უგულავას გადაყვანის მცდელობას N8 დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მხრიდან ხმაური მოჰყვა
დედაქალაქის ყოფილი მერი და ამჟამად ბრალდებული გიგი უგულავა, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, წუხელ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებული, დაწესებულების საკარანტინო ნაწილის საკანში განმარტოებით იყო მოთავსებული, რადგან პოლიციის ყოფილი თანამშრომლების განთავსების კორპუსში ბრალდებულის გადაყვანის მცდელობას N8 დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მხრიდან ხმაური მოჰყვა, რის შემდგომაც ის კვლავ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს.
„ბრალდებულმა გიორგი უგულავამ სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ ის უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და ითხოვდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან N8 დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. სახალხო დამცველის რწმუნებულები გიორგი უგულავას გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის მოადგილეს გაესაუბრნენ, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა ბრალდებულ გიორგი უგულავას N9 დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა.
როგორც დღეს დილით N8 დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან სატელეფონო საუბრით გაირკვა, გიორგი უგულავა გამთენიისას სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ წუთებში სახალხო დამცველის რწმუნებულები ბრალდებულ გიორგი უგულავას მონახულების მიზნით N9 დაწესებულებაში იმყოფებიან“ - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.