Express News

ყვითელ ავტობუსებს ელექტროავტობუსები ჩაანაცვლებს


ეს ყვითელი ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”

გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერიამ 2006 წლიდან დაიწყო ავტოპარკის განახლება, ავტობუსების დიდი ნაწილი ამ დროისთვის მოძველებულია, ზაფხულში მგზავრებს უკონდენციონერობა, ზამთარში კი სიცივე უქმნით დისკომფორტს.

ამ პრობლემებს ისიც ემატება, რომ არც მიკროავტობუსები და არც "ბოგდანის" ტიპის დიდი ზომის ავტობუსები არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები და გარემოს უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი სწორედ გაუმართავი ტრანსპორტია. ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო-ტრანსპორტით დედაქალაქის უზრუნველყოფაზე წინა ხელისუფლების პერიოდშიც აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.

უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თბილისში ელექტროავტობუსები გამოჩდნენ. ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ბრუნო ბალვანერასთან შეხვედრაზეც იმსჯელა.

ნარმანიამ ხაზი გაუსვა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და ადაპტირებული ტრანსპორტით ჩანაცვლების აუცილებლობას, რისთვისაც, მისი თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქს სჭირდება ახალი ხიდები და ესტაკადები, რაც ქალაქში არსებული საცობების პრობლემას მოაგვარებს.

ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის საკითხი საკრებულოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ შალვა ოგბაიძემაც განიხილა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ლაპარაკია ჰიბრიდულ ან გაზსა და დიზელის საწვავზე ერთდროულად მომუშავე ავტობუსების შეძენაზე. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ტენდერი გამოცხადდება:

" ეს ყვითელი ავტობუსები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დააკვირდით ამ ავტობუსების გამონაბოლქვს, მუხრუჭებს, მაშუქ ელემენტებს... არაფერი არ აქვთ წესრიგში და ნორმირებული. არადა, ტექნიკურ დათვალიერებას სისტემატურად გადიან. ამის მიუხედავად, მაინც გამოჰყავთ სამუშაოდ...", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში მიმდინარეობდა მსჯელობა ქალაქში დამატებითი ასი ახალი ევროპული სტანდარტის ე.წ. "მწვანე ავტობუსის" შემოყვანასთან დაკავშირებით. მაშინ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე გვპირდებოდა, რომ ავტობუსები აღჭურვილი უნდა ყოფილიყო კონდიცირების უახლესი სისტემით, ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ხოლო დიზელის მაგივრად ბუნებრივ საწვავს მოიხმარდა, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ჰაერის ნაკლებ დაბინძურებას, ისე ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს. მსგავსი ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში დღემდე არავის უნახავს.

bpn.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT