Express News

იუსტიციის სამინისტროდან მინისტრის უხასიათობის გამო კადრები გარბიან? – რაში ადანაშაულებენ თეა წულუკიანს


იუსტიციის სამინისტროში საკადრო ცვლილებების ბუმია. ბოლო ერთ თვეში უწყებიდან მესამე მაღალი თანამდებობის პირი წავიდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროს ლევან სამადაშვილისა და მისი მოადგილის, ნოდარ ყანჩაველის შემდეგ სამინისტროს დატოვების გადაწყვეტილება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ციხისთავმაც მიიღო.

რამდენიმე კვირაში სამი პირის მიერ მიღებულ იდენტურ გადაწყვეტილებას ერთი მიზეზით ხსნიან თავად სამინისტროში და როგორც სამადაშვილის და ყანჩაველის, ისე ციხისთავის შემთხვევაში ამტკიცებენ, რომ პოსტის დატოვება მათ "თავიანთი სურვილით" გადაწყვიტეს. "თავიანთი სურვილით" მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობენ თავად უწყებიდან წასულები – კერძოდ, სამადაშვილი და ციხისთავი "წასვლის მიზეზებთან" დაკავშირებით მედიას კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან ამისამართებენ. რაც შეეხება ნოდარ ყანჩაველს, ის უწყებიდან წასული სამი თანამდებობის პირიდან ერთადერთია, რომელმაც გადაწყვეტილების მიზეზები საჯარო გახადა და მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას დაეთანხმა იმის თაობაზე, რომ ყველა პირმა პოსტის დატოვება "საკუთარი სურვილით" გადაწყვიტა, ისიც არ დამალა, რომ ამ "საკუთარ სურვილს" წინ სერიოზული წინაპირობები უძღოდა "მინისტრ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურობის" სახით - ყანჩაველმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ სამინისტროდან კი არ წავიდა, გაიქცა....

"თეა წულუკიანი არის ძალიან არაკვალიფიციური თანამდებობის პირი. ვთვლი, რომ მისი მენეჯმენტით სამინისტროს ექმნება ძალიან დიდი პრობლემები. სამინისტროს მენეჯმენტში არის განსაკუთრებული პრობლემები იმ კუთხით, რომ მინისტრს არ აქვს არანაირი კოორდინაცია სხვა ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობის პირებთან. ფაქტობრივად, იგი შემოიფარგლება ძალიან ვიწრო წრით. არ აინტერესებს ზოგაგად რა ხდება სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებში", – განაცხადა ნოდარ ყანჩაველმა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მედიას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ყანჩაველი ერთადერთი არაა, რომელიც წულუკიანზე მინისტრისთვის შეუფერებელ განცხადებას აკეთებს. შიდაკულუარული ინფორმაციით, რომელიც სამინისტროს კედლებს სცდება, თეა წულუკიანის "ნაკლოვანებებსა" და "მასთან მუშაობის შეუძლებლობაზე" უკვე ბევრი ალაპარაკდა – ამ შემთხვევაში მინისტრს არა არაკვალიფიციურობას (როგორც ყანჩაველი), არამედ უხასიათობას და საუბრის ტონს 
ედავებიან... როგორც ამბობენ, წულუკიანი თანამშრომლებთან ურთიერთობაში იმდენად უხეშია, მისი ყვირილის ხმა კი იმდენად მაღალი, რომ უკვირთ, "სად იტევს მოკრძალებული ფიზიკური აღნაგობის მქონე ქალი ამხელა ტემბრს". უწყებაში მომუშავე ზოგიერთი პირი იმასაც არ მალავს, რომ მინისტრს ხელქვეითების დამცინავი და ცინიკური ტონით მოხსენიებაც "დიდ სიამოვნებას ანიჭებს" – ერთი სიტყვით, როგორც კულუარებში ამბობენ, უწყებიდან სამი თანამდებობის პირის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მინისტრთან ურთიერთობებში არსებული პრობლემები იყო და მათ მიბაძვას კიდევ არაერთი თანამშრომელი აპირებს.

წყარო http://www.ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT