საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პოლიციის ყოფილი უფროსის სოსო ალავიძის დასაჩუქრებას უკიდურესად უარყოფითად აფასებს.
ამის შესახებ მან დღეს „რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ, მაგრამ თუ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, მისი შეფასება მკვეთრად უარყოფითია“.
„მე ეს ამბავი გუშინ მითხრეს, ვეცადე კადრების მოპოვებას, მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი. თუ რამე კადრები გაქვთ, მიჩვენეთ. თუ ეს ასეა, უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად მოხდა. შეიძლება, პოლიციის აღლუმზე უბრალოდ იმყოფებოდა“,- განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელთა პროფესიულ დღესასწაულზე შს მინისტრმა პოლიციის ყოფილი უფროსები სოსო ალავიძე, მერაბ ბაღათურია, გუჯა ჯამბურია, თამაზ თამაზაშვილი, როგორც ვეტერანი პოლიციელები, დაასაჩუქრა.