ირაკლი ალასანია - კოალიციის შიგნით ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ძალიან არაპარტიულია
კოალიციის შიგნით ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ძალიან არაპარტიულია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოალიციაში შესაძლო მოღალატეების არსებობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ”ცხრიანში” ალასანიამ განაცხადა, კოალიცია არის მართლაც მრავალპარტიული, ძალიან განსხვავებული ღირებულებების მატარებელი ადამიანებისგან შემდგარი, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ - საქართველო იყოს უკეთესი, დაცული და უსაფრთხო.
"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, როგორც კოალიციის ხელმძღვანელის და ლიდერის დამოკიდებულება, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ კოალიციის შიგნით არის ძალიან არაპარტიული, მას უნდა, რომ უხელმძღვანელოს ამ ყველაფერს არა პარტიული ნიშნით, არამედ კვალიფიკაციის და იმ გუნდის შეკვრის კუთხით, რომელსაც შეუძლია საქმის გაკეთება და ამ გზით აგრძელებს ის კოალიციის მართვას. აქედან გამომდინარე მე მართლაც მგონია, რომ საქმიანი ვითარება, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობაშია, გაგრძელდება და დასახულ ამოცანებს ძალიან დადებითად გადავწყვეტთ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.