Express News

კუდ-ის მაღალჩინოსნებმა ხელი დათა ახალაიას დაადეს


დათა ახალიას დანაშაულებრივ ქმედებაზე მისივე გარემოცვა საუბრობს. სანდრო გირგვლიანის მკვლეობის ბრალდებით გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძე აცხადებს, რომ დაპატიმრების სანაცვლოდ ახალაია მათ პრივილეგირებულ პირობებს დაპირდა. სასამართლო ჩვენებაზე კუდ-ის მაღალჩინოსანმა ავთანდილ აფციაურმა განაცხადა, რომ ისინი დათა ახალიას დავალებით მოქმედებდნენ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ 8 წლის წინ მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განახლდა. გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ბრალი უკვე წაუყენეს ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ოლეგ მელნიკოვს და დათა და ბაჩო ახალაიებს. მოწმის სახით დაიკითხა თაკო სალაყაია.

საქმეზე დაწყებულია სასამართლო განხილვა. 2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასდა, როგორც გია ალანიასა და სანდრო გირგვლიანს შორის „შარდენ ბარის“ გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება. შესაბამისად, საქმეც დაიხურა.

ზურაბ ადეიშვილის დაქვემდებარებულმა გამოძიებამ მაშინ კუდ-ის მაღალჩინოსნების და შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას თანამონაწილეობა ამ საქმეში „ვერ დაადგინა“. მკვლელობიდან ზუსტად 2 თვეში ვანო მერაბიშვილმა საქმე გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დანაშაულში ეჭმიტანილი პირები კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობიდან ზუსტად სამ დღეში მერაბიშვილმა, თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, მერაბ ბაღათურიასგან უკვე იცოდა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და მკვლელობის მიზეზი, მერაბიშვილს 2006 წლის 6 მარტს გამართულ ბრიფინგზე მათ შესახებ არაფერი უთქვამს.

სუფრის წევრების - დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის და თაკო სალაყაიას დაპატიმრებას ითხოვდა მოკლულის დედა ირინე ენუქიძე. მისი შვილის მკვლელობის დამკვეთად დათა ახალაიას და თაკო სალაყაიას ასახელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებლად ოლეგ მელნიკოვს. საქმის გამოძიების პროცესში გარდაცვლილის დედასთან კონტაქტზე გავიდნენ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები და სიჩუმის სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს.

დაკავებული კუდ-ის თანამშრომლები გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური 2006 წლის 6 ივლისის გასამართლდნენ. მოსამართლე გიორგი ჩემიამ ალანიას 8 წლით, ხოლო ბიბილურიძეს, აფციაურს და ღაჭავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მალევე უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი 6 თვით შეუმცირა. 2008 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა.

2012 წლის ბოლოს, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით დადგენილია, რომ გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. „შარდენის სუფრიდან“, კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა. გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, დათა ახალაიას გარდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ამ საქმეზე მსჯავრდებული პირები, არამედ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება, თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით.

მეტიც, დათა ახალაიამ დანაპირები შეასრულა, რაც იმით დასტურდება, რომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად, არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ პატიმრები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ - კუდ-ს. გამოძიება ამ ეტაპზე თავს იკავებს სხვა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაიკითხა მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ავთანდილ აფციაური და მიხეილ ბიბილურიძე. მათი ჩვენებით დასტურდება, რომ ბრძანების ავტორი სწორედ დათა ახალაიაა. მეტიც, აფციაურის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და ბიბილურიძე მონაწილეობდნენ გირგვლიანის მეგობრის, ლევან ბუხაიძის ცემაში, ხოლო სანდრო გირგვლიანის ცემაში და მკვლელობაში მონაწილებდნენ გია ალანია და ალექსანდრე ღაჭავა.

სანდრო გირგვლიანის ბიძა, გოგი ენუქიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რომ ბიბილურიძისა და აფციაურის ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი უშუალოდ ბუხაიძის წამებაში მონაწილეობდნენ, ხოლო სანდრო გირგვლიანის ცემასა და მკვლელობაში ალანია და ღაჭავა.

