რუბრიკა "15 კითხვის" სტუმარია საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე:
- ქალბატონო ნინო, საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენ საკმაოდ მაღალი, - 11%-იანი შედეგი აჩვენეთ.რას ელოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან, როგორია თქვენი პროგნოზი?
- საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასე შევაფასებდი: ერთი მხრივ გეთანხმებით, როცა ორი მმართველი პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობაც" და „ქართული ოცნებაც" უზარმაზარი ფინანსური, სატელევიზიო და ადმინისტრაციული რესურსებით გვებრძოდა, ამ ფონზე 11%, რა თქმა უნდა კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არ იყო კარგი შედეგი იმიტომ, რომ ვიცით, რეალურად გაცილებით მეტი ხმა მოვიპოვეთ.
„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" რომ არ გარიგებულიყვნენ, მეორე ტური აუცილებლად გაიმართებოდა. არ ვამბობთ, რომ არჩევნებს მოვიგებდით, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ არც მარგველაშვილს მიუღია 62% და არც ბაქრაძეს 22%. ეს მანიპულირებული არჩევნები იყო, შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს ციფრები მისაღები ვერ იქნებოდა. ყველაზე ცუდი კი, ქვეყნის მომავლისთვის და არა პირადად ჩემთვის ის იყო, რომ ამ არჩევნებით „ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას და აღზევებას შეუწყო ხელი. დღეს ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობა" უკვე მორალს გვიკითხავს და საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ემზადება. გარწმუნებთ, ჩვენგან ხელის შეშლა რომ არ იყოს, „ქართული ოცნების" უუნარობის, უსუსურობისა და არაკომპეტენტურობის შემხედვარე, „ნაცმოძრაობა" ამას ნამდვილად მოახერხება.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მინდა გითხრათ, რომ თბილისში, აჭარაში, ასევე მთელ რიგ რაიონებში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ბუნებრივია არ ვამბობ, რომ საქართველოს ყველა რაიონში და რეგიონში პირველ ადგილზე გავალთ-მეთქი, მაგრამ არჩევნების მოგების შანსი ბევრგან გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში კვლავ „ნაცმოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარიგება და არჩევნებით მანიპულირება არ დადგება, სერიოზულ შედეგს დავაფიქსირებთ. ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ არჩევნებს კვლავ გააყალბებენ, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ გაჩუმებას ნამდვილად აღარ ვაპირებთ და ძალიან სერიოზულ პროტესტს გამოვხატავთ.
- თქვენი ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი საზოგადოებისადმი, სამართლიანობის რეალურიაღდგენაა. როგორ განახორციელებთ ამას მაშინ, როცა წინა ხელისუფლების დროინდელიპროკურორებისა და მოსამართლეების პრაქტიკულად სრული შემადგენლობა, კვლავაცთანამდებობებზე არიან?
- დიახ, სამართლიანობა ამიტომაც არ აღმდგარა. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანებმა სამართლის ძებნა თავად დაიწყეს, რასაც ისიც მოწმობს, რომ გახშირდა ადგილებზე დაპირისპირება, ასევე თავდასხმები პოლიტიკური ნიშნითა და მოტივაციით. ამ ხნის მანძილზე ადამიანები ითმენდნენ, რეალურ ცვლილებებს ელოდებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც არ შეცვლილა, სამართალი არ აღმდგარა და ბუნებრივია, დაგროვებულმა ემოციამ და ბოღმამ თანდათანობით თავი იჩინა. რომელ სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ?! სამართლიანობა აღდგა „ქართული ოცნების" ლიდერებისა და ხელმძღვანელების მიმართ, დანარჩენი საქართველოს მიმართ სამართლიანობა არ აღმდგარა და ვერც აღდგება.
სამწუხაროდ, იმ სიტყვებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბრამდე თქვა, მოსახლეობამ ყურადღება ნაკლებად მიაქცია, რადგან მაშინ მას ხბოს აღტაცებით მისჩერებოდა. გავიხსენოთ რას ამბობდა ივანიშვილი: მოვდივარ იმისათვის, რომ ქვეყანაში ტემპერატურა დავწიო, „ნაცმოძრაობა" ჩავანაცვლო და არა შევცვალოო, ასევე, მოვდივარ რათა „ნაცმოძრაობას" შანსი მივცეო. როგორც ხედავთ, ამ კაცს არაფერი მოუტყუებია, უბრალოდ, იმ პერიოდში აღტაცებული ადამიანები, ჩემგან განსხვავებით, მის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდნენ. როგორც ჩანს, ამოცანა იყო არა ის, რომ „ნაცმოძრაობა" საქართველოს პოლიტიკური სივრციდან და ხელისუფლებიდან მოეშორებინათ, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში ნინო ბურჯანაძე არ მოსულიყო. გარწმუნებთ, ხელისუფლებაში რომ მოვსულიყავი, დღეს „ნაცმოძრაობა" ასე ვერ იბოგინებდა, სამართლიანობა რეალურად აღდგებოდა და ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამნაშავენი არიან, პასუხს აგებდნენ.
- ქალბატონო ნინო, როდესაც „ქართული ოცნება" პოლიტიკაში გამოჩნდა, 2012 წლის საპარლამენტოარჩევნებში თქვენ მონაწილეობა იმ მოტივით არ მიიღეთ, რომ ოპოზიციისთვის ხმები არ გაგეყოთ.დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს ნაბიჯი?
- ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად სწორი იყო, რადგან ჩვენი ამოცანა ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოსვლა ან პარლამენტში მაღალი პრემიების დარიგება არ ყოფილა. ჩვენი ამოცანა „ნაცმოძრაობის" უსისხლოდ და რეალურად შეცვლა იყო. ამ მიზნით ჩვენი ქცევა აბსოლუტურად სწორი იყო. ჩვენი ამოცანა „რესპუბლიკელების", ალასანიას ან სხვათა პარტიის მსგავსად, ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოსვლა რომ ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში 26 მაისიც აღარ მოხდებოდა და არც საპროტესტო გამოსვლებს მოვაწყობდით. ჩვენი მიზანი მახინჯი „ნაცმოძრაობის" ქვეყნისთვის ჩამოშორება იყო. ამიტომ, ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად სწორად გადავდგით. ჩვენ ვიყავით და ვართ თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, რომელიც წინ ყოველთვის ქვეყნის, ერის და არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აყენებს. თუ ამას ადამიანების დიდი ნაწილი არ დაინახავს ან შეგნებულად თვალს დახუჭავს, მაშინ ქვეყანა მუდმივად ჩაკეტილ წრეზე იტრიალებს, რაშიც უკვე 20 წელია ვართ.
- ხელისუფლება აცხადებდა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე კოჰაბიტაციაცდასრულდებოდა. თუმცა შემდეგ სააკაშვილი ლექციების წასაკითხად ამერიკაში წავიდა. როგორფიქრობთ,ხომ არ მისცეს სააკაშვილს საშუალება ქვეყანა დაეტოვებინა და მხოლოდ შემდეგდაიბარეს დაკითხვაზე?
