ჩვენი მერობის კანდიდატის პირადი წარმომადგენლის, ქალბატონი ხათუნა ნაკაიძის ოჯახში ავტომატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თოქ-შოუ „კვირის თემაში“ განაცხადა.
„მე მინდა სრულიად სკანდალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ ვიცი, უნდა გამეცინოს ამაზე, თუ რა რეაქცია მქონდეს. ვიდრე ეთერში შემოვიდოდი, რამდენიმე წუთით ადრე მომაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატის პირადი წარმომადგენლის, ქალბატონი ხათუნა ნაკაიძის ოჯახში ავტომატი აღმოაჩინეს. ნუ, ეს რა არის საერთოდ, მე, სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი. რა თქმა უნდა, შეშინებულმა ქალბატონმა, რომელსაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სისტემატიურად ურეკავდნენ, 26 მაისს ახსენებდნენ, მაშინვე დაურეკა ჩვენივე შტაბის წარმომადგენლებლებს, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, ჟურნალისტები, ახლა იქ არის დიდი ალიაქოთი, მაგრამ მე მაინტერესებს რა ხდება საერთოდ?! ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? მე არ გამიკვირდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლა თქვას, „რუსათავი2“-ის მოსმენისა არ იყოს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებულიაო და სიმართლე გითხრათ, არც ის გამიკვირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული იყოს“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.