„გედის სიმღერა“ და ჯავრის ყრა თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე პრემირებულთა „შავი სია“
თბილისის საკრებულოს წევრებს დიდი ოდენობით პრემიების გამო მეორე დღეა, თავის მართლება უწევთ. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებისთვის 300%-იანი ფულადი პრემიების გაცემის საკითხს 17 ივნისს გამართულ ბიუროს სხდომაზე „მწვანე შუქი“ 17-მა დეპუტატმა აუნთო. ბოლო თვეების განმავლობაში მწვავე პოლიტიკური დებატებით გამორჩეულ საკრებულოში ეს საკითხი, რატომღაც, პოლიტიკური დისკუსიის საგანი არ ყოფილა - დედაქალაქის ხელისუფლებაში მყოფი ყველა პარტიის წევრი ერთსულოვნად დაეთანხმა საზოგადოებრივი ფულის პირად ანგარიშზე გადატანას. დედაქალაქის ბიუჯეტის პრემიების სახით გადანაწილება არც „ქართულ ოცნებას“ გაუპროტესტებია, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც საკრებულოს წევრ სხვა პარტიის წარმომადგენლებს.
პრემირებულთა „შავი სია“
დადასტურებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 8496 ლარი საკრებულოს პირველმა პირმა ირაკლი შიხიაშვილმა აიღო. მეორე ადგილზეა მისი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი - 7080-ლარიანი პრემიით. საკრებულოს დანარჩენი წევრების პრემიები კი ასე განისაზღვრა: გიორგი ტყემალაძე - 6840, ჯაბა სამუშია - 6840, მიხეილ ქავთარაძე - 6240, გიორგი ნემსაძე - 6240, ზაალ სამადაშვილი - 6240, გიორგი ქველაძე - 6240, გელა ომანიძე - 6240, ნინო თევდორაძე - 6240, ზაურ დოლიძე - 6240, კახა გურული - 6240, ზურაბ გაჩეჩილაძე - 6240, ირაკლი დვალი - 6240, კახა კუკავა - 6240, ნათელა მაჭავარიანი - 6240, დავით წერეთელი - 6240, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი - 6240, დავით ჯინჭარაძე - 6240, კახაბერ ფირუაშვილი - 6240, მაკა გვარამია - 6240, მამუკა კაციტაძე - 6240, თამაზ შოშიაშვილი 6240, ლაშა იმედაშვილი 6240, თეიმურაზ გრიგალაშვილი - 6240, მამუკა ახვლედიანი - 6240, კონსტანტინე იონათამიშვილი - 6240, ზაზა გაბუნია - 6240, მერაბ რაფავა - 6240 და გიორგი ჩაჩანიძე - 6240 ლარი.
შიხიაშვილის „არგუმენტები“
საკითხის მედიით გახმაურების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიების თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, საკრებულოს წინააღმდეგ ბინძური პიარკამპანია მიმდინარეობს და პრემიები და ხელფასები, რომლებსაც საკრებულოში იღებენ, თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია.
„საკრებულო მთელი მისი ხელმძღვანელობით და აპარატით, ბიუჯეტის მიღების დღიდან, გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, რათა ქალაქში განსახორციელებელი თითოეული პროექტი შეითანხმოს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს სხდომები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, - განმარტა შიხიაშვილმა და აღნიშნა, რომ საკითხის გახმაურება არ სურდა, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის გამო უწევს თქმა, რომ საკრებულოს დეპუტატები ბოლო თვეების განმავლობაში ხელფასებიდან თანხებს აქტიურად რიცხავდნენ სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდში და 300%-იანი პრემიის 100%-იც იმავე ფონდში უნდა გადაირიცხოს, თანხა ასევე უნდა მოხმარდეს მკერდის კიბოთი დაავდებული ქალების მკურნალობას.
For.ge-ს კითხვები „თბილისის რჩეულებს“
For.ge-მ პრემიებთან დაკავშირებით საკრებულოს სხვა პრემირებული დეპუტატების განმარტების მოპოვებაც სცადა. თუმცა, დღის განმავლობაში არაერთხელ დაკავშირების მიუხედავად „თბილისის რჩეულებმა“ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ჯაბა სამუშია - „ქართული ოცნება“; კოკი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“; ზაზა გაბუნია - „ქართული ოცნება“; მამუკა ახვლედიანი - „ნაციონალური მოძრაობა“; თემურ გრიგალაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, კახა კუკავა - „ეროვნული საბჭო“, - ეს საკრებულოს იმ დეპუტატათა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ჩვენს სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გულიკო ზუმბაძემ კი გვითხრა, რომ შეხვედრებს მართავდა და ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით მოგვცემდა, თუმცა, ჩვენთვის პასუხის გაცემა ვერც მოგვიანებით მოახერხა.
კითხვები კი, რომელიც for.ge-ს საკრებულოს დეპუტატებთან აქვს შემდეგია:
- რა დამსახურებისთვის მიიღეს 300%-იანი პრემია?
- რატომ არ გრძნობს თავს უხერხულად ამ პრემიების აღებით საკრებულოს უმრავლესობა, რომელიც იმ მოტივით, რომ გიგი უგულავას გუნდს საბიუჯეტო თანხები უმართებულოდ არ გაეხარჯა, თვეების განმავლობაში აჭიანურებდა თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებას?
