როგორ იშორებს თეა წულუკიანი არასასურველ თანამშრომლებს?
გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე
საჯარო რეესტრის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თამარ შოთაძემ სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს მაღალჩინოსნები კანონდარღვევებში დაადანაშაულა. გარდა ამისა, სოციალური ქსელითვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამინისტროდან თეა წულუკიანის გამო თანამშრომლები მასობრივად გარბიან.
"ალიას" თამარ შოთაძე ესაუბრა:
- სოციალურ ქსელებში საპროტესტო წერილები გამოაქვეყნეთ იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. რას აპროტესტებთ კონკრეტულად?
- ჩემი პროტესტი სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან კანონის უხეში დარღვევის ფაქტებს უკავშირდება, რაც გახდა ჩემი საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლების საფუძველი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, როდესაც შრომის კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, ნამდვილად არ მეგონა, იუსტიციის სამინისტრო, სადაც მომზადდა ცვლილებების პროექტი, თავად თუ გახდებოდა ამ კანონმდებლობის დამრღვევი. მე გახლავართ მსხვერპლი იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მხრიდან კანონმდებლობის არცოდნის და არასწორად გამოყენების საფუძველზე დევნის, პრაქტიკულად, დღემდე გაურკვეველია სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენლისათვის რატომ არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ კანონი" და რატომ უნდა გათავისუფლდეს საჯარო რეესტრში დასაქმებული პირი მხოლოდ შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ არაერთი ტრენინგი, ისინი თავმჯდომარისა და კურატორი მინისტრის მოადგილის უკანონო დავალებით, არასწორად იყენებენ კანონს. საჯარო რეესტრში დაამკვიდრა პრაქტიკა, რომ ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის ნაცვლად, ვინაიდან მას არ გააჩნია სათანადო კომპეტენცია, სააგენტოს გადაწყვეტილებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება დელეგირებული აქვთ სააგენტოს სხვადასხვა თანამშრომლებს.
- კონკრეტულად ვის დებთ ბრალს თქვენს წინააღმდეგ უკანონო დევნაში?
- ჩემი დევნა ხორციელდებოდა, როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე მისი პირველი მოადგილის მხრიდან. მიწის კატეგორიის ცვლილების ბრძანების პროექტის მომზადების ეტაპზე მინისტრის ინიციატივით ამოღებული ვიყავი სამსახურებრივი მეილიდან, რათა ჩემი შენიშვნები და მოსაზრებები არ გამომეთქვა მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით. მოგვიანებით გამოიცა მინისტრის ბრძანება სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის ცვლილების წესთან დაკავშირებით, რომლის შესრულება სარეგისტრაციო კანონმდებლობასთან მისი შინაარსის შეუსაბამობის გამო, შეუძლებელი იყო. ჩემ მიმართ მინისტრის ასეთი დამოკიდებულება საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დაინტერესება პროფესიონალი კადრების აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმების მიმართულებით, მაშინ გაურკვეველია, რატომ დევნიდა თეა წულუკიანი პროფესიონალ კადრებს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან. ჩემი უკანონო სამსახურებრივი დევნით შეილახა ჩემი კანონიერი ინტერესი - შრომის უფლება, რის გამოც მომადგა მატერიალური და მორალური ზიანი. იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მთელ ქვეყანას ულოცავდა შრომის კოდექსის ცვლილებას და ჰპირდებოდა, რომ საქართველოში დასაქმებულების შრომითი უფლებები მომავალში აღარ დაირღვეოდა, მე გამათავისუფლეს.
- რას აპირებთ?
- მივმართე სასამართლოს, ასევე მივმართე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, განახორციელოს სამსახურებრივი მოკვლევა ჩემი უკანონოდ გათავისუფლების საკითხზე და მიეცეს შეფასება კანონდარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.
- სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან უდიერი დამოკიდებულების გამო თანამშრომლები სამსახურს მასობრივად ტოვებენ. ამაზე იცით რამე, მართლა ასეა?
- მინისტრის მხრიდან არა მარტო სამინისტროს, არამედ სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების თანამშრომლებზე უკანონო სამსახურებრივი დევნა ხორციელდება. წულუკიანი ერთი ხელით სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს ნასამართლევ პირებს, ამასთანავე, იმავე საფუძვლით დევნის მისთვის არასასურველ თანამშრომლებს და ათავისუფლებს სამსახურიდან. პირველად მისი მინისტრობის პერიოდში ვნახე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, რომ კანდიდატს მონაწილეობის მიღება შეეძლო, მიუხედავად ნასამართლობისა. ამით მინისტრი არღვევს `საჯარო სამსახურის შესახებ~ კანონის მე-17 მუხლს, თუმცა მისი დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელობის გამო მას ეს სულაც არ აინტერესებს. წულუკიანთან დაახლოებულ პირებს, რომელთაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მინისტრის ინიციატივით წახალისებული და დაწინაურებული არიან, ხოლო თუ თვალში ვინმე არ მოუვიდა, დევნის. მინისტრი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, არ მჯერა, რომ ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას. როგორ შეიძლება მინისტრმა და მისმა პირველმა მოადგილემ სასამართლო ხელისუფლების რეფორმა ჩაატარონ, მოსამართლეებს გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითონ, როდესაც მარტივი ტიპის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა არ შეუძლიათ უხარვეზოდ.
- თავად ხელმძღვანელობა რომ ათავისუფლებს, ეს გასაგებია. ის უფრო მაინტერესებს, ამ გაგანია უმუშევრობის ფონზე ხალხი რატომ გარბის უწყებიდან, რას შვრება ასეთს ეს წულუკიანი, რომ ხალხს უმუშევრობა ურჩევნია მასთან მუშაობას?
- ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე მართლაც არის სამინისტროში ასეთი ფაქტები, მაგრამ თანამშრომლების სამსახურიდან წასვლას იშვიათად უდევს ობიექტური საფუძველი. მე პირადად თავს შევიკავებ სხვა პირებზე საუბრისგან, თუმცა დავადასტურებ, რომ რამდენიმე წამყვანმა და ღირსეულმა თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა და ეს პროცესი, ჩემი ინფორმაციით, კვლავ გრძელდება. წულუკიანისთვის თანამშრომელთა კომპეტენციას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ მოსწონხარ ყველა საშუალებას იყენებს, მათ შორის უკანონოსაც, რომ სამსახური დატოვოს მისთვის მიუღებელმა კადრმა.
ბრალდებებზე კომენტარისთვის "ალია" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას შეეცადა. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარიამ სხილაძის ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ის მინისტრთან ერთად ყატარში იმყოფება. არ გვიპასუხეს არც სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ტელეფონზე (2 405 505). ამიტომ, თუ ბრალდებებზე პასუხის გაცემას მოისურვებენ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ.