Express News

ირაკლი ალასანია - ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დღესაც გრძელდება


ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. 
როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" "ცხრიანში” ალასანიამ აღნიშნა, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
"ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე ეს შეკითხვა არ დგას. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია", - განაცხადა ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს მიერ 2008 წლის ომის შესწავლის საკითხის კომენტირებისას.
მისი თქმით, ეს არის კვლევა და არა გამოძიება და ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ოპარატიულ და სამხედრო ტაქტიკურ საკითხებს, კერძოდ, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა, რადგან ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იყო დაშვებული.
მინისტრის განმარტებით, ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველოს თავდაცვითი დოქტრინა სწორედ ამ გამოცდილებაზე იყოს შედგენილი, რომ მომავალ ბრძოლებში საქართველომ იგივე შეცდომები არ დავუშვას.
რაც შეეხება კონკრეტული სამხედრო პირების ან სამხედრო პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხს, ირაკლი ალასანიას თქმით, ეს ამ კვლევის საგანი არ არის. მისი თქმით, კვლევა როგორც კი სრულად იქნება წარმოდგენილი, ის წარედგინება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინიტრს და უსაფრთხოების საბჭოს წევრებს, რათა ისინი გაეცნონ იმას, რაც აუცილებელია, რომ იცოდნენ.
საჯაროდ კი, თავდაცვის მინისტრის თქმით, კვლევის მხოლოდ ზოგადი ნაწილი იქნება გავრცელებული. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT