Media Ge
ტელეკომპანია TV3-მა საგამოძიებო გადაცემა „ახლო ხედით“ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ანონსი უკვე გასული, ხელმძღვანელობამ მისი საეთერო ბადიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი ამბობს, რომ არხის სამაუწყებლო ბადის ცვლილება იგეგმება, განახლებული ეთერით მარტის ბოლოდან გავლენ და გადაცემა „ახლო ხედით“ მაშინ დაუბრუდება ეთერს.
„საგამოძიებო გადაცემები იქნება და ახლაც არსებობს. დაემატება დილის გადაცემა, შუადღის გადაცემა. რამდენიმე ახალი გადაცემა და მაყურებელი განახლებული ბადის ფარგლებში იხილავს ამ გადაცემასაც“, - აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა და დასძინა, რომ გადაცემის კოლექტივი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ.
ამ ინფორმაციას ადასტურებს გადაცემის, „ახლო ხედით“ წამყვანი და ავტორი ლიკა შავგულიძე-ბასილაია. ის ამ ეტაპზე იკავებს პროდიუსერის თანამდებობას, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული თემების მომზადება ევალება. ლიკა შავგულიძე-ბასილაიას თქმით, გადაცემის შეჩერების მიზეზად მას ხელმძღვანელობამ ფინანსური პრობლემები დაუსახელა.
„მე როგორც მითხრეს, ვერ უზრუნველოყოფდნენ სამომავლოდ ამ გადაცემის დაფინანსებას. ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი ფინანანსებიო. გვეუბნებიან, რომ ეს გადაცემა აუცილებლად გავა, ოღონდ როდის, დეტალები არ ვიცი“, - უთხრა media.ge-ს ლიკა შავგულიძე-ბასიალაიამ.
აღსანიშნავია, რომ შემოქმედებით ჯგუფს მომდევნო 8 გადაცემა უკვე ჩაწერილი ჰქონდა და შესაბამისად, ფინანსებიც უკვე გახარჯული იყო. რეალურად TV3-ის საგამოძიებო გადაცემა „ახლო ხედით“ მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში კვირა დღეს გავიდა. როგორც გადაცემის ავტორი ამბობს, გადაცემის სამუშაო დღეებში, პრაიმ ტაიმში გადატანა იგეგმებოდა, შემდეგ მისი გაშვება საინფორმაციო გამოშვების რეორგანიზაციის გამო შეფერხდა, თუმცა შემოქმედებითი ჯგუფი საგამოძიებო ფილმებს ამზადებდა. ფილმი, რომელიც ამ კვირაში ეთერში უნდა გასულიყო, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეხებოდა.
უკავშირდებოდა თუ არა ფილმის შინაარს გამზადებული გადაცემის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს თავად გადაცემის ავტორს.
„არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ამ არხზე ვმუშაობ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რაც მითხრეს. თან გვეუბნებიან, რომ გავა გადაცემა ეთერში“, - აღნიშნა ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ.
გრიგოლ ბაიბურთის თქმით, გაჩერდა თამთა კორკელიას გადაცემა „სისტემა“ და ინგლისურენოვანი გადაცემა. ამ ეტაპზე TV3-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვების გარდა გადის ნათია მიქიშვილის გადაცემა „ანატომია“, აგრეთვე „საკონტროლო შესყიდვა“, Итоги, „ავტორბოლა“, „ეპოქა და ადამიანი“, „ნუცა გეპატიჟებათ“ და BUY MORE