Express News

როგორ დააგროვა ბანკის დეპოზიტებზე დეპუტატმა ნაული ჯანაშიამ 2 მილიონზე მეტი აშშ დოლარი



მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია 1947 წელსაა დაბადებული მარტვილში. ის ორი (მეშვიდე და მერვე) მოწვევის პარლამენტის წევრია. ამჟამად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარებშია“. უმაღლესი განათლება ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში მიიღო, კვალიფიკაციით სამთო ინჟინერ-ეკონომისტია, მისი სპეციალობა კი სამთო მრეწველობის ეკონომიკის ორგანიზებაა. ბ-ნი ჯანაშიას სამუშაო ბიოგრაფია ქალაქ შევჩენკოში იწყება 1965 წელს, სადაც მან 1967 წლამდე  სამთო სამრეწველო კომბინატის კავშირგაბმულობის ხელოსნად იმუშავა. 1967 წელს იმავე კომბინატის სამმართველოს დისპეტჩერად გადაიყვანეს 1971 წლამდე, სანამ ლენინგრადის სამთო სამრეწველო ინსტიტუტის სტუდენტი გახდებოდა. 1976 წელს სატრანსპორტო სამმართველოს ინჟინერ-ეკონომისტად დაინიშნა, თუმცა 1977-ში სამთო სამრეწველო კომბინატის გამოთვლითი ცენტრის განყოფილების უფროსად გადაიყვანეს.  1981 წელს გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილეც გახდა, 1986 წელს კი სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის უფროს ინჟინრად დაინიშნა. 1990-1993 წლებში სამეცნიერო განყოფილების დირექტორის მოადგილეც იყო. 1995 წლიდან 2008 წლამდე  ელექტრომოძრავ ქარხანაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში, გენდირექტორის მოადგილე კომერციულ დარგში, კომერციული დირექტორი.
ნაული ჯანაშიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ის არანაირ ქონებას არ ფლობდა, თუმცა ჰქონდა შთამბეჭდავი დანაზოგები. კერძოდ, იმხანად „ინვესტბანკში“ გახსნილ ორ დეპოზიტზე 445 600 აშშ დოლარსა და 115 830 ევროს ინახავდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 29 250 აშშ დოლარი და 5 544 ევრო ერიცხებოდა. „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბრებზე 783 500 აშშ დოლარი და 93 700 ევრო ჰქონდა შეტანილი. მოსკოვის სამი სხვადასხვა ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე კი 32 000 ევრო, 15 000 და 400 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. მისი წლიური სადეპუტატო შემოსავალი 2008 წელს 27 000 ლარი იყო. დეკლარაციის თანახმად, ნაული ჯანაშია 1996 წლიდან იყო ს/ს მოსკოვის ვაგონშემკეთებელი ქარხნის აქციონერი (8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ფლობდა) და ამ საქმიანობას მისთვის 12 წლის განმავლობაში მხოლოდ 50 000 ლარი მოუტანია.  ანაბრებზე განთავსებული თანხის პროცენტების სახით კი მისმა შემოსავალმა 2008 წლის განმავლობაში 190 000-ლარამდე შეადგინა. 
2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად დეპუტატი მიუთითებს ორ შვილს: 1980 წელს დაბადებულ ნადიას და 1981 წელს დაბადებულ მამიას. უძრავი ქონების ნაწილში ვკითხულობთ, რომ ნაული ჯანაშიას საკუთრებაა: მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (3 000 კვ.მ. ფართობი); მიწის ნაკვეთი მარტვილში (528 კვ. მ. ფართობი); ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (130 კვ. მ. ფართობი) და მიწის ნაკვეთი მარტვილში (15 500 კვ.მ. ფართობი). ასევე, იმხანად ჰყავდა მსუბუქი ავტომანქანა „ვოლვო“. რაც შეეხება მის საბანკო დანაზოგებს: „თი-ბი-სი ბანკში“ 120 000 ევროსა და 970 000 აშშ დოლარს ინახავდა, ხოლო „რესპუბლიკა ბანკში“ – 250 000 ევროს, ხელზე კი, დეკლარაციის შევსების დროს, სულ რაღაც, 10 000 ლარი ჰქონდა. 2009 წლის განმავლობაში ნაული ჯანაშიას სადეპუტატო შემოსავალს 46 401 ლარი შეუდგენია, ხოლო ანაბრებიდან კი 116 400 აშშ დოლარი და 41 900 ევრო მიუღია, ქველმოქმედებაზე 170 000 ლარი დაუხარჯავს, სარემონტო სამუშაოებზე – 35 000 ლარი.
2011 წელს შევსებულ დეკლარაციაში ნაული ჯანაშია ოჯახის წევრებად მიუთითებს: შვილებს – ნადიასა და მამიას, 1978 წელს კიშინიოვში დაბადებულ მეუღლეს – ლილიას და 2009 წელს, ასევე კიშინიოვში დაბადებულ ქალიშვილს – დიანას. რაც შეეხება დეპუტატის უძრავ ქონებას, ზემომოყვანილი ქონებისთვის მას დაუმატებია: ბინა ვაჟა-ფშაველაზე (151 კვ.მ. ფართობი) და საცხოვრებელი სახლი დიღმის საცდელ მეურნეობაში (300 კვ.მ. ფართობი). ასევე, ჰყავს ორი ავტომანქანა: „ვოლვო X90” და „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“. მისი ქალიშვილი ნადია ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დასაქმებულა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ და მის სახელფასო ანაზღაურებას 2010 წლის განმავლობაში 27 600 ლარი შეუდგენია, თავად ნაული ჯანაშიას სადეპუტატო წლიურ ხელფასს კი – 49 172 ლარი. დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი არც დეპუტატის დეპოზიტებზე და არც მათგან მიღებულ შემოსავლებსა თუ გასავლებზე.
2012 წლის დეკლარაციაში ნაული ჯანაშია ოჯახის წვრებად მიუთითებს მხოლოდ 1978 წელს დაბადებულ მეუღლესა და 2009 წელს დაბადებულ ქალიშვილს, უძრავი ქონების ნაწილში კი მხოლოდ – მიწის ნაკვეთს დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (3 000 კვ. მ.), მიწის ნაკვეთს მარტვილში (528 კვ. მ.) და ბინას ნუცუბიძის ქუჩაზე (130 კვ. მ.). ასევე, ავტომანქანა „ვოლვოს“ და ორ მოტოსატრასპორტო საშუალებას: 2010 წლის „ტოიოტას“ და 2007 წლის „მერსედეს-ბენცს“. „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტებზე კი 129 700 ევრო და 1 925 200 აშშ დოლარი აქვს განთავსებული. დეკლარაციაში არ არის მითითებული დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა ნათქვამია, რომ, როგორც პარლამენტის წევრმა, ნაული ჯანაშიამ 2011 წლის განმავლობაში 49 206 ლარი მიიღო.
2013 წელს, სულ ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ დეპუტატ ნაული ჯანაშიას 2012 წელს შეუძენია მიწის ნაკვეთი მოსკოვში (1 200 კვ. მ. ფართობის), ასევე, საცხოვრებელი სახლი იმავე მისამართზე (200 კვ. მ. ფართობის) და კიდევ ერთი, 71 კვ. მ. ფართობის ბინა, ავტომანქანა და მოტოსატრანსპორტო საშუალებები იგივე აქვს. „თი ბი სი ბანკშიც“ იმავე თანხებს ინახავს დეპოზიტებზე – 129 700 ევროსა და 1 925 200 აშშ დოლარს. ხოლო, როგორც დეპუტატმა, 2012 წლის განმავლობაში, წლიური ხელფასის სახით, 53 776 ლარი აიღო. დეკლარაციაში კვლავ არაფერია ნათქვამი მის მიერ დეპოზიტებიდან მიღებულ შემოსავალზე და არც რუსეთის ფედერაციაში ახალი უძრავი ქონების შეძენის წყაროზე.



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT