აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ინიციატივა უმაღლესი საბჭოს წევრს, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნის. როგორც ალექსანდრე ჩიტიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ფრაქციის სხდომაზე დღეს მხოლოდ აჭარის მთავრობის გადადგომის საკითხი განიხილებოდა:
„სხდომაზე მე მოვიყვანე ჩემი არგუმენტები და მსჯელობის შემდეგ ფრაქციის ყველა წევრმა ერთსულოვნად დამიჭირა მხარი“ - აცხადებს ალექსანდრე ჩიტიშვილი. ის დღეიდან უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგრობას იწყებს. „ჩვენ გვინდა შევაგროვოთ 21 ხელმოწერა და ასევე გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. საკითხი სესიაზე მას შემდეგ გავა, რაც საორგანიზაციო დეპარტამენტში შეგროვებული ხელწერები შევა.
აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დღეს მხარი შემდეგმა დეპუტატებმა დაუჭირეს: ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, ფრაქციის მდივანი სვეტლანა კუდბა, ფრაქციის წევრები - ავთანდილ ბერიძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მერაბ აბაშიძე.
ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოტივი მისი არაეფექტური მუშაობა გახდა: „ქონების არაეფექტური მართვა მთავრობის მხრიდან, უმაღლესი საბჭოს ფუნქცია არის გააკონტროლოს მთავრობა და ამ კონტროლში ხელის შეშლა და კიდევ ბევრი სხვა რამ“.
ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, უნდობლობის გამოცხადების მოტივი დროთა განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გახდა: „პრობლემები იყო, ვსაუბრობდით მთავრობასთან და უფრო მაღალ დონეზეც. ზოგი მინისტრის მუშაობა მოგვწონს, მაგრამ რადგან კანონი არ ითვალისწინებს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, იძულებული ვართ დავაყენოთ მთავრობას გადაყენების საკითხი“.
წყარო: ნეტგაზეთი