- ამ ფორმით ბრალის წაყენება, ანდა სკაიპით დაკითხვა, უბრალოდ სამარცხვინოა. ვის სჭირდება ეს ცირკი?! რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს ბანანის რესპუბლიკაზე უარესია. ამის ერთ-ერთი ნიმუში სწორედ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება იყო. რეალურად კი, მისთვის ბრალის წაყენება არავის უნდა. როგორც ჩანს, საკუთარი შემოსავლები და პრემიები მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ მოსახლეობა არ გამოფხიზლდა, სახლში დარჩა და არჩევნებზე არ იაქტიურა, მათ ხმებს ავტომატურად „ნაცმოძრაობა" ან „ქართული ოცნება" წაიღებს. თუ ასე მოხდა, გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი თავის „ნაცმოძრაობასთან" ერთად, ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება. „ნაცმოძრაობა" ამაზე უკვე კბილებს ილესავს. რამდენად სამარცხვინოც არ უნდა იყოს, გაჩნდა ხალხის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" „ნაცმოძრაობა" სჯობს. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ „ქართული ოცნების" უსუსურობის ასაღწერად სიტყვები არ მყოფნის. ძნელი წარმოსადგენი იყო წელიწადნახევარში ის მოგეხერხებინა, რაც „ქართულმა ოცნებამ" თავისი უბადრუკობით შეძლო. რაც მთავარია, ამ ფონზე, ყველაზე საშინელება, ეკრანებზე მათი თვითკმაყოფილი და თვითდაჯერებული სახეების დანახვაა. სჯობს ნაკლებად გაიბღინძონ და ნაკლებად თვითდაჯერებულნი იყვნენ იმიტომ, რომ ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რომ კმაყოფილებას მიეცნენ. თუ ასე გააგრძელეს, მათ „ნაცმოძრაობა" ძვლებიანად ისე შეჭამს, რომ შეიძლება აზრზეც ვერ მოვიდნენ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოთ, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალაა. თუ საზოგადოება გონს მოეგება, იაქტიურებს და #3-ს შემოხაზავს, სცენარს, რომელიც საქართველოს კარგს არაფერს უქადის, თავიდან ავიცილებთ.
-რა მიგაჩნიათ ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდ წარმატებად და წარუმატებლობად?
- წარმატებად ხელისუფლებაში მოსვლას მივიჩნევ. სხვა წარმატებას, პირდაპირ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ. წარუმატებლობად კი შემიძლია ბევრი რამ ჩამოგითვალოთ: ხელისუფლებამ, რომელმაც პოლიტპატიმრები ციხიდან გამოუშვა და სტატუსიც მიანიჭა, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მათთვის წართმეული ქონება დაებრუნებინა, ნასამართლეობა მოეხსნა და ციხიდან გამოშვებული ადამიანები არ გაენაწყენებინა. ამაზე მეტი სისუსტე და უუნარობა რაღა უნდა იყოს. ისინი ფულს და სხვა რაიმე ფუფუნებას კი არა, არამედ იმ ადამიანებისგან, ვინც ისინი ციხეში ჩასვა, თუნდაც ელემენტარულად ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ მათ საქმეს ხელახლა ისევ ის პროკურორები იხილავენ, ვინც ისინი ციხეში ჩასვა. ამის მერე რომელ წარმატებაზე ვლაპარაკობთ?! „ქართული ოცნების" იმ წარმატებებზე კი, რაც საკუთარ თავს გაუკეთა, ბევრი შემიძლია გითხრათ. 83 ათას ლარიანი პრემიის ოფიციალურად დანიშვნა „ნაცმოძრაობასაც" კი არ გაუბედია. ეს თავხედობა და საზოგადოების აბსოლუტური უპატივცემულობაა. იმედი მაქვს, რომ ამაზე საზოგადოება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
- რამდენიმე თვის წინ განაცხადეთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებდითბრძოლას. როდის დააყენებს ამ საკითხს თქვენი პარტია ოფიციალურად?
