Express News

გენერალი კობა კობალაძე "რუსთავი 2"-სგან ერთ მილიონ ლარს ითხოვს



თადარიგის გენერალმა კობა კობალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლა და მისგან მილიონი ლარი მოითხოვა იმ „ცილისწამებისთვის“, რომელიც, კობალაძის ადვოკატის განცხადებით,  მიმდინარე წლის 1 თებერვალს ტეეკომპანიის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გამოითქვა.
გენერლის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ Media.Ge-სთან საუბრის დროს  დააზუსტა, რომ „კურიერში“  გასული სადავო სიუჟეტი ე.წ მუხროვანის ამბოხს მიეძღვნა, სადაც ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორად კობა კობალაძეა მოხსენიებული. 
„მუხროვანის მოვლენიდან 4 წლის შემდეგ  „რუსთავი 2-მა“ გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც კობა კობალაძე ამბოხების მეთაურად არის მოხსენიებული. მაშინ, როცა ამ საქმეში იგი სასამართლომ გაამართლა,“ - თქვა პაქსაძემ, რომელმაც დასძინა, რომ მათ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს 13 მარტს  მიმართეს. ადვოკატმა განაცხადა, რომ გენერალი   „რუსთავი 2“-სგან ასევე მოითხოვს  ცილისწამების უარყოფას „კურიერის“ ეთერით.
„მოთხოვნილი თანხა შემაკავებელია და მისი ნაწილი საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პირების ოჯახის წევრების დახმარებას მოხმარდება“, თქვა ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ.
ე.წ. „მუხროვანის ამბოხი“ 2009 წლის 5 მაისს მოხდა. მაშინ ამ საქმეზე  კობა კობალაძეც დააკავეს. თუმცა, იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 11 იანვარს ამბოხის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რადგან, კობალაძეს 8-თვიანი პატიმრობის ვადა მოხდილი ჰქონდა, 2010 წლის 11 იანვარს ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
„კურიერში“ გასული სიუჟეტის გამო გენერალმა, მისი წარმომადგენლის სახით, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაშიც იჩივლა.  კობალაძის წარმომადგენელი სიუჟეტის ავტორებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის, დოკუმენტების გაყალბებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში. ქარტიამ  მიღებული განცხადება დასაშვებად ცნო, თუმცა, საქმე ჯერ არ განუხილავს.
Media.Ge ცდილობს დაუკავშირდეს „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს. გამოცემა მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT