საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გიორგი მარგველაშვილსა და პეტრე პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მარგველაშვილმა პოროშენკოსთან კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ახლა სწორედ ის პრობლემები აქვს, რომელთა წინაშეც საქართველო 2008 წელს იდგა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები 2008 წლის გაგრძელებაა. გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ადამიანური მსხვერპლისა და დევნილთა დიდი რაოდენობის გამო.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხსაც. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა კოორდინირებულად მოქმედებდეს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, უელსის სამიტის ფარგლებში. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ერის დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროული იმპლემენტაციის საკითხს დაუთმეს.
http://pia.ge/