არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა კავშირის“ ხელმძღვანელი ინგა ქარდავა, რომელიც ცოტა ხნის წინ ავტოავარიაში მოჰყვა აცხადებს, რომ უბედური შემთხვევა განგებ მოუწყვეს. ის კონკრეტულად არ ასახელებს თუ ვის სურდა მისთვის ზიანის მიყენება
ინგა ქარდავა ამდროისთვის სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობით ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„დღეს მე ვესწრებოდი სენაკში „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას და იქ დაპირისპირება მქონდა ზოგიერთებთან. მე დღეს იქ მითვალთვალებდნენ „სუსის“ თანამშრომლები. სენაკიდან ზუგდიდში წამოსვლა რომ დავაპირე, ტრანსპორტირება შემომთავაზა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზის თანამშრომელია. გზაში მივხვდი, რომ მან საავარიო სიტუაცია განგებ შექმნა და ზიანი მანქანას იქედან მიადგა, სადაც მე ვიჯექი. გუშინ ლალი ანთია იყო, დღეს მე ვარ“, - ამბობს ინგა ქარდავა.
მან გუშინ, 10 მარტს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერის, ლალი ანთიას დაკავება მის საქმიანობას უკავშირდება. ქარდავას განმარტებით, უახლოეს დღეებში ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აპირებენ ჩამოსვლას და ლალი ანთია მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას არც გუშინ დააკონკრეტა რა ინფორმაციას ფლობდა ლალი ანთია.
ინგა ქარდავას თმით, თუკი ანთიას დაკავებასთან დაკავშირებით არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, „ყველა საჭირო ინფორმაციას, მისი დაკავების რეალურ მიზეზს“ საზოგადოებისთვის ცნობილს გახდის.