რუსეთის მოქალაქეების დანაშაულებრივი ქმედებების გამო 122 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 122 ადამიანია დაღუპული და 200-მდე დაჭრილი. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც უკვე დაიწყო წინასასამართლო გამოძიება გადაბირებისა და დაქირავებულთა მომზადების საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ.
"სამხედრო კონფლიქტის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩადენილი ტერაქტების, ხელისუფლების ჩამოგდების და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნით, რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს უკანონო შეიარაღებული ფორმირება – სპეციალური სასწავლო ცენტრები, რომლებშიც ხდებოდა გადაბირება, დაფინანსება და დაქირავებული მეომრების სწავლება", – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ამავე უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეები რამდენიმე მუხლით არის აღძრული.