Express News

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შესაძლოა თანამდებობა მომდევნო ორი თამაშის შემდეგ დატოვოს. 
როგორც ქეცბაიამ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ მომდევნო ორ თამაშში საქართველოს ნაკრები ვერ მიაღწევს წარმატებას და დაკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს, ის თანამდებობას დატოვებს. 
"მეც დავიღალე. 5 წელია ნაკრების მწვრთნელი ვარ და შესაძლოა, ვინმეს ყელშიც ამოვუვედი. ჩემს გზას ვნახავ. არ მინდა ჩემი ნერვები ბოლომდე ამას გადავაყოლო და არც ჯვარი მაქვს დაწერილი. მომდევნო ორი თამაშში ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ და შემდეგ დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას. აქამდეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ საქართველოს ნაკრებს არ ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის, მე დავტოვებ თანამდებობას. არითმეტიკულად დღევანდელი მარცხის შემდეგ გასვლის შანსი კვლავ არსებობს", - განაცხადა ქეცბაიამ.
მისივე თქმით, დღევანდელ მატჩში საქართველო წაგებას არ იმსახურებდა და ორივე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი ფრე იქნებოდა.
ქეცბაია ნაკრების მარცხს ფეხბურთელების მხრიდან ბოლო წუთებში კონცენტრაციის დაკარგვით ხსნის.
"კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების თამაშით. ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა როდესაც შეცდომას დაუშვებ, ასეთი გუნდი მას არ გაპატიებს. მთელი თამაში არ ითამაშეს ცუდად, თუმცა ფეხბურთი გრძელდება ბოლო წუთამდე და აუცილებელია, რომ კონცენტრაცია არ დაიკარგოს", - აღნიშნა ქეცბაიამ.
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარტინ ონილის განცხადებით კი, საქართველომ დღევანდელ თამაშში არ აჩვენა ის თამაში, რომელიც რეალურად შეუძლია.
"მნიშვნელოვანია, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და გავიმარჯვეთ. ვიცი, რომ საქართველოში რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა დღეს მათ საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ", - აღნიშნა ონილმა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო ირლანდიასთან 1:2 დამარცხდა. 

interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT