"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიესალმება მთავარი პროკურატურის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სამართლიანობის აღდგენის კუთხით, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გიგი უგულავას დაპატიმრება გახლავთ.
"რაც არ უნდა შოუები დადგან ნაციონალებთან დაახლოებულმა ტელევიზიებმა, ისინი სამართლიანობის აღდგენის პროცესს ვერ შეაჩერებენ და ხალხსაც ქუჩაში ვერ გამოიყვანენ, რადგან მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავითარი მორატორიუმი დამნაშვეებთან და დანაშაულთან მიმართებაში არ არსებობს და კარგია, რომ ამ კუთხითაც ყველაფერი დასრულდა. ვიღაცას ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებიდან შეიძლება შეექმნას ილუზია, რომ საქმე გვაქვს ერთ მუშტად შეკრულ გუნდთან, ეს ერთის შეხედვით ჩანს ასე, თორემ რეალურად საქმე გვაქვს დაპატიმრებების შიშით შეპყრობილ ადამიანებთან, რომლებმაც კარგად იციან, რომ შემდგომში მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
უგულავას შემდეგ ბევრი მარჩიელობა არ სჭირდება იმას რომ საპატიმროებში ბოკერია, გაბაშვილი, ბარამიძე, ხაჩიძე და სხვა მაღალჩინოსნები აღმოჩნდებიან, ამიტომ ეს ხალხი ასე გამალებით იბრძვის იმისათვის, რათა მართლმსაჯულებამ მათთან კარგა ხანს არ მიაღწიოს.
როგორ უნდა შეაზიზღო ხალხს ასე თავი, რომ შენი დაჭერა ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცეს. სოციალურ ქსელებში უგულავას დაპატიმრებით ხალხში ისეთი აღტკინებაა, თითქოს ტერიტორიები დაგვებრუნებინოს.
რაც დათესა 9 წლის მანძილზე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ იმას ბოლომდე მოიმკის და ვინც ამაში წინააღმდეგობას გაწევს, თავადაც გადაყვება ამ წინააღმდეგობას, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ნაციონალი იქნება ეს თუ ხელისუფლების წარმომადგენელი", - აღნიშნავს მჟავანაძე.