Express News

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით შესაძლო კანონდარღვევებზე მიუთითებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებული საკითხის ირგვლივ არსებულ შესაძლო კანონდარღვევევებზე მიუთითებს.
"გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვის შესახებ. საინფორმაციო მასალას თან ახლავს უცხოური ბანკის წერილები, რომელშიც მოხსენიებულია დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები (261,757.83 გირვანქა სტერლინგი). პარლამენტის წევრი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, მათ შორის ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებსა ან/და შენატანებზე. დავით ბაქრაძის მიერ 2014 წლის 3 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში (https://declaration.gov.ge/declaration/947171) ინფორმაცია ზემოხსენებული საბანკო ანგარიშის შესახებ არ არის მითითებული. თუ გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება და უცხოურ ბანკში გახსნილი ანგარიში 2013 წელსაც არსებობდა, სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების არასრულფასოვნად შევსება მუდმივი პრობლემაა და მე-8 მოწვევის პარლამენტშიც მათ რვა დეპუტატი აღმოაჩინეს, ვისაც სამეწარმეო ინტერესები არ ჰქონდა სრულად დეკლარირებული. 
"დღეისათვის არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისწორეს პროაქტიულად შეამოწმებს, რაც მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში მეორე სახის კანონდარღვევაც გამოიკვეთოს. პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი). სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო".

interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT