მას შემდეგ, რაც გარკვეული მედიკამენტების გაცემა რეცეპტის გარეშე შეიზღუდა, არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში გამოძახებების რიცხვმა იმატა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტავენ, რომ პაციენტები შაბათ-კვირას პოლიკლინიკებში ექიმების კონსულტაციას ვერ იღებენ, შესაბამისად, ინფორმაციის მისაღებად სასწრაფოს უკავშირდებიან.
ინსულინი, ადრენალინი, დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, დიმედროლი-გადაუდებელი შემთხვევებისას ეს და კიდევ 17 დასახელების მედიკამენტი პაციენტებისთვის პირადი მონაცემების დატოვების შემთხვევაში ერთჯერადად გაიცემა. ფარმაცევტები თავად განსაზღვრავენ, ჭირდება თუ არა გადაუდებელი დახმარების მედიკამენტი ამათუიმ პაციენტს.
რეცეპტების გამოწერის პროცესს მონიტორინგს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პოლიკლინიკაში უწევს. როგორც უწყების ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, მედიკამენტების გაცემის წესთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება გრძელდება.
პირველი სექტემბრიდან, რეცეპტით გაიცემა პირველი და მეორე ჯგუფის 6 000 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მათ შორის - ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები და წნევის დამწევი საშუალებები.