩემთვის, პირადად, ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა გახლდათ. მაშინ ამ კომისიის შექმნის ინიციატივა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააგდო.
ეს არის საჯაროდ ჩადენილი დანაშაული და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ჩემი ჩარევის გარეშე დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას. როცა დანაშაული არის საჯარო, არავისი მიმართვა არ სჭირდება, პროკურატურა ვალდებულია, რომ საქმე აღძრას. შესაძლოა, უკვე აღძრულიც აქვს და თუ არ აქვს, გაგებით ვეკიდები, რადგანაც ძალიან ბევრი საქმეა გამოსაძიებელი. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ, ეროვნული ღირსების თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა და ამიტომ ცოტა კიდევ თუ დააგვიანდა, აუცილებლად შევახსენებ პროკურატურას ამ საქმეს.
ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის საკითხი ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაციის ანგარიშშიც მოხვდა.
Human Rights
25.05.2007
„ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დანგრევამ საზოგადოებაში მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ეკლესიის დანგრევამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის სახელის გამოყენებით, ბათუმ-ქობულეთის ეპისკოპოსის, დიმიტრის დარწმუნებას ცდილობდა, მშენებლობა შეეჩერებინა და ტერიტორია სახელმწიფოსთვის დაეთმო. პარალელურად ქობულეთში რამდენიმე რკინის ჯვრის დემონტაჟი განხორციელდა. მრევლი და ეკლესიის წარმომადგენლები ამ ფაქტებს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვამენ. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას. დანგრეული ეკლესიის ხელახალი მშენებლობა მეორე დღესვე დაიწყო. ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.
ფერიის მთით ხელისუფლება მოულოდნელად მაშინ დაინტერესდა, როდესაც ეკლესიის მშენებლობა თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის, ბადრი შავლიძის განცხადებით, მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა და დემონტაჟს ექვემდებარებოდა.
ბადრი შავლიძე: „ეს არის სტრატეგიული ადგილი. აქ კომუნისტების დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარები იყო განლაგებული. ეკლესიამ უნებართვოდ დაიწყო იქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ თავად გაუკეთონ დემონტაჟი იქ დაწყებულ ნაგებობას. არანაირი ეკლესია იქ არ არის. ორმეტრიანი კედელია. თუ თავად არ გააკეთებენ ამას, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამ მშენებლობის დემონტაჟი“.
`ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის მეორე დღეს შეკრებილი მრავალრიცხოვანი მრევლისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა თაოსნობით, მშენებლობა კვლავ განახლდა. ხელისუფლებას კი კანონი არათუ გადაავიწყდა, საერთოდაც მიიმალა. ეკლესიის მშენებლობა, ფინანსური სიძნელეების გამო, ნელი ტემპით მიმდინარეობს“. – წერდა 2007 წელს ორგანიზაცია Human Rights.