„ფორ.გე“ რუსთავი-2-ის შიდა სიტუაციაზე წერილს აქვეყნებს „სააკაშვილთან გაბუნიას გაშვება შემთხვევითი არ ყოფილა. თუ გახსოვთ, ზამთარში ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, მესიტაში სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ტრასებზე ისრიალეთ, ოღონდ არ მოსრიალდეთო. როგორც ამბობენ, მაშინ ეს ნიკა გვარამიასაც არ მოსწონებია და გაბუნია დაუტუქსავს კიდეც, მაგრამ მან მიშას გარემოცვასთან იჩივლა და გვარამიასაც მოძალებული ამბიციები ჩააქრობინეს.
ახლა კი სიტუაცია ისეთია, გვარამია სად წავიედეს, აღარ იცის. მას აკრიტიკებს ყველა, ვისაც ეზარება და არ ეზარება. სააკაშვილი ბევრ უცნაურობას რომ იტყოდა, ადვილი წარმოსადგენი იყო, მაგრამ თუ იმას განაცხადებდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე ფულზე მევაჭრებოდაო, არავის ეგონა. ამ განცხადებამ შოკში არამარტო ჟვანიას ოჯახი ჩააგდო, არამედ ის მეგობრებიც, რომლებიც დღემდე სააკაშვილის ნავში უსვამენ ნიჩაბს და თავგამოდებით ამტკიცებენ იმას, რისიც საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა.
ჰოდა, ეს ჰიპერაქტიული და ენაწყლიანი კაცი, პატივცემული ნიკა გვარამია გაქრა. ის არც სოციალურ ქსელში ჩანს, არც სამსახურში, არც ტელეფონს პასუხობს და საერთოდ, იყო კაცი, აღარ არის კაცი. კაცი რა, ტელეკომპანიის შეფი. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი კითხულობენ რა? სად? როდის? მაგრამ რად გინდა, პასუხის გამცემი არავინ არის.
ჩვენი ინფორმაციით, გვარამიას ტყუილ-მართალითა თუ წვალება-ხელშეწყობით ნაშენები ტელეკომპანია თავზე ენგრევა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება “ფიფლმეტრების” განლაგებით და ტელევიზიების რეალური რეიტინგებით დაინტერესდა, ცხადი გახდა, რომ პატარა “მამაძაღლობას” აქვს ადგილი და ამ პატარა “მამაძაღლობით” ერთ-ერთი ტელეკომპანია რეკლამებიდან დიდ ფულს შაოულობდა. ახლა კი, ზედ წინასაარჩევნოდ, ნამდვილი რეიტინგების დადება შემოსავლის შემცირებას ნაშნავს. ნაცების ჯიბე არჩევნებისთვის კი იხსნება, მაგრამ რამდენად გაწვდება ერთი კეზერაშვილი აქეთ არჩევნებს და იქეთ იმიჯშელახულ ტელევიზიას, ძნელი სათქმელია. აქეთ კიდევ მელია (ესეც ნიკა) ითხოვს ფულს, თუ კანდიდატად დამასახელეთ, “დასტოინად” მაინც მაბრძოლეთო და... გაქრა გვარამია.
კულუარული ინფორმაციით, გვარამიას “რუსთავი-2”-ს დირექტორობა აღარ უნდა და ჩასაძირად განწირული ნავიდან გადახტომა სურს. არჩევნების წინ ასეთი ცვლილება კარგის მომტანი რომ არ იქნება, ყველაზე კარგად სწორედ ნაციონალებმა უწყიან, მაგრამ უკვე შეშინებული და მორალურად გატეხილი გვარამიაც რომ არ აწყობთ, ესეც ფაქტია. გამოჩნდება თუ გამოაჩენენ ნიკას, მალე გავიგებთ.
for.ge