„ნაციონალური მოძრაობა“ სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებზე საუბრობს და კონკრეტული ფაქტებს ასაჯაროებს.
"დღეს გვინდა, მოგახსენოთ საქართველოში არსებული კორუფციისა და ნეპოტიზმის კიდევ ერთ ფაქტზე. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ სენაკის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის უფროსის, დემურ გადელიას ბიზნესინტერესებს.
ბატონი დემური, პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, გახლავთ სააქციო საოზოგადოება „არქეოპოლისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 239862038) სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და მისი ფაქტობრივი მფლობელი. გარდა ამისა, მან თავის ძმისშვილ იოსებ გადელიას დააფუძნებინა შპს „ინდიკო“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 239862298) და მასთან ერთად ოჯახურ ტანდემში იმარჯვებს გზის საფარის დაგების, თითქმის ყველა ტენდერში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტის მიერ არის გამოცხადებული.
2013-14 წლის წლებში ამ კომპანიებმა 14-14 ტენდერში გაიმარჯვეს და სს. „არქეოპოლისმა“ მიიღო საერთო ჯამში 12 730 684 ლარი, ხოლო შპს „ინდიკომ“ 5 384 176 ლარი. უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიები უმეტეს შემთხვევაში ან ერთადერთი მონაწილეები იყვნენ ან ერთმანეთს უწევდნენ „კონკურენციას“. იყო შემთხვევები, როდესაც მათ დაკვეთა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაციის გზით მიიღეს. ყოველივე ეს ცალსახად აღძრავს ეჭვს სატენდერო კომისიების მხრიდან „ქართული ოცნების“ რეგიონული ლიდერის ხელოვნურად მხარდაჭერასა და ბიძა-ძმისშვილს შორის გარიგებაზე.
ზემოთ აღწერილის ზუსტ მაგალითს ვხედავთ დღეს სამ მუნიციპალიტეტში, სადაც გამოცხადებულია გზის საფარის დაგების ტენდერები, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტი (ნომერი SPA140010626) 2 222 090 ლარზე, აბაშის მუნიციპალიტეტი (ნომერიSPA140010946) 1 078 062 და მარტვილის მუნიციპალიტეტი (ნომერი SPA140011068) 240 000 ლარზე. სენაკსა და მარტვილში საარჩევნო შტაბის უფროსის კომპანია ერთადერთი მონაწილეა, ხოლო აბაშაში მას „კონკურენციას“ საკუთარი ძმისშვილი უწევს. გამომდინარე გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემურ გადელია თავისი ფირმის ბიუჯეტს კიდევ 3,5 მილიონი ლარით შეავსებს.
ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდიოდა",- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა