პირველი ტრანსსექსუალი ელჩი გაეროში? - რაზე ოცნებობენ სქესშეცვლილი მამაკაცები
სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის მოდელი ტრანსსექსუალია, ანდროგენია და ა.შ. მსოფლიო შოუბიზნესში ბოლო დროს თითქოს მოთხოვნადიც გახდნენ ამგვარი არასტანდარტული ადამიანები - მაგალითად, მოდის სამყაროში, სადაც მანეკენებს რაც შეიძლება მეტ სიგამხდრეს და საკიდებად ქცევას სთხოვენ, მოსწონთ კიდეც მამაკაცური გარეგნობის გოგონები.
გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება ორმა მოვლენამ მიიპყრო. პირველი სამოდელო სამყაროს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ გრძელფეხება ეგზოტიკური გარეგნობის მოდელი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა პოდიუმებზე, სინამდვილეში მამაკაცი ყოფილა. როცა პოპულარობა მოიპოვა, ჯინა როსერომ გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის საკუთარი თავის შესახებ მოეთხრო.
ცნობილი ფაქტია, რომ ფილიპინებზე ყოველწლიურად იმართება ტრანსსექსუალების შოუ. სწორედ აზიის ამ კუთხეში გამუდმებით მატულობს პლასტიკური ოპერაციების რიცხვი, მათ შორის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებულიც. თუმცა სახელმწიფო ამ ტენდენციას ფეხს მთლად ვერ უწყობს - სქესშეცვლილებს უჭირთ ახალი სახელისა და პასპორტის მიღება, ამიტომ ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებში ეძებს გამოსავალს. ასე მოიქცა ჯინა როსეროც.
ამბობს, რომ ექვსი წლის იყო, როცა თავს გოგონად გრძნობდა, თხუთმეტისა კი ამაში დარწმუნდა და ოპერაციაც გაიკეთა.
მაშინვე დაირქვა ჯინა და ტრანსსექსუალების სილამაზის კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. თხუთმეტი წლისამ გვირგვინიც მიიღო ამ უჩვეულო კონკურსში. 17 წლისა კი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც საბოლოოდ კანონიერად გააფორმა თავისი სახელი და სქესი. მერე კი მოდელობა გადაწყვიტა, თუმცა არავისთვის უთქვამს თავისი წარსულის შესახებ. ნიუ-იორკში Next Model Management-თან გააფორმა კონტრაქტი და საკმაო წინადადებებიც მიიღო საცურაო კოსტიუმების ბრენდებისგან.
ათი წლის განმავლობაში არც აგენტებმა, არც დიზაინერებმა და მისმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ, რომ ჯინა ერთ დროს კაცი იყო.
30 წლის მოდელმა ერთ-ერთი ამერიკული ტელეშოუს ეთერში გაბედა აღიარება. როცა მისმა აგენტმა აღსარება მოისმინა, ჯერ გაოგნდა, მაგრამ მერე გამოაცხადა, რომ განაგრძობს მასთან მუ-შაობას. თუმცა როსერო ახლა უფრო მეტად პოლიტიკით არის დაკავებული და სქესშეცვლილი ადამიანების უფლებებს იცავს. ოცნებობს, გაეროში პირველი ტრანსსექსუალი ელჩი გახდეს.
მეორე შემთხვევაც ახლახან მოხდა. ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა იოსებ შიზანომ, რომელსაც მაყურებელი იტალიური სერიალებიდან იცნობდა, გადაწყვიტა, სქესი შეეცვალა. ამიერიდან ის ვიტორია შიზანოა.
ბარსელონის პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში მსახიობს 5 ოპერაცია გაუკეთეს, რომლებიც 10 საათს გაგრძელდა. ''ეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ტკივილი იქნება'', - ეს სიტყვები დაწერა ''ფეისბუქზე'' მსახიობმა, სანამ საოპერაციოში შევიდოდა.
ახლა, მას მერე, რაც უკვე ''სრულფასოვანი ქალია'', ვიტორია სასურველ მამაკაცთან ოჯახის შექმნაზე ოც ნებობს: ''მინდა შევხვდე სასურველ ადამიანს და თეთრ კაბაში შემოსილმა ვუთხრა ''კი''.
მოგვიანებით ვიტორია ერთ-ერთ ტელეგადაცემას ესტუმრა და იქ ისაუბრა საკუთარ თავზე. ''მივესალმები ჩემს თავს და იოსებს, რომელიც დღემდე ჩემშია. ახლა შემიძლია ვიყვირო ვიტორიას დაბადებაზე. ეს ყვირილი იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება. მე გადავწყვიტე ამის გასაჯაროება, რათა ყველა მიხვდეს, რომ მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: გული!''
ახალ ამპლუაში მსახიობმა ახალი შეთავაზებაც მიიღო - მას რენატო დე მარიას ფილმში გადაიღებენ.