"ციხეში ყოფილ ექთანს ტანსაცმლის გახდის შემდეგ სხეული ხელით შეუმოწმეს" - რა დარღვევებზე საუბრობს ნანუაშვილის უწყება
საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ შესაძლო განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებაზე მიმართვას აქვეყნებს და მტავრო პროკურატურას გამოძიების თხოვნით მიმართავს.როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას განხორციელებული საექიმო-სამედიცინო პუნქტის ყოფილი ექთნის ც.კ.-ს შემოწმება-დათვალიერებისას, მას გაახდევინეს ტანსაცმელი და შემდეგ ხელით შეუმოწმეს სხეული.
"საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ც.კ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, მოქალაქე ც.კ.-ს საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2013 წლის 13 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას განხორციელებული საექიმო-სამედიცინო პუნქტის ყოფილი ექთნის ც.კ.-ს შემოწმება-დათვალიერებისას, შესაძლოა დაარღვიეს ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ც.კ.-ს სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში შესვლისას არ მომხდარა მისი მხოლოდ გარეგნული შემოწმება - ტანსაცმელზე ხელის შეხებით ან სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით, არამედ მოხდა მისი ტანსაცმლის გახდის შემდეგ სხეულის ხელით შემოწმება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოწმება და ჩხრეკა - ორივე არის ისეთი შემზღუდველი ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. თუმცა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩარევის ინტენსივობითა და ხასიათით.
სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორს, საბადრაგო სამმართველოს ან/და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს მსგავსი უფლებამოსილება კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული",-ნათქვამია განცხადებაში