-მოთხოვნა ოფიციალურად გვაქვს დაყენებული. ეს თავად ხალხმა უნდა მოითხოვოს. გარწმუნებთ, იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ, რომ ადამიანები სახლში არ დარჩნენ, პოზიცია აქტიურად გამოხატონ და თუ ხელისშეშლის მიუხედავად, არჩევნებზე იმ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ, რაც რეალურად გვაქვს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც მოვიპოვებთ. მაგრამ, თუ ადამიანებმა იფიქრეს მაინც არაფერი შეიცვლებაო და სახლში დარჩნენ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ხმებს გადაინაწილებენ. „ნაცმოძრაობა" პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს და რა თქმა უნდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და მიღწევა ურთულესი იქნება. ამიტომ, როცა ადამიანები სახლში რჩებიან და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამით „ნაცმოძრაობას" კიდევ უფრო აძლიერებენ და აცოცხლებენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შანსი კი ნულამდე დაჰყავთ და რეალურად, ქვეყანას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებენ. მერე ამას სხვას ნუ დააბრალებენ და მათ შორის ნურც პოლიტიკოსებს. ხშირად მესმის - ყველაფერი პოლიტიკოსების გამო გვჭირსო. ბევრი რამ პოლიტიკოსების გამოც გვჭირს, მაგრამ ასევე, იმის გამოც, რომ ხშირად ხან უიმედობას ვეძლევით, ხან ემოციით ვიღებთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ბოლო პერიოდში მოდაში მილიარდერის ხათრით გადაწყვეტილების მიღება შემოვიდა. ამიტომ ყველაფერი გავაანალიზოთ. ქართველ ხალხს აქვს იმის გონიერებაც, ნიჭიც, ინტელექტიც და უნარიც, რომ ნაკლებად ემოციური იყოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
- წეღან „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალების" გარიგება ახსენეთ. რას მოიმოქმედებთ იმშემთხვევაში, თუ ეს არჩევნების შედეგზეც აისახება. თქვით, რომ პროტესტს გამოხატავთ, რაფორმით მოხდება ეს?
- როგორ დავიცავთ ხმებს, ამას „ქართულ ოცნებას" მაშინ ვაჩვენებთ, თუ იგივეს გააკეთებს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა. წინასწარ ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ვაფრთხილებ, გონს მოეგონ იმიტომ, რომ ის უმსგავსობა, რაც ახლა წალკაში გააკეთეს, როდესაც ჩვენს კანდიდატს „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ფიზიკურად შეეხო, - არ შერჩებათ. ამ ფაქტის გამო „ქართული ოცნება" ისე არ შეწუხებულა, როგორც „ნაცმოძრაობის" ცემა-ტყეპაზე წუხდება და არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ამის გამო ვინმე. ასევე დმანისში და ნინოწმინდაში ჩადენილ უმსგავსობებზეც ადეკვატური რეაგირება იქნება, რაც „ქართულ ოცნებას" მძიმედ შემოუბრუნდება.
- ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე, სასჯელის სახით 4,5 წელი მიუსაჯეს. ხელისუფლება ამბობს,რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- რა თქმა უნდა არა. გამოძიება არ დასრულებულა. რომელი ეპიზოდია გამოძიებული? ვანო მერაბიშვილის გარდა, დასასჯელი არავინაა? „ქართულმა ოცნებამ" და „ნაცმოძრაობამაც" ჯოხი მერაბიშვილზე გადატეხეს. მათ მერაბიშვილი გაწირეს. მერაბიშვილის ადვოკატი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ის ამ ყველაფერს სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვათა გარეშე რომ ვერ გაბედავდა, ეს ყველამ კარგად ვიცით. სამარცხვინოა, რომ 26 მაისის მოვლენები დღემდე გამოძიებული არაა, მაგრამ ეს არ მიკვირს. იმიტომ, რომ ვინც ახლა ხელისუფლებაშია 26 მაისი არცერთ მათგანს არ შეხებია და არც ტკენია, პირიქით, ტელევიზორებთან ისხდნენ, ზოგნიც აქციაზე მოვიდნენ და ნიშნის მოგებით იყვნენ დაკავებულნი. ეს ადამიანები დღეს ქართულ პოლიტიკას განსაზღვრავენ. ამიტომ, მათთვის 26 მაისი არაფერია. ბევრ მათგანს, რაც მოხდა უხაროდა კიდეც იმიტომ, რომ სააკაშვილზე ნაკლებად როდი უნდოდათ ნინო ბურჯანაძის დასამარება და პოლიტიკური არენიდან გაქრობა. ასე, რომ მათთვის 26 მაისი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ეს ის ხალხია, ვინც უხარისხო ქართველები გვეძახა, ეს ის ხალხია, ვინც 26 მაისს ჩვენ დაგვადანაშაულა და სააკაშვილი გაამართლა. ასე, რომ რატომ გიკვირთ თუ არაფერი გამოძიებულა. მათ 7 ნოემბერიც კი არ გამოიძიეს მიუხედავად იმისა, რომ ამას მუდმივად მაყვედრიდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მერეც. მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, ხელი მოვაწერე პარლამენტის ვალდებულებას, რათა 7 ნოემბრის მოვლენები გამოეძიებინათ. რატომ არ გამოიძიეს? კარგით, გასაგებია წინა პარლამენტმა რატომაც არ გამოიძია. მაგრამ ჩემი ხელმოწერა, როგორც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ყველა შემდგომ პარლამენტს ამ საქმის გამოძიებას ავალდებულებს. თუ მართლა გული შესტკივათ, რატომ არ გამოიძია ეს საქმე წელიწადი და რვა თვის მანძილზე დღევანდელმა პარლამენტმა?!
- თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამართლიანობის რეალურად აღდგენის პროცესირევანშისტულ სახეს ხომ არ მიიღებს ან ხომ არ გამოიწვევს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულიძველი კადრების მასიურ გათავისუფლებას?
- ვინც გასათავისუფლებელია, უნდა გათავისუფლდეს. „ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ 200 პოლიტპატიმარი გვყავდა. ეს ხალხი მე და თქვენ ჩავსვით ციხეში? ვიღაცამ ეს საქმე ხომ გამოიძია, ვიღაცამ ხომ მიუსაჯა? მოდით ლოგიკურად გავაანალიზოთ: ან ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან და ციხეში უნდა მჯდარიყვნენ და ასეთ შემთხვევაში აქვე ჩნდება კითხვა, მაშ რატომ გამოუშვა ისინი „ქართულმა ოცნებამ", ან, თუ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან და ეს ასეცაა, მაშინ ის ხალხი უნდა დაისაჯოს, ვინც ისინი ციხეში უკანონოდ ჩასვა. ლოგიკა და სამართალი ხომ ესაა? რა შუაშია რევანში? ჩვენ უცხოელმა მეგობრებმა და პოლიტიკოსების იმ ნაწილმაც დაგვაკომპლექსა, რომლებიც უცხოეთის მონები არიან. რა მნიშვნელობა აქვს ვისი მონა იქნები - ამერიკის, ევროპის თუ რუსეთის? მონა მონაა. მხოლოდ შენი სამშობლოს და მშობელი ერის მონა შეიძლება იყო. რას ნიშნავს რევანში? რამდენიმე კვირის წინ, უნგრეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, 91 წლის ასაკში, 1956 წელს უნგრეთში დაღუპული ადამიანების და მიტინგის დარბევის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ ესეც რევანში ყოფილა. დღემდე მთელს მსოფლიოში გერმანელ ნაცისტებს რომ დასდევენ, ესეც რევანშია? როცა ევროპელებს და ამერიკელებს ცუდად ექცევიან უნდა დავგმოთ და ქართველებს ცოცხებით რომ უსწორდებიან არაუშავს ხომ? მაგრამ ჩვენი ბრალია, რომ სხვას ვაბედინებთ მოვიდეს და ჭკუა გვასწავლოს. საერთოდ, „ნაცმოძრაობის" დაცვა ვერასოდეს უნდა გაებედათ. მაგრამ „ნაცმოძრაობას" დღევანდელი ხელისუფლების ნახევარი და სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილიც გადაეფარა, რომელიც ქართველმა ხალხმა მესიად ჩათვალა. ამიტომ, მესიების ძებნას ერმა ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დაანებოს. მხოლოდ ასე თუ გვეშველება.
- აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი რგოლი ან რგოლები მიგაჩნიათ ყველაზე სუსტად და რამიზეზით?
