Express News

რამაზ საყვარელიძე - თუ "ქართულმა ოცნებამ" სისუსტის იმიჯი არ მოიშორა, ალბათ მომავალში ბევრი პრობლემა გაუჩნდება


არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, არჩევნებამდე ორიოდე კვირა დარჩა, თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას? - წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება იმის მიხედვით იქნება სხვადასხვანაირი, ეტალონად რას აიღებ. ძალაუნებურად, ჩვენ გვიწევს წინასაარჩევნო პერიოდის უახლოეს პერიოდთან, ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს არსებულ ვითარებასთან შედარება. ამ ფონზე უდაოდ იგებს დღევანდელი მდგომარეობა. წინასაარჩევნო გარემო გაცილებით უკეთესია. 
ძალადობის ელემენტები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში დაუფარავად იყო, ახლა არ არის ან თუ არის, თავად ხელისუფლების მხრიდან ხდება კრიტიკის საგანი. ახლა ასეთი მომენტები იმდენად ცოტაა, რომ ძალადობის პარამეტრმა ანეკდოტური ხასიათიც მიიღო. ვაკის "ლიტერატორულ კაფეში" მომხდარი ჩხუბი არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო პროცესთან, არც შინაარსით და არც მომქმედი პირებით, ისინი საარჩევნო პროცესის აქტიური სუბიექტები არ არიან, მაგარამ შეფასება მიიღო საარჩევნო პროცესის კონტექსტში. ეს ნიშნავს, რომ იმდენად მცირეა ძალადობის ფაქტები, რომელიც კონპრომეტაციას გაუწევდა ამჟამინდელ საარჩევნო პროცესს, რომ ასეთმა შემთხვევამაც კი ზოგიერთებს საარჩევნო კონტექსტში განხილვაც დააწყებინა. მათ შორის უცხოელებსაც. რაც უნდა ღიმილის მომგვრელი იყოს, ეს თავისთავად პოზიტიური რამ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა ცუდია, მაგრამ ეს შემთხვევა რომ არჩევნებს არ უკავშირდებოდა, ფაქტია. 
ისიც ფაქტია, რომ ახლა მედია მაქსიმალურად თავისუფალია. თუ რომელიმე მედიას ვისიმე გავლენა ეტყობა, ეს ნამდვილად არ ატარებს სახელისუფლო გავლენის ნიშნებს. პრაქტიკულად შეუფერხებლად არის მოწოდებული ინფორმაცია ხელისუფლების სხვადასხვა ოპონენტებზეც. თუმცა, ამ მხრივ პრეტენზიები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ ეს პრეტენზიები, როგორც თავად ნინო ბურჯანაძემ ბრძანა, არ შეედრება იმ პრეტენზიებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ხდებოდა. უნდა გვქონდეს იმედი, რომ 15 ივნისს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ექნებათ. თუმცა, ხარვეზიანი ეს არჩევნებიც იქნება, რამდენადაც წინა ეტაპზე დაშვებული საკანონმდებლო ხარვეზები ამ ეტაპზე არ გამოსწორებულა.
- სამწუხაროდ, არჩევნებისთვის საფუძვლიანად ვერც საარჩევნო სიები გადამოწმება მომხდარა, ვერც ბიომეტრული პასპორტების დამზადება მოესწრო, რაზეც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ოპოზიციაში მყოფი "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად და საფუძვლიანადაც საუბრობდნენ. რა შეიძლება ვიფიქროთ, ამის გასაკეთებლად ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ ჰქონდა, თუ ამის გაუკეთებლობის არგუმენტები, რაზეც ხელისუფლებამ ისაუბრა, თქვენთვის მისაღებია? - მსჯელობისთვის ავიღოთ ორივე ვარიანტი - პოლიტიკური ნებაც და უნარიც. თუ დავაკვირდებით, რაშიც ხელისუფლებას ნება ჰქონდა, მან ოპერატიული მუშაობის უნარი გამოავლინა. ამ თვალსაზრისით, ერთი შეხედვით შეიძლება მას საქმის კეთებისათვის არასაკმარისი პოლიტიკური ნების უქონლობა დავდოთ ბრალად. მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ სადაც ხელისუფლებისთვის ტემპს ოპერატიულობას სასიცოცხო მნიშვნელობა ჰქონდა, ეკონომიკურ ცვლილებებში, ტარიფების შეცვლაში, ხელისუფლებამ ოპერატიულობა გამოამჟღავნა. სხვადასხვა დაპირებების შესრულებაში პროცესი ნელა მიდის. ასე რომ, ჩემი აზრით, აქაც ოპერატიულად მოქმედების უნარის პრობლემაა, ვიდრე ნების. 