„ორივეს ჩვენება მაგაზე მიუთითებს. თუმცა, ბევრი რამეა კიდევ გასარკვევი. სხვებიც იქნებიან ალბათ დაკითხულები. აფციუარი და ბიბილურიძე თავის ჩვენებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დათა ახალაიას დაკვეთით ხდებოდა. ის, რომ ესენი ციხეში უნდა მჯდარიყვნენ, ეს იყო დათა ახალაიას ბრძანება. სუფრის ყველა წევრს მიუძღვის ამ საქმეში ბრალი და ყველა უნდა აღმოჩნდეს საპატიმროში“, - აცხადებს გოგი ენუქიძე.

თავად ბიბულირიძე აცხადებს, რომ ოქროყანაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მან ტელევიზიით შეიტყო, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი თქმით, ამის შემდეგ მას გერონტი ალანიასთან ჰქონდა შეხვედრა და გაიგო, რომ სანდრო გირგვლიანი ინციდენტის დროს ხევში გადაიჩეხა და გაიყინა. ბიბილურიძე ჩვენებაში ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ იგი ყოველ დღე კითხულობდა, რა ვითარება იყო.

„ერთ დღეს დამიბარეს სამსახურში, თათბირი იმართებოდა დათა ახალაიას ხელმძღვანელობით. თათბირზე შევიტყვე, რომ უნდა დავეპატიმრებინეთ. ამის სანაცვლოდ კი, პრივილეგირებულ პირობებს მთავაზობდნენ. როდესაც აღვნიშნე, რომ ოჯახის მარჩენალი ვიყავი და ჩემი დაკავებით ოჯახის წევრებს კრიზისი შეექმნებოდათ, დათა ახალაია დამპირდა, რომ ოჯახის სრულწლოვან წევრს მის შტატში ჩასვამდა, სამსახურში არ ივლიდა და ხელფასს აიღებდა.

ჩემთან ერთად კიდევ სამი პირი უნდა დაეკავებინათ. თუ უარს ვიტყოდი, როგორც დათა ახალაიამ მითხრა, საქმეს ძველი თბილისის პოლიციის უფროსი წაიღებდა და 20 წელს მომოსჯიდნენ. ჩემთვის უსიამოვნო იყო შეთავაზებული პირობები, თუმცა მეტი გზა არ მქონდა და დავთანხმდი.

შემუშავებული სქემა ცნობილი იყო ვანო მერაბიშვილისთვის და მისი მეგობრების ზურაბ ადეიშვილისთვის, გიგი უგულავასთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის. გია ალანიამ მითხრა, რომ ამაზე მუშაობდა გიგი უგულავაც, რომელმაც გათვალა, რომ სქემის მიხედვით, წელიწადი და 8 თვის პატიმრობა მომიწევდა“, - განაცხადა მიხეილ ბიბილურიძემ.

სანდრო გირგვლიანის ბიძისთვის, გოგი ენუქიძისთვის მოულოდნელი არ იყო აფციაურის და ბიბლურიძის აღიარებითი ჩვენებები.

„მოულოდნელი არ იყო. ვიცოდით, რომ დაახლოებით ისე მოხდა, როგორც ისინი ყვებიან. ეტყობა ისეთი რაღაცეებია მანდ, რაც თვითონაც ვერ გაიყვეს და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გადაწყვიტეს ყველაფრის მოყოლა. ალბათ, ისიც იყო, რომ თანხა რომელიც მათ მისცეს, მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. ყველაფერმა ამან გამოწვია ის, რომ მათ საჯაროდ ილაპარაკეს ის, რაც უნდა ეთქვათ ძალიან დიდი ხნის წინ. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი თქვეს. ვფიქრობ, რომ დეტალები მაინც არაა ბოლომდე ნათქვამი. ვფქირობ, რომ რაღაცა დარჩათ მათ სათქმელი. აფციაურის და ბიბილურიძის ჩვენებით დასტურება, რომ საქმის ქუდი იყო დათა ახალაია. დარწმუნებული ვარ, რომ დათა ახალაია აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე. გამორიცხულია, რომ ყველა ქვეყენამ ხელი დააფაროს ასეთ კრიმინალს. მე ვფიქრობ, რომ მოხდება მისი ექსტრადირება“, - აცხადებს for.ge-სთან სუბრისას გოგი ენუქიძე.

