თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სამხედრო დოქტრინის შეცვლის შესახებ დაგეგმილი გადაწყვეტილება დამაფიქრებელია.
მინისტრის განცხადებით, “რუსეთმა არა ერთხელ გადახედა სამხედრო დოქტრინას, განსაკუთრებით 2008 წელს, როდესაც აგრესიული ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ”.
“ჩვენც შევისწავლეთ ის შეცდომები, ხარვეზები, რაც ქართული მხარის მიერ ომის წარმოებისას იყო დაშვებული. ეს არის უკვე გამოსწორების გზაზე დაყენებული. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველომ გამოიტანა ის გაკვეთილები, რაც ამ ომიდან და წინააღმდეგობიდან მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენც უკეთ ვემზადებით თავდაცვისთვის იმ შემთხვევაში, თუ ესკალაცია მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნატო-ს გადაწყვეტილებები და ეს სამიტი საქართველოს უფრო დაცულს გახდის. რაც შეეხება ჩვენ მოწინააღმდეგეებს, ამ შემთხვევაში სხვა სახელს ვერ დავარქმევთ რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მინდა, ვთქვა, რომ მუდმივ მზადყოფნაშია საქართველოს შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დიპლომატიური კუთხით რომ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი დაპირისპირება და საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამას აკეთებს, მაგრამ თუ საქმე მივა დაპირისპირებამდე, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორია, საზოგადოება დავიცვათ”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა “იმედის” ეთერში.