- უკაცრავად ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რომელი მიგაჩნიათ მყარ და ძლიერ რგოლად? შემიძლია ორი-სამი პიროვნება გითხრათ, ვინც ადამიანურად მომწონს და დამთავრდა! აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ დამისახელებთ ვერცერთ კომპეტენტურ ადამიანს. ისინი გაუბედავნი, უსუსურნი, არაკომპეტენტურნი და პლუს ურცხვები არიან, რომელთაც აბსოლუტურად არაფრისთვის, ასიათასობით პრემიები ჩაიდეს ჯიბეში. „ქართულ ოცნებას" თაობების წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ გააცოცხლა "ნაცმოძრაობა". სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თავისი ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს.
-ქალბატონო ნინო, თქვენ მხარს უჭერთ „ნაცმოძრაობის", როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვასდა ტერმინი „დენაციფიკაციაც" კი დაამკვიდრეთ. როგორ გესახებათ ამის გაკეთება მაშინ, როცასაქართველოს კანონმდებლობა მსგავს ქმედებას არ ითვალისწინებს?
- ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. არც გერმანიის კანონმდებლობაში იყო ნაცისტური პარტიის აკრძალვის მუხლი, მაგრამ როცა ობიექტური გამოძიება ჩატარდა და არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ნაცისტებს გადაეფარებოდა, გერმანია ფეხზე დადგა. ნაცისტური პარტიის წევრები ყველა კი არ ატყავებდა და აწამებდა ადამიანებს, იქაც იყვნენ წესიერი ადამიანები, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცოდა, თუ რამდენი ბოროტება ხდებოდა, მაგრამ ბოდიში ყველა მათგანმა მოიხადა.
„ნაცმოძრაობასა" და ფაშისტებს შორის პირდაპირ ტოლობის ნიშანს არ დავსვამ, თუმცა 21-ე საუკუნისთვის, ბევრად უკეთესად ნამდვილად არ გამოიყურებიან. რომელიმე „ნაციონალმა" მოიხადა ბოდიში? ეს სწორედ „ქართული ოცნების" დამსახურებაა.
-გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი პარტიისა და „სახალხო კრების" იმ წევრებს, რომლებიცპოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებულნი, ციხეში ფინანსურად ეხმარებოდით. რამდენადშეესაბამება ეს სინამდვილეს?
- მოდით ასე ვთქვათ: ამას ფინანსურ დახმარებას არ დავარქმევდი. უბრალოდ ამ ადამიანებს, რაც შეგვეძლო, ყველანაირად გვერდით ვედექით. ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ვერავინ თქვა, რომ 26 მაისს ან შემდგომ, ვინმე ფულის გამო იყო იქ მოსული. ეს ადამიანები დაინტერესებულნი იყვნენ არა ფინანსებით, არამედ ქვეყნის მომავლით. უბრალოდ, თუ დახმარებაში იმას გულისხმობთ, რომ ჩვენ ვიზრუნეთ რათა ამ ადამიანებს ადვოკატები ჰყოლოდათ ან მათთვის სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, რა თქმა უნდა, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით, მათ დასახმარებლად უკან ერთი წამითაც არ დაგვიხევია და უზარმაზარი რესურსები ჩავრთეთ, მათ შორის ადამიანური. მადლობელი ვარ, რომ ამ ადამიანებმა ეს დაინახეს. დიდი გულისტკივილით შემიძლია გითხრათ: არ გამოჩნდა არცერთი ადამიანი, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებიდანაც, ასევე, არცერთი ბიზნესმენი, რომელიც იტყოდა იქნებ რომელიმე დაზარალებულს დავეხმაროთო. თუნდაც დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ჩვენს სისხლზე, ტანჯვასა და წვალებაზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, არ უფიქრიათ თუნდაც საავადმყოფოში მისულიყვნენ ან სასამართლო პროცესებში ჩარეულიყვნენ და ელემენტარულად, დაჩაგრული ადამიანების გვერდით დამდგარიყვნენ. ჩემს ჯინაზე, რათა ეს პოზიტივად არ ჩამთვლოდა, ამ ადამიანებს ყველა განუდგა, რაც ძალიან სამწუხაროა.
