Express News

რეცეპტით "მოწამლული" სიცოცხლე: როგორია რეალურად ის მძიმე გზა, რომლის გავლაც მოქალაქეს წამლისთვის უწევს

რეფორმა - რომელმაც სულ დამიკარგა ექიმთან წასვლის სურვილი და მგონი, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივალ, აღარც ვეახლები ჩვენს მედ-პერსონალს. 

რეცეპტი - რომლის მოპოვებამაც ნახევარი დღე დამაკარგვინა, ახლაც ჩანთაში მიდევს და წამალს ორ დღეში ველოდები, - კიდევ კარგი გადაუდებელი არაფერია, თორემ ყველა ავადმყოფი ვერ ძლებს უწამლოდ 2 დღე, ალბათ. 
ექიმმა 2 თვე წამალი დამინიშნა. აღმოჩნდა, რომ 2 თვის მარაგზე რეცეპტი არ გაიცემა (რაც ნიშნავს, რომ კიდევ უნდა ვიდგე კილომეტრიან რიგში ერთ თვეში, როცა ეს ჯერარნაყიდი წამალი დამიმთავრდება). ოჯახის ექიმმა ერთი თვის მარაგზე, ანუ 4 შეკვრაზე დამიწერა რეცეპტი. სანამ დაწერდა, დაახლოებით 15-20 წუთი არკვევდა, სჭირდებოდა თუ არა წამალს რეცეპტი, მანამდე კი მკურნალ ექიმს მე თვითონ ვეკითხებოდი ამდენივე წუთი, ნამდვილად იყო თუ არა ურეცეპტო ის პრეპარატი, რომელიც გამომიწერა. ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ ურეცეპტოა, მომცა რაღაც ფურცელი და გამიშვა ოჯახის ექიმთან. იქ გაირკვა, რომ მჭირდება რეცეპტი და გამოწერეს 4 შეკვრაზე.

წავედი აფთიაქში და მითხრეს, რომ წამლის მხოლოდ ერთი შეკვრა აქვთ და ვერ მომცემენ, იმიტომ რომ რეცეპტი 4 შეკვრაზეა დაწერილი. მერე მივედი მეორე აფთიაქში, იქ 2 შეკვრა აღმოჩნდა და მითხრეს - ექიმთან დაბრუნდი და დააშლევინე რეცეპტი ორად, ასეთ შემთხვევაში მოგყიდითო.


დავბრუნდი ექიმთან. რომ ვუთხარი, რაშიც იყო საქმე, დიდად არ ესიამოვნა, კიდევ უფრო აიმრიზა და მითხრა, - წადი და რომელიმე აფთიაქის მენეჯერს შეხვდი, შეკვეთა გააკეთე და მეორე დღეს დაგახვედრებენ 4 შეკვრასო.

ვუთხარი, რომ ამ ახალი რეფორმით, ხალხს მალე დასჭირდება დამამშვიდებელი წამლები და შეემზადეთ-თქო. წავედი ისევ "ავერსში" და მომიგეს, - შეკვეთის დღეები გვაქვს კვირაში ორჯერ და ხვალ მობრძანდითო. 

ეს უკვე პიკი იყო - ყველა სამსახური არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელმძღვანელობას გაეთავისუფლო ყოველდღე საათობით. 
დიდი ხანი ვფიქრობდი, 
რა უნდა მექნა და ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ თქვენი სისტემის მომხმარებელი, სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივალ, აღარ ვიქნები. ჩემსავით ალბათ, ბევრი მოიქცევა, მაგრამ ის ადამიანები მაინც შეიბრალეთ, ვისაც ქრონიკული და მძიმე დაავადებები აწუხებს.

ამ ჩემს, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ნაგლეჯ ნერვებს, მალამოსავით ეამა თემქელი ფარმაცევტის რბილი ტონი. უკვე გვიან საღამო იყო და სანამ სახლში მივიდოდი, გადავწყვიტე, მაინც შევსულიყავი კიდევ ერთ "ავერსში" და გამეგო – მენეჯერს, რომელსაც 4 შეკვრა წამალი უნდა შევუკვეთო, რომელ საათებში შეიძლება შევხვდე (განვსაზღვრო, რომელ საათზე დავეთხოვო უფროსს). საკმაოდ გაღიზიანებული ტონით დავსვი ეს კითხვა ფარმაცევტთან. მან წამლის რაოდენობა ჩაიწერა, ტელეფონის ნომერი გამომართვა, მითხრა, რომ ხვალ მენეჯერს თავად გადასცემდა ჩემს დანაბარებს, შემდეგ დამირეკავდნენ და წამალი 2 დღეში ჩემთან იქნებოდა. ველოდები…

დაბოლოს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ხმამაღლა მინდა ვთქვა: ჯანმრთელ ადამიანს დააავადებთ თქვენი წვეტიანი რეფორმებით, ვიღაცების ერთ ადგილს რომ მოარგეთ და ამდენ ხალხს უწამლავთ სიცოცხლეს!

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT