დილის 09:00-ის მონაცემებით, თბილისში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 46.27%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ერთიანი ნაცონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია - 27.69%-ით. ცესკოს ინფორმაციით, თბილისში დათვლილია ხმების 76.68% (559+4 უბანი). ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისში მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდება.
შეგახსენებთ, რომ GFK-ის ეგზიტპოლის მიხედვითაც, დავით ნარმანიას ხმა გამოკითხულთა 45.9%-მა მისცა, ნიკა მელიას 27.6%-მა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს 10.1%-მა, ხოლო ირმა ინაშვილს 6.3%-მა. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.
ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ქართული ოცნების შტაბში მმართველმა კოალიციამ გამარჯვებაც იზეიმა.