- აშკარაა, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური გუნდების მიმართ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები ისე ერთმნიშვნელოვნად არ არის გადანაწილებული, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბრის წინა პერიოდში იყო. გარკვეული ცვლილებები საზოგადოებრივ განწყობებში მოხდა. თქვენი დაკვირვებით, როგორ დაახასიათებდით ამ ცვლილებებს?- გავიხსენებდი ბოლო პერიოდის ხშირად გამოყენებად ფორმულას, რომ ძველი სახელისუფლო პარტია ბევრისთვის კვლავაც მიუღებელია, ახალმა განვლილ პერიოდში იმედები გაუცრუა და ორი ალტერნატივის შემდეგ დგება მესამის ძიების საკითხი. მესამე, როგორც წესი, არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ჯერ არ ყოფილა და ამდენად მხოლოდ იმედებთანაა დაკავშირებული და მათ გაცრუებაზე შეუძლებელია საუბარი.
- არის კი ასეთი პოლიტიკური ძალა დღევანდელ საქართველოში? მხედველობაში მაქვს ის, ვისაც შეიძლება არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდეს. . . - ასეთი პოლიტიკური ძალა არ არის, მაგრამ შემოთავაზებულია რამდენიმე ალტერნატივა - ბურჯანაძისა და კუკავას ჯგუფების. ბურჯანაძე და მისი გუნდის ნაწილი ხელისუფლებაში ნამყოფია, მაგრამ მათთან დაკავშირებით პასუხიმგებლობის თემა, ან იმედი გაუცრუეს, ან ისეთები იყვნენ, როგორც "ნაციონალები", ამ გუნდის ფიგურებს ასეთი პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს. მეჩვენება, რომ მესამე ძალის ძიების განწყობილებების მქონე ამომრჩეველი ამ არჩევნებზე მეტია. დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან შეხვედრას, მათთან მჭიდრო ურთიერთობას. სიმართლე გითხრათ, როგორ მიდის ეს პროცესი, არ ვიცი, ვინაიდან მედიისაგან მიღებული ინფორმაციით მიჭირს მსჯელობა. როგორც წესი, ადამიანებთან ურთიერთობა ეკრანზე არ ჩანს ხოლმე. 
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არჩევნების შედეგები უფრო პლურალისტული იქნება. იმედი უნდა ვიქონიოთ იმ თვალსაზრისით, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები გახლდათ პოლიტიკური სურათის დეფორმირებული ვარიანტი. კერძოდ, "ნაცმოძრაობა" წამყვანი პოლტიკური ძალა ნამდვილად არ იყო 40%-იანი მონაცემით. მაშინვე ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ რეალურად 10% ჰქონდათ. სასურველია, რომ ახალნდელი სურათი დაემთხვეს ხალხის განწყობილებას და იმას, თუ რა მხარდაჭერა აქვს თითოეულ პოლიტიკურ ძალას. ჩემი აზრით, ამის შანსი ამჟამად მეტია. 
- ანუ, მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა ისევ ასე გამოიყურება - ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი ოპონენტი - "ნაცმოძრაობა" თუ რომელიმე მესამე ძალა? - დიახ, მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი ოპონენტი. უფრო ზუსტად, იქნება თუ არა ეს "ნაცმოძრაობა". პრემიერმა კოჰაბიტაციის დასრულების შესახებ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გააკეთა. ეს იყო ზოგადი მინიშნება ყველასთვის, რომ ამ არჩევნების სურათმა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების მთავარ ოპონენტად არ უნდა დატოვოს. 
"ნაცმოძრაობამ" ხელისუფლებას ბევრი პრობლემა გაუჩინა. მე ერთ-ერთს გაუსვამდი ხაზს - ძირითადი პრობლემა ის არ არის, რომ სასამართლოები "ნაციონალებისთვის" სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებენ ან პროკურატურა არაეფექტურად იძიებს მათ საქმეებს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ძირითადი პრობლემა, რაც "ნაციონალებმა" "ქართულ ოცნებას" გაუჩინეს ისაა, რომ რახან კოალიციას "ნაციონალების" გასამართლება გაუჭირდა, შეიქმნა "ქართული ოცნების" სისუსტის სტერეოტიპი. ეს ძალზე სახიფათო სტერეოტიპია, რადგან ამომრჩეველს სუსტი არ უყვარს. ასე რომ, სისუსტის იმიჯი, რომ ხელისუფლებას რაღაცეები არ შეუძლია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდია. თუ "ქართულმა ოცნებამ" სისუსტის იმიჯი არ მოიშორა, მას ალბათ, მომავალში ბევრი პრობლემა გაუჩნდება. 
- საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ღარიბია, ყოველი მე-12 - ღატაკი. ასეთ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე რამდენად ადეკვატურია ძირითადი პოლიტიკური აქტორების საარჩევნო კომპანიები და რამდენად შეესაბამება იგი იმ ხალხის ინტერესებს, რომლებიც საარჩევნო ყუთებთან 15 ივლისს უნდა მივიდნენ?- ეს სურათი ერთ და ორ წელიწადში შექმნილი სურათი არ არის. ის კი არა, "ნაცმოძრაობის" მიერაც არ არის შექმნილი. "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდმა ცოტა გაამძაფრა ეს ფონი, თორემ ჩვენ 25 წელია, მოგვდევს სიღატაკის დამღა. რაც შეეხება სისწორეს, მე მიჭირს იმ კანდიდატებზე საუბარი, რომლებიც წამოყენებული არიან რეგიონებში. როგორც წესი, ისინი ადგილობრივი მოსახლეობისათვის უფრო ცნობილი პირები არიან. როგორც ჩანს, თბილისში დასახელებულ კანდიდატებში "ქართულმა ოცნებამ", უფრო ზუსტად ივანიშვილმა, ეს გაითვალისწინა და წამოაყენა მკაფიოდ გამოკვეთილი მეურნე - ნარმანია, სწორედ ეკონომიკაში ჩახედული კაცი იმ ვარაუდით, რომ დედაქალაქის ეკონომიკურ პრობლემებს გაუძღვება მომავალში და გადაწყვეტს უკეთესად. ამ ფაქტორის ასეთი გათვალისწინება თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებისას მოხდა. სხვაგან რამდენად მოხდა, მიჭირს მსჯელობა. 
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიებს. ყველასთან არის აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ პირდებიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ერთადერთი პრობლემაა, რამდენად დამაჯერებელია ის ფიგურა, რომელიც წამოყენებულია ამ დაპირებების შესრულებაში. ანუ, არის თუ არა ის იმ ტიპის ფიგურა, რომელიც ამ დაპირებების შემსრულებელია. 
- ბრძანეთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატურების ვინაობა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა. გამოდის, რომ არასამთავრობო სექტორში გადასვლის მიუხედავად, ის "ქართული ოცნებისა" და შესაბამისად ხელისუფლების საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული? - მიმაჩნია, რომ იგი აქტიურად არის ჩართული. ასე მარტო მე არ ვფიქრობ. ივანიშვილის განცხადებები და შეფასებები იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკისთვის ზურგი არ შეუქცევია. ნარმანიას ფიგურა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ წამოაყენა, როცა პოლიტიკაში იყო. იგი დღეს რომც არ იყოს პოლიტიკაში, დღევანდელი ხელისუფლება მთლიანობაში ივანიშვილის შექმნილია და, შესაბამისად, ამ მთავრობის კარგი და ცუდი ივანიშვილის სწორი ან მცდარი გადაწყვეტილების შედეგია. 
- ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბევრს მოლოდინები გაუცრუა. თქვენი აზრით, ამჯერად როგორი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მოახლოებულ არჩევნებზე კოალიცია "ქართულ ოცნებას"? - რომ გვესმის ახალმა ხელისუფლებამ მოლოდინები ბევრს გაუცრუაო, ეგ რამდენიმე ფაქტორის ბრალია - საარჩევნო ყუთთან მისული ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკოსისგან ყოველთვის ელოდება ყველა პრობლემის გადაჭრას. პოლიტიკოსებს უწევთ მაქსიმალური, ჰიპერთრობირებული დაპირებების მიცემა. მერე, ბუნებრივია, რომ ამათი დიდი ნაწილი არ სრულდება. პოლიტიკოსის დაპირერები 100%-ით არსად არ სრულდება. შეუსრულებლობაზე ასეთი მწვავე რეაქცია, როგორც ჩვენ გვაქვს, არ აქვთ ხოლმე. ეს ჩვენ, ამომრჩეველი ვითხოვთ პოლიტიკოსისგან ბევრი მოლოდინის შექმნას და მერე ასევე ვითხოვთ ყველა დანაპირების შესრულებას. ეს მიდგომა ცოტა არარეალისტურია. ასე რომ, მოლოდინის გაცრუების მიზეზი ნაწილობრივ ჩვენ ვართ. 
მეორეა, რომ მართვის გამოცდილება "ქართულ ოცნებას" ნაკლებად ჰქონდა, როცა მან მართვის სადაავეები ხელში აიღო. იგი იმდენად ეფექტურად ვერ მოქმედებს, როგორც ითხოვს მისგან სიტუაცია. 
რაც შეეხება შედეგებს. არ მგონია, რომ "ოცნების" მიმართ იმედგაცრუება იმდენად ყოვლისმომცველი და ტოტალური იყოს, რომ მან არჩევნების შედეგები თავდაყირა დააყენოს. 2012 წლის შედეგებთან შედარებით, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილება იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო, მაგრამ მე მგონი, მთლიანობაში ნდობის ვოტუმს მაინც "ოცნება" აიღებს. თუნდაც იმიტომ, რომ მას ჯერ თავისი დაპირებების შესრულებისთვის გამოყოფილი ვადა არ ამოუწურვია. 

კობა ბენდელიანი 
"ინტერპრესნიუსი"

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT