კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს.
“ასევე, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და მოსახლეობაში შუღლი გააღვივოს. ამის დასტური იყო გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია და შედეგად, აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომლის სხვა ჭრილში გადატანასა და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დგას და ამისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაწირვასაც არ ერიდებიან. „ქართული ოცნება“ ერთგულია არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევნის მშვიდ გარემოში გაკეთებას“, - განაცხადა გეგეჭკორმა. |