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით კუპატაძე, აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმე 2006 წელს მისმა სამმართველომ გახსნა.

კუპატაძემ ამბობს, რომ მომხდარი დანაშაული მეორე დღესვე გაიხსნა. მისივე თქმით, მეორე დღესვე დადგენილი იყო შარდენის ბარში მყოფი პირების ვინაობა, გამოძიების პირველ ეტაპზევე მალევე გახდა ცნობილი ის ავტომობილები, რომლის მეშვეობითაც დანაშაული განახორციელეს. კუპატაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ავტომობილების მფლობელების ვინაობა. კერძოდ, გია ალანიას და სოსო თოფურიძის შესახებ.

„ჩემი უფროსი იყო მერაბ ბაღათურია, რომელიც ვალდებული იყო მინისტრ მერაბიშვილისთვის ყველაფერი მოეხსენებინა. როდესაც უშუალოდ დამნაშავეები იყვნენ ცნობილები, ბაღათურიამ მინისტრს სთხოვა შეხვედრა, რაზეც ვანო მერაბიშვილი დათანხმდა. ამ შეხვედრას ესწრებოდა დათა ახალაიაც. ბაღათურიამ მითხრა, რომ სიტუაცია ვანო მერაბიშვილს არ მოეწონა, მათ შორის საქმის გახსნის შესახებ. ბაღათურიასთან მეორე შეხვედრაზე მერაბიშვილს ჰქონდა სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ჩვენი უწყებიდან პროკურატურამ წაიღო მასალები. ამ საქმის გახსნის შემდეგ ვანო მერაბიშვილსა და ბაღათურიას შორის ურთიერთობა დაიძაბა. თუ კი მინისტრი ბაღათურიას 4-5-ჯერ ურეკავდა დღეში, შემდეგ უკვე მის ზარებსაც აღარ პასუხობდა“, - აცხადებს კუპატაძე.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მერაბ ბაღათურიამ, რომელმაც საქმე მესამე დღეს გახსნა და საქმის დეტალები შს მინისტრს მოახსენა. თუმცა, ბაღათურიას საქმე ჩამოართვეს, მოგვიანებით კი თანამდებობიდანაც გადააყენეს.

„დანაშაული მესამე დღეს გავხსენით. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ოპერატიულმა სამსახურმა მაშინ ყველაფერი გააკეთა. სხვადასხვა საშუალებებით დავადგინეთ რა მოხდა „შარდენ-ბარში“. დავადგინეთ სუფრის წევრების ურთიერთკავშირი გირგვლიანის და ბუხაიძის გამტაცებლებთან. უკვე, როდესაც ეს დეტალები იქნა დადგენილი, აღნიშნული მოვახსენე შს მინისტრს. მან მიბრძანა - გავაგრძელოთ მუშაობაო“, -აცხადებს ბაღათურია.

მისი თქმით, რაც შეეხება ახალიას და სხვების მონაწილეობას, მათ დაკითხვაზე და სხვა სახის ღონისძიების გატარებაზე კონტროლი დაწესებული ჰქონდა უშუალოდ შსს-ს ხელმძღვანელობას და პროკურატურას. ძირითადი სამუშაოების ჩატარებას უკვე ჩამოცილებული ვიყავით. როგორც ბაღათურია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შემუშავებული ჰქონდათ სუფრის წევრების დაკავების ოპერატიული გეგმაც.

„საშუალება რომ მომცემოდა ამას გავაკეთებდი. იცით, რომ ამას სჭირდებოდა შს მინისტრის თანხმობა, მისი თანხმობა რომ ყოფილიყო, საქმეს ბოლომდე მივიყვანდით, მაგრამ ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა. როდესაც პროკურატურას გადაეცა ეს საქმე, მათ მიეცათ საშუალება ამ საქმის დეტალები და მონაწილე პირები არ გამოჩენილიყვნენ“, - აცხადებს მერაბ ბაღათურია.

for.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT