გაზეთი "ალია", ნინო სამხარაძე
"ალიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ კონკრეტულ დაჯგუფებას სურდა ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით დამხობა, კერძოდ კი, მინისტრმა დააკონკრეტა, რომ ეს ძალა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელადო. კერძოდ, მინისტრის განცხადებით, სააკაშვილს გაცემული აქვს დავალება, რომ შექმნან კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი და მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად. მათ შორის პოლიციის თვალწინ და ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები და სხვადასხვა თემების მანიპულირებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება. მათი საბოლოო მიზანია, შექმნან ქაოსური ვითარება.
"ალიასთვის" ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ძალა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იბრძვის, საქართველოში დაწყებული ქაოსის შემთხვევაში საქართველოში ჩამოვა და პროცესებში ჩაერთვება.
"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია "ალიაში" გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს: "მინდა სრულიად შეგნებულად აღიარებითი ჩვენება მივცე ჭიკაიძეს, მართლაც ამას ვამზადებთ, რაზეც ის საუბრობს და ამაზე ბევრად მეტს ვაპირებთ, ოღონდ ყველაფერს კონსტიტუციის ფარგლებში და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის".
მაშ ასე, რას ემსახურება "ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლი" გიგა ბოკერიას "აღიარებითი ჩვენება" და რა სცენარით განვითარდება მოვლენები?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ალიას" კითხვებს კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე პასუხობს:
- მე მაქვს ინფორმაცია, რა განწყობაა "ნაცმოძრაობის" ნარჩენებში, ვინაიდან იქ საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან, ესენი აკვირდებიან ხალხის განწყობას, "ნაციონალები" ელოდებიან, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ნიადაგზე რაც შეიძლება მეტად გაღიზიანდეს ხალხი და ისინი დაიწყებენ გამოსვლების ორგანიზებას მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლებით გაწბილება და გაღიზიანება, მათი აზრით, მიაღწევს იმ დონეს, როცა ეს მოძრაობა შეიძლება კულმინაციურად განვითარდეს. პირველ ეტაპზე მაინც, ისინი აუცილებლად მოერიდებიან ძალის ღიად გამოყენებას, მათ უნდათ მთელ საზოგადოებასა და დასავლეთს უჩვენონ, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური და კანონიერი გზებით იბრძვიან ხალხის უფლებების დასაცავად, იბრძვიან თავისუფლების დასაცავად, პროდასავლური კურსის დასაცავად, რომ თითქოს ესენი არიან კვლავაც და კვლავაც დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურები. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ამ ეტაპზე საბურავების დაწვით და იარაღის გამოყენებით ქაოსს წამოიწყებენ, რადგან დღეს არსებულ "ნაცებში", კერძოდ, სადისტური სისტემის ნარჩენებში, მე ვერ ვხედავ ადამიანებს, ვინც ამ ვითარებაში ასეთ ავანტიურაზე წავა.
- ერთი რამ ფაქტია, შექმნილია არანორმალური ვითარება, როცა უკვე მეორედ ვისმენთ, რომ ყაჩაღებმა დააუთოეს 80 წლის ქალბატონი. უთოებმა ცოცხები ჩაანაცვლეს, აქ უცნაურია ის, რომ ხელწერა ერთია და ამას სისტემური ხასიათი აქვს. რატომ ხდება მაინცდამაინც ყაჩაღობა სადისტური წამების გამოყენებით და არა, ქურდობა... რატომ მოსდის ყველა ყაჩაღს აზრად, რომ დააუთოოს უმწეო ბავშვი და მოხუცი. როგორ ხსნით ამ მოვლენას?
- "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი რეალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. რეალური ძალაუფლება, ეს არის ძალოვანი უწყებების კონტროლი და სასამართლოების კონტროლი. ჩვენ ვნახეთ, რას აკეთებდნენ ისინი, სადისტური მოპყრობით დაწყებული, ციხეში სექსუალური ძალმომრეობით დამთავრებული, მაგრამ დღეს მათ კარგად იციან, რომ ამის გაკეთების დრო არ არის. არ მჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით შავი სამყარო განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს, აუთოებს ბავშვებს, მოხუცებს და აწამებს ქალებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ ვიცით, რაც ბოლოს სააკაშვილმა ჩაიდინა, მისი პრეზიდენტობის ბოლო ვადაში. 700-მდე პატიმარი შეიწყალა, მათ შორის დომინირებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სააკაშვილის ეს დანაშაულებრივი ნაბიჯი საზოგადოებისთვის წარმოეჩინა და დაენახვებინა, რა ჩაიდინა ამით სააკაშვილმა და რა საშიშროების წინაშე დააყენა საზოგადოება. ამის ნაცვლად "ოცნების" ხელისუფლებამ სიების შედგენისას ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა და მასშტაბური ამნისტია გამოაცხადა. მე ვეკითხები მათ, როგორ ფიქრობთ? თქვეს მიერ საპატიმროებიდან გამოშვებული ადამიანები მოეკიდნენ პატიოსან შრომას? სად არის სამუშაო ადგილები? ამიტომ ის, რომ შეწყალებულები სჩადიან განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაულს, არ უნდა იყოს გასაკვირი, სხვა საქმეა, რომ მერაბიშვილი-ადეიშვილი-სააკაშვილის დროს ასეთი ტიპის დანაშაული რომ ხდებოდა, ის პრესამდე ვერც კი მიდიოდა, ეს ნამდვილად ვიცი. ციხეში ხვდებოდნენ მკვლელები და მათი საქმეები არ შუქდებოდა. ეხლა, მადლობა ღმერთს, ინფორმაციები ღია და საჯაროა და ჯერჯერობით ინფორმაციას ჩვენი ხელისუფლება არ გვიმალავს, რაც კარგია... ის სკანდალი, რაც ე.წ. კანონიერ ქურდზე, "რემენაზე" ატყდა და ეს "ნაციონალებმა" სათავისოდ კარგად გამოიყენეს, განა საზოგადოებას დაავიწყდა, რა ხდებოდა "ნაციონალების" დროს?!. "ნაციონალებმა" ციხეებიდან თავისი ხელით გააპარეს კანონიერი ქურდები ზოგი კიევში, ზოგი მოსკოვში და ზოგი სად... მაგრამ გახსენდებათ, მათი ციხეებიდან გაყვანა ასე სკანდალურად დასრულებულიყო, როგორც "რემენას" შემთხვევაში მოხდა. ასე რომ, "ნაციონალები" სიტუაციას აკონტროლებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, უფრო შემზარავია, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება, ვინაიდან დღეს მასმედია უფრო თავისუფალია. დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფალი მედია გააკონტროლებს იმ ადამიანებს ხელისუფლებაში, ვინც ნამდვილად საჭიროებს გაკონტროლებას.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აპოკალიფსს, არ ველი იმას, რომ "ნაციონალები" მოახერხებენ ორგანიზებული ბოევიკების საქართველოში შემოყვანას, გამოიყენებენ იარაღს და ამით მოახდენენ დესტაბილიზაციას. ეს ავანტიურა მათთვის კრახით დასრულდება. მე ვიცი მათი გამოცდილება და ის, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ჩემი ვარაუდი და პროგნოზია, რომ ამ ეტაპზე არ წავლენ რადიკალურ ნაბიჯებზე, სამაგიეროდ, თუკი ხალხი სპონტანურად დაიწყებს ქუჩაში გამოსვლას და ამას მიეცემა მასობრივი სახე და თუკი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას დაიწყებს, მაშინ "ნაციონალები" ღიად თუ ფარულად შეუერთდებიან ხალხს და ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ, არ გამოვრიცხავ იარაღიდან გასროლასაც... შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ცნობილ გამონათქვამს, რაც 7 ნოემბერს გააკეთა, - მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ხელისუფლებას ორ დღეში დავამხობდიო... შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს შესწევს უნარი, დაინახოს და შეაფასოს, სიტუაცია რევოლუციისთვის არის მომწიფებული.
- სხვათა შორის, მსოფლიოს შვიდმა წამყვანმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ დადო რამდენიმე წლის წინათ დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილი ჰგავს ჰიტლერს, მათ შორის, პოლიტიკურ ალღოშიც... ჰიტლერი გარკვეულ ეტაპამდე ყოველთვის გრძნობდა, როდის იყო მისთვის სასურველი დრო. ფსიქიატრები იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს, როგორც ჰიტლერს, შესწევს უნარი, წამოიწყოს ომები...
- როცა ჰიტლერი რეალობას მოსწყდა, კიდევაც დადგა ის დრო, როცა ბუნკერში თავი მოიკლა, ისიც კი ითხოვა, რომ მისთვის ბენზინი გადაესხათ და დაეწვათ. ჩვენ გვახსოვს ისეთი ჰიტლერი, რომელიც გამარჯვებიდან გამარჯვებამდე უშეცდომოდ მიდიოდა, ანუ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სააკაშვილს აქვს ალღო, თუკი მან საბოლოოდ პოლიტიკურ რეალობასთან კონტაქტი არ დაკარგა. რა თქმა უნდა, მას ადგილზე ჰყავს მთელი გუნდი, რომლებიც მასთან სარფში ჩავიდნენ, ითათბირეს. ის აუცილებლად დასვამდა კითხვას, - მოდის რევოლუციის დრო, თუ არა... და მე გეტყვით, რომ "ნაციონალებმა" მიშას უპასუხეს, - ამის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა... ახლა რომ ჩვენ ამ გზით წავიდეთ, ჩავფლავდებითო... მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბნეულობაა, ისინი არ ელოდნენ, რომ მათი გეგმები გაიშიფრებოდა.
- როგორ ფიქრობთ, თუკი მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე ლიდერს დაუმტკიცდა, რომ ისინი ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისთვის ემზადებოდნენ, დაჭერების ახალი სერია დაიწყება და სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება?
- იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც დაუმტკიცდათ, რომ სააკაშვილი ამზადებს, ან მომავალში მოამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას, რა თქმა უნდა, ეს მის ბრალს დიდად დაამძიმებს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, ეს არის იმ დანაშაულის ტოლფასი, რაც სააკაშვილს უკვე ჩადენილი აქვს 2008 წელს, სააკაშვილმა რამდენიმეწლიანი თავისი კონტრპროდუქტიული, ავანტიურისტული მოქმედება როგორც კონფლიქტური რეგიონების, ასევე რუსეთის მიმართ სამხედრო პოლიტიკური ავანტიურით "დააგვირგვინა", რომელიც იყო ნამდვილი სამშობლოს ღალატი და პუტინს ლანგარზე მიართვა თავისი ხელით ის, რაც პუტინს უნდოდა.