Express News

მოდელირებული "ქრონიკის"ეთერში გასულმა სიუჟეტმა მსხვერპლი გამოიწვია



02-08-2010
"შეჰყვირა, ვაიმე, ომი დაიწყოო და..."

2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული მოდელირებული "ქრონიკა" დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ დამნაშავეების დასჯის ილუზია ყველა ჩვენგანს დიდი ხნის წინ გაუქრა. სხვათა შორის, დაუსჯელობით გათამამებული მოდელირებული "ქრონიკის" შემოქმედნი და მონაწილენი დანაშაულს სულაც არ გრძნობენ და ამ ბოლო დროს ჟურნალისტურ ეთიკაზე საჯაროდ შენიშვნების გამოთქმასაც არ ერიდებიან. ერთი სიტყვით, მოდელირებული "ქრონიკა", რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა დამკვეთსაც და შემსრულებელსაც.

13 მარტს დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მკვიდრი გაიოზ ოდიშელიძე მოდელირებული "ქრონიკის" მიმდინარეობისას, ტელევიზორის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვაჟმა ალექსი ოდიშელიძემ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა.

"2010 წლის 13 მარტს მამაჩემი გაიოზ ოდიშელიძე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკას" უყურებდა. მას შეექმნა რწმენა, რომ რუსეთის არმია განმეორებით შემოიჭრა საქართველოში, რის გამოც გული გაუხდა ცუდად და გარდაიცვალა.

ვფიქრობ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ზემოაღნიშნული გადაცემის გაშვება წარმოადგენდა დანაშაულს, რასაც შედეგად მოჰყვა მამაჩემის სიკვდილი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება, გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები და ასეთ პროვოკაციებს სხვა ადამიანების სიცოცხლე არ ემსხვერპლოს", - ნათქვამია ალექსი ოდიშელიძის განცხადებაში.

დალი ყარმაზანაშვილი, გაიოზ ოდიშელიძის მეუღLლე: "2010 წლის 13 მარტს, დაახლოებით 7 საათისთვის, სამსახურიდან შინ დავბრუნდი. ჩემი მეუღლე ტელევიზორს უყურებდა. მე მეორე ოთახში ვსაქმიანობდი. ოთახებს შორის კარი არ გვაქვს და კარგად მესმოდა ტელევიზორის ხმა. ფრაზებით: "პრეზიდენტი მოკლეს", "მცხეთაში შემოვიდნენ" შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ომი დაიწყო. ამ დროს გავიგე ჩემი მეუღლის ხმაც, ომი დაიწყოო, რამდენიმე წამში კი შეჰყვირა, ვაიმე, ცუდად ვარ, მიშველეთო. ოთახში რომ შევედი, შუბლზე ოფლს იწმენდდა და გაიძახოდა, ვაიმე, ომი დაიწყო, ოფლი მასხამს, გულის არეში მჩხვლეტს, მგონი, ვკვდებიო! ამის თქმა იყო და, გონება დაკარგა.

ვიკივლე, გვიშველეთ-მეთქი, ვცადე, შემეკავებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ჩემი მეუღლე იატაკზე დაეცა. ვცადეთ, გულის მასაჟი გაგვეკეთებინა, სასწრაფო დახმარებაც გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გარდაცვლილიყო. არც პოლიცია და არც ხელისუფლების სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან მომხდარით. არც ექსპერტიზის ჩატარება შემოუთავაზებიათ".

მალხაზ ჯანგირაშვილი, ალექსი ოდიშელიძის ადვოკატი: - საკითხავი ჯერ ის არის, ვინ არის დასასჯელი? კვალი მიდის ისეთი პირებისკენ, რომლებიც ქვეყანას მართავენ და, ბუნებრივია, საკუთარ თავს არ დაისჯიან. მოდელირებული "ქრონიკის" გამო გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახები კონკრეტულ შედეგს  არც ელიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე უარი თქვას. ოდიშელიძეებისა აღმოჩნდა ის ოჯახი, რომელმაც გაბედა და ეს ნაბიჯი გადადგა.

ყველამ იცის, ვისი მოდელირებულია სინამდვილეში "ქრონიკა". მთავარი პროკურატურიდან განცხადება რეაგირებისათვის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას გადაუგზავნეს. ძნელი არ არის განჭვრეტა იმისა, რა მოელის ამ საქმეს. ეს ნაცადი ხერხია: მთავარმა პროკურატურამ აიცილა პასუხისმგებლობა, რეგიონული პროკურატურა კი არაფერს გააკეთებს. თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ აქ დაიწყოს გამოძიება, გზა ხსნილი გვექნება ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველი სასამართლოსკენ.

იმის იმედი, რომ ამ ქვეყანაში სიმართლე იზეიმებს, არა მაქვს, მაგრამ ამ რეალობასთან შერიგება დაუშვებელია. ბატონი გაიოზი უყურებდა გადაცემა "ქრონიკას" და მისი  ბოლო სიტყვები იყო, ვაიმე, ომი დაიწყოო! ვინმე დაამტკიცებს, რომ ეს დამთხვევა იყო?                                          

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT