დაპირისპირების თავიდან აცილება თუ აღიარება – რას უკავშირდება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოცხადებული "ბოიკოტი" გირგვლიანის საქმეზე, - ჯერ უცნობია.
ათწლეულის ყველაზე ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმის განხილვა რამდენიმე თვეა დაიწყო და ხმაურით მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში თუ მის მიღმა მხარეებს შორის დაპირისპირება მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. სანდროს მამის, გურამ გირგვლიანის თანმხლებ პირებში ყველაზე მეტ გაღიზიანებას გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი იწვევდა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ბოლო რამდენიმე პროცესია დაცხრა. ამის ერთ-ერთი მოტივი ისიც არის, რომ დათა ახალაიას საქმე მისი საბერძნეთში დაკავების გამო, ცალკე წარმოებად გამოიყო; ვანო მერაბიშვილის, გერონტი ალანიას, ოლეგ მელნიკოვისა და ვალერიან მეტრეველის ბრალდებები კი, ერთ საქმედ განიხილება.
ჩამოთვლილთაგან არცერთი ბრალდებული არ ცხადდება პროცესზე. ალანია ამ დრომდე ძებნილად ითვლება, დანარჩენი 3 ბრალდებული კი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.
Ambebi.ge ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს დაუკავშირდა.
ადვოკატი გოგიტა გაბაიძე გირგვლიანის საქმეზე იცავს მერაბიშვილის ინტერესებს. Ambebi.ge-სთან საუბრისას ადვოკატი გაბაიძე ხუმრობის ხასიათზე დადგა.
- ბატონო გოგიტა, იმის გამო, რომ არ ესწრება სასამართლო განხილვებს, ხომ არ მძიმდება ვანო მერაბიშვილის, როგორც ბრალდებულის მდგომარეობა?
- იურისტი უნდა გყავდეთ და იმას უნდა ჰკითხოთ. დამთავდრა პროცესი და გაამართლა გუშინ მოსამართლემ…
- გირგვლიანის საქმეზე?
- დიახ, დიახ…
- გუშინ დავესწარი პროცესს და მსგავსი არაფერი მომხდარა…
- ესე იგი იცი, და რაღას მეკითხები მაშინ?
- ჩვენ გვაინტერესებს განმარტება, რატომ არ ესწრება მერაბიშვილი პროცესებს?- ვერ დავუკავშირდი გუშინ და რანაირად გითხრათ, ტელეფონს არ პასუხობს. მე როგორ უნდა გითხრათ მიზეზი?
- თქვენ იცავთ მის უფლებებს და ალბათ, გაქვთ კომუნიკაციის საშუალება…
- არა, ვერ გეტყვი, არ ვიცი, რაც არ ვიცი, არ ვიცი...
- ჯანმრთელობის მგომარეობით ხომ არ არის განპირობებული პროცესებზე არდასწრება?
- აზრზე არ ვარ, არ ვიცი, მე ხომ ციხეში არ დავდივარ. დაურეკეთ მის ადვოკატს, ვინც დადის მასთან ციხეში და ჰკითხეთ.
იგივე კითხვით Ambebi.ge-მ გიორგი ჩივიაშვილსაც მიმართა, რომელიც ყოფილ მინისტრს 26 მაისის საქმეზე იცავს, სადაც მერაბიშვილი პროცესებს ესწრება.
გიორგი ჩივიაშვილი:წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ დადის ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე სასამართლოში. მე როგორ გიპასუხოთ იმ საქმეზე, რაზეც მე თვითონაც არ დავდივარ და არც ვიცი.
- თუმცა სხვა საქმეებზე დადის მერაბიშვილი სასამართლოებში…
- ქუთაისში ვერ იარა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ხერხემალი აწუხებდა. თბილისში იარა 26 მაისის საქმეზე. რაღაც პროცესები გამოტოვა, რაღაცებზე იარა.
- ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ უნდა ხდებოდეს, ვინაიდან 26 მაისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში კვლავ მიდის პროცესები და მერაბიშვილი ესწრება…
- ახლა, ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც ვიცი, ცუდად თავს არ გრძნობს.
Ambebi.ge დაუკავშირდა გირგვლიანის საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც მერაბიშვილის პროცესებზე დაუსწრებლობას მისი უხერხულობით ხსნის.
ირაკლი ნადარეიშვილი: უფლება არ გვაქვს, რომ ვარაუდი გამოვთქვათ, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ალბათ, გარკვეული უხერხულობის გრძნობა
- საქმის განხილვის ამ ეტაპზე რა მოლოდინი გაქვთ მოახლოებულ განაჩენთან დაკავშირებით?
- ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს დავამტკიცებთ. 191 მოწმე გვყავს, ნაწილი პირდაპირი, ნაწილი – ირიბი. ნაწილი არის იმის პირდაპირი მოწმე, რა და როგორ განახორციელეს ბრალდებულებმა.
გირგვლიანის საქმეზე განაჩენი აგვისტოს ბოლომდე უნდა დადგეს. კვირაში სამი პროცესი იმართება, რათა მხარეების მტკიცებულებები გამოიკვლიონ. მერაბიშვილს აქვს უფლება, სასამართლოზე მისი დაკითხვა მოითხოვოს, ან ნებისმიერ დროს გადაიფიქროს და დაესწროს განხილვებს.
უშუალოდ მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც უფლებამოსილების გადამეტებას და სამსახურებრივ სიყალბეს გულისხმობს. აღნიშნული მუხლებით, ყოფილ მინისტრს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე შარდენის ცნობილი სუფრის ერთ-ერთი მონაწილე, ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაიაც უნდა დაკითხონ. გადაწყვეტს თუ არა მერაბიშვილი რომელიმე მომდევნო სხდომაზე დასწრებას, ჯერ ცნობილი არავისთვის არის.
წყარო http://www.ambebi.ge