- 2008 წლის აგვისტოს ომზეც მინდა გკითხოთ. თქვენი ოჯახის წევრები, შვილი და მეუღლე მაშინ იქიყვნენ. არაერთხელ გითქვამთ, რომ სააკაშვილი გააფრთხილეთ, პროვოკაციას არ წამოგებოდა. ანუ,თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებსაც ბევრი ინფორმაცია გაქვთ თუ რა ხდებოდა კონკრეტულად ომისადა ასევე მის წინა პერიოდში, მითუმეტეს, რომ თქვენი მეუღლე მაშინ სასაზღვრო ძალებსხელმძღვანელობდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არაა დღეს აქტუალური ამ ომის გამოძიება?
- ისევ იმის გამო, რატომაც ეს უაზრო კოაბიტაცია ხდება. ეს საქმე რომ გამოიძიონ, მაშინ სააკაშვილი და მისი გარემოცვა უნდა დაისაჯოს და „ნაცმოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს. მას აწყობს „ნაცმოძრაობა" ოპოზიციად იმიტომ, რომ ჰგონია მას ყოველთვის მოერევა, რაშიც ძალიან ცდება.
- ბოლოსკენ, შედარებით მსუბუქ თემაზე გადავინაცვლოთ: თქვენ ორი ვაჟის დედა ხართ. როგორწარმოგიდგენიათ თავი დედამთილის ან ბებიის ამპლუაში და ხომ არ ემზადებით ახლო მომავალშიამ ამპლუისთვის?
- რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ჰორიზონტზე ამ ტიპის სიახლე ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა ვფიქრობ, განსაკუთრებით უფროსი შვილისთვის, ოჯახზე ფიქრი დროულიცაა. ამაში პირადად ვერ ჩავერევი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისთვის თვითონ იყოს მზად, თანაც ეს ის ადამიანი უნდა იყოს, ვინც გიყვარს და ვისთანაც სიცოცხლის ბოლომდე იქნები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ბებია ვიქნები. მგონია, არც დედამთილი ვიქნები ცუდი. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ვღელავ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩემი შვილები და მათი მეგობრები ამბობენ, ხასიათით ძალიან პროგრესული და ამყოლი ვარ, ბევრი რამის გაგებაც შემიძლია, მათ შორის ახალგაზრდული შეცდომებისაც, ბევრ ქცევას, რასაც დღევანდელ ახალგაზრდა გოგონებში ვხედავ, ნამდვილად ვერ მივიღებ და მოვიწონებ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები ისეთ გოგონებს შეარჩევენ, რომლებიც უბრალოდ კარგი დედის გაზრდილები იქნებიან. ერთადერთი ეს მოთხოვნა მაქვს. მთავარია ნორმალურ ტრადიციებზე და ფასეულობებზე აღზრდილი ადამიანი იყოს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასეთს შეარჩევენ, კარგი დედამთილი ვიქნები, თუ არა და მათ საქმეში მაინც არ ჩავერევი.
- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ ჩვენს რუბრიკას და რას ეტყვით მკითხველს?
-დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის. მინდა, მკითხველს ბოდიში მოვუხადო, თუ ჩემი საუბარი ზედმეტად ემოციური იყო, მაგრამ ნამდვილად გულწრფელი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა სწორი გზით არ მიდის. ვხედავ იმასაც, რომ მოსახლეობას შეუძლია არჩევნებზე მივიდეს და ამ გააზრებული ერთი ნაბიჯით ის არჩევანი გააკეთოს, რაც ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებს. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და სამივე ბიულეტინში #3 შემოხაზონ. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ, ჟურნალისტებმა, მოსახლეობას აუხსნათ, რომ არჩევნებზე სამი ბიულეტენი იქნება, სამივე თანაბარი ძალის და ის უნდა შემოხაზონ, ვინც მათ მოსწონთ. იმედი მაქვს, ეს #3 იქნება.
(წყარო : www.newspress.ge, ესაუბრა თათული ლორთქიფანიძე)