სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ხულოს მუნიციპალიტეტში ამორტიზებული ავტომობილები აქვს. როგორც სასწრაფოზე მომუშავე ჯგუფი ამბობს, პრობლემები გამოძახებისას ხშირად ექმნებათ, გამოძახებაზე მიმავალი მანქანა არაერთხელ გაფუჭებულა და საკუთარი ძალებით შეუკეთებიათ კიდეც.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ხულოში ოთხი ბრიგადა ემსახურება - ორი დაბა ხულოში და თითო ჯგუფი სხალთასა და ხიხაძირის თემში. ავტომობილები ძველი და ამორტიზებულია. სხალთაში მომუშავე ავტომობილი მწყობრიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და სხალთის თემს ხიხაძირის თემში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ჯგუფი ემსახურება.
სასწრაფოს მძღოლი ლევან ბოლქვაძე ამბობს, რომ ავტომობილების სათადარიგო ნაწილები შეკეთებას აღარ ექვემდებარება, თუმცა ყოველდღე აკეთებენ, შეკეთების გარეშე კი გამოძახებაზე გასვლა შეუძლებელია.
„27 წელია მძღოლად ვმუშაობ, ასეთი ცუდი მდგომარეობა არასოდეს ყოფილა. მანქანები ყოველდღე გამოდის მწყობრიდან. ადრე ვერაფერს იტყოდი, კომპანია გვეუბნებოდა, თუ არ მოგწონთ წადით, სხვა იმუშავებსო, მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარება საქართველოს სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაექვემდებარა, ავტომობილებს დაგვპირდნენ, გვითხრეს, რომ მალე გადმოგვცემენ და ჩვენც მათი იმედი გვაქვს“ - ამბობს ლევან ბოლქვაძე.
არსებული მდგომარეობის მიუხედავად ხულოს სასწრაფო დახმარების უფროსი ირაკლი სურმანიძე კმაყოფილია და ამბობს, რომ გამოძახების დროს პრობლემები არ აქვთ.
„რა ვითარებაც არის, ყველამ იცის, მე-10 დღეა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, ამ ხნის განმავლობაში გამოძახებაზე შეფერხება არ გვქონია“ - ამბობს სამსახურის უფროსი.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მაღალი გამავლობის ორი ავტომობილი გასულ წელს 110 000 ლარად შეიძინა, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილი ავტომობილები გამგეობას სასწრაფო დახმარებისთვის არ გადაუცია. ერთი ავტომობილი დღემდე ხულოს გამგეობის ეზოში, ხოლო მეორე სოფელ ღორჯომში უფუნქციოდაა გაჩერებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ავტომობილების გადაცემის პროცესი სსიპ-ის ფორმირებამ დააყოვნა და ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ ორ ავტომობილს სასწრაფო დახმარებას ხულოში მომდევნო კვირაში გადასცემს.
„ჩვენ როგორც გვითხრეს, პირველი იანვრისთვის სასწრაფო დახმარება მუნიციპალურ ზედამხედველობას უნდა გადმოცემოდა, თუმცა ეს პოზიცია შეიცვალა და სსიპ-ად ჩამოყალიბდა, რის ფორმირებასაც ორი-სამი თვე დასჭირდა და ავტომობილების გადაცემის პროცესი ამან შეაფერხა. შეძენილი ავტომობილიდან ერთი ღორჯომის ბრიგადას გადაეცემა, მეორე კი, ხიხაძირში ამბულატორიის ექიმის დაქვემდებარებაში გადავა, ავტომობილებს მომავალ კვირას გადავცემთ“ - ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.
როგორც სსიპ „საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის„ დირექტორის მოადგილე ავთანდილ თალაგვაძე ამბობს, ცუდი მდგომარეობა არა მარტო ხულოში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა და დასძენს, რომ სასწრაფო დახმარების ავტოპარკს უახლოეს პერიოდში განაახლებენ.
„პირველ აპრილს გადმოვიდა სასწრაფოს დახმარება ჩვენს მმართველობაში. დაგეგმილი გვაქვს საქართველოს მასშტაბით განვაახლოთ ავტოპარკი. სამ-ოთხ თვეში მთლიანად შეიცვლება სასწრაფოს ავტომობილები“ - აცხადებს ავთანდილ თალაგვაძე.
ეკა ბარამიძე