- კონკრეტულად, რომელ საკითხებზე მსჯელობდა საკრებულო შიხიაშვილის მიერ ხსენებულ არანორმირებულ სამუშაო რეჟიმში?
- ქვეყანაში სადაც საკმაოდ დაბალი შემოსავლი აქვს ხალხს და მათი წლიური ბიუჯეტი 3600 ლარს არ აღემატება ( ნახევერ მილიონამდე ადამიანმა შეავსო დეკლარაცია დაუბეგრავი მინიმუმის ასაღებად) უნდა ჰქონდეს თუ არა საკრებულოს წევრებს საზოგადოებრივი ფულის ამგვარად განკარგვის შესაძლებლობა?
- როგორ მოხდა რომ საკრებულო ერთსულოვანი აღმოჩნდა პრემიების საკითხში - რატომ არ გააპროტესტა ფაქტი თუნდაც ოპოზიციამ?
- რა პრინციპით და რა ოდენობით გაიცემოდა საკრებულოს წევრებზე პრემიები 17 ივნისამდე, ანუ ხელფასის რამდენ პროცენტს და წელიწადში რამდენჯერ იღებდნენ „წამახალისებელ დამსახურებას“ თანამდებობის პირები?
- რას ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარის განმარტება, რომ 300%-იანი პრემიის 100% ქველმოქმედებისთვის დაიხარჯება - თუ ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა იყო, პირდაპირ რატომ არ გადაირიცხა ფონდში თანხა?
პარლამენტარები გმობენ
საკრებულოს დეპუტატებისგან განსხვავებით, პრემიების საკითხზე საუბარს არ გაურბიან პარლამენტარები. საპარლამენტო უმრავლესობც და უმცირესობაც 300%-იანი პრემიების პრაქტიკას უარყოფითად აფასებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი თევდორაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პრემიები შრომის პროდუქტიულობის ზრდისთვის ზოგჯერ საჭიროა, თუმცა 300%-იანი პრემიის გამოწერა ამაზრზენი ფაქტია.
„ჩემი, როგორც ყოფილი სახელმწიფო მოხელის, ყოფილი მენეჯერის პოზიცია თანხვედრაშია იმ აზრთან, რომ წახალისების მიზნით, პრემიის გაცემა შრომის პროდუქტიულობას ზრდის, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიქონიოთ მხედველობაში - იქნებ, ახსნას ვინმემ, რა გააკეთეს ამ ადამიანებმა ამ პრემიების სანაცვლოდ? თავადვე ამბობდნენ, რომ, ბოლო თვეებში, თბილისი, პრაქტიკულად, იყო პარალიზებული. ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა. ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და, საერთოდ, ყველა მხარე თანხმდება, რომ თვეების განმავლობაში პოლიტიკური პროცესის გამო საკრებულო უმოქმედო იყო. ამიტომ, გაუგებარია, რით დაიმსახურეს პრემიები. გამოდის, ეს „გედის სიმღერა“ იყო, რადგან ემშვიდობებიან თბილისის საკრებულოს, ტკბილი მოგონებები გაიყოლიეს 300-350%-იანი პრემიის სახით“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე და აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ბიუროს სხდომას, რომელზეც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს, 300%-იანი პრემია ნებისმიერ ზნეობრივ ადამიანს უნდა გაეპროტესტებინა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი კი პრემიების საკითხის დარეგულირებას საკანონმდებლო გზით ცდილობს. დეპუტატი აპირებს, შესაბამისი საკანომდებლო ინიციატივა პარლამენტის პირველივე სესიისთვის დაარეგისტრიროს და იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე ბევრი კოლეგის მხარდაჭერა ექნება.
„ეს არ შეიძლება, სირცხვილია. წინა ხელისუფლების დროს ვამბობდი, რომ პრემიების ამგვარად გაცემა იყო საბიუჯეტო კორუფცია და იმავე აზრზე ვრჩები - მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიპარავ ფულს ბიუჯეტიდან - პირდაპირ თუ გვერდის ავლით. როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რა შეიცვალა საქართველოში, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მოთხოვნები აქვს ხალხს არსებული ხელისუფლების მიმართ. ჩემი აზრით, აქ სრულიად რადიკალური ზომებია გასატარებელი - უბრალოდ, კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს მსგავსი შესაძლებლობები“, - განუცხადა for.ge-ს თინა ხიდაშელმა.
დეპუტატი განმარტავს, რომ მოქმედი კანონით, საკრებულოს შემადგენლობას პრემიების გაცემის შესაძლებლობა აქვს და მის საქმეში ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ჩაერევა. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს მხრიდან საბოტაჟზე მიანიშნებს.
„თუ ამ ადამიანებისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ პრემიების საკითხია მნიშვნელოვანი, ეს, უბრალოდ, საბოტაჟია. ბევრმა ადამიანმა თქვა და ლეგიტიმურია ეს აზრი - როგორც ჩანს, კონკრეტული პირები გაბრაზდნენ იმის გამო, რომ ვერ მოხვდნენ ახალი საკრებულოს სიაში და ამით იყარეს ჯავრი. ეს ყველაფერი ბავშვურ ჯინში ჩადგომას ჰგავს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი და განმარტავს, რომ ცალკეული დეპუტატებისგან განსხვავებით, ამ მოწვევის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსით ყოფნის დროს, პრემიების საკითხს თავად ყოველთვის მკაცრად აპროტესტებდა.
for.ge