Express News

ტურისტული ბიზნესი შესაძლოა სეზონურად დაიბეგროს



რეგიონების სასტუმროებში ძალიან ძნელია ”სუფთად” იმუშაო

ეკონომიკაში ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლებსაც აქვთ პრობლემები, რომლებიც მათ საქმიანობას აბრკოლებს. სწორედ ამიტომ, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს და ქონების სეზონური გადასახადის დაწესებას მოითხოვენ. 

bpn.ge სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს - შალვა ალავერდაშვილს ესაუბრა. როგორც რესპონდენტი ამბობს, მისმა ორგანიზაციამ სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და თავისი რეკომენდაციები უკვე მთავრობასაც წარუდგინა:

შალვა ალავერდაშვილი:
 საქართველო სეზონური ქვეყანაა, ამიტომ, პირველ რიგში გასარკვევია საკითხი, თუ რას ნიშნავს სეზონი. ზღვაში რომ ჩახვალ, ან მთაში ახვალ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონი დაიწყო. ცივილურ მსოფლიოში სეზონის გახსნა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას ნიშნავს, ხოლო დახურვა - ამ საქმიანობის დასრულებას. ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, რაჭის, ან სხვა მთის რეგიონების სასტუმროებში ძალიან ძნელია იმუშაო ”თეთრად”, ანუ სრული ბუღალტერია აწარმოო. არავინ ააშენებს მთა-თუშეთში, ან ხევსურეთში სასტუმროს იმისათვის, რომ ორი თვე ამუშაოს და მერე ათი თვის განმავლობაში ზედიზედ ქონების გადასახადი იხადოს. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ეს ალოგიკური იქნება და არც ერთი ინვესტორი ასეთ საქმეში თანხას არ ჩადებს. ავიღოთ თუნდაც ურეკი, ქობულეთი, ან ზღვისპირა კურორტები, რომელთა დიდი ნაწილი ზამთარში გაჩერებულია. ამიტომ, პირველ რიგში სეზონის დაწყება უნდა გამოცხადდეს და სასტუმროებს ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით უნდა დაუწესონ ქონების გადასახადი: ადამიანი ამ ქონებას იყენებს მხოლოდ ორი თვე, დანარჩენი ათი თვის განმავლობაში კი საკუთარი ქონების გამო გადასახადს იხდის. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ თბილისის ”რედისონისა” და მთა-თუშეთის სასტუმროსათვის საგადასახადო რეჟიმი ერთნაირია. ამიტომ, თუ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება გვინდა, ცუდი არ იქნება, სასტუმროებს ეს შეღავათი დავუწესოთ. ამგვარი შეღავათები საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ სასტუმროების ბიზნესი რეგიონებშიც განვითარდეს. მე თვითონ სასტუმრო ”ბორჯომი პალასის” გენერალური მენეჯერი ვარ და კარგად ვიცი, რა პრობლემებიცაა ამ სფეროში. ნუთუ ასე ძნელია, რომ მთელი წლით არ დაიბეგროს ის სასტუმროები, ან რესტორნები, რომლებიც სრული დატვირთვით მხოლოდ ორი, ან სამი თვის განმავლობაში მუშაობენ? მთავრობას ჩვენი რეკომენდაციები უკვე მივაწოდეთ და იმედი გვაქვს, რომ იმ შეღავათებს მივიღებთ, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვითხოვთ და ეს შეღავათები სულ მალე აისახება საგადასახადო კოდექსში.

”ამ ტიპის შეღავათები მთელ მსოფლიოშია მიღებული” - გვითხრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა. 

რუსუდან მამაცაშვილი: ჩვენ მივესალმებით დაბეგვრის დიფერენცირებული სისტემის შემოღებას იმ მიზნით, რომ რეგიონებში გაჩნდეს სტიმული ამ დარგის განვითარებისათვის. შეღავათიანი გადასახადები მომავალში კიდევ უფრო წაახალისებს ახალი სასტუმროების მშენებლობას და ამ დარგის განვითარებას. ლაპარაკია ქონების გადასახადზე, რომლის ამოღებაც უმჯობესია სეზონურად ხდებოდეს. მოწინავე ტურისტული ინდუსტრიის მქონე ქვეყნებში სხვადასხვა მექანიზმები არსებობს. მაგალითად, ავსტრიაში დაბეგვრის საკმაოდ რთული სისტემაა: იქ გათვალისწინებულია არ მარტო სეზონურობა, არამედ სასტუმროს მდებარეობაც - მთაში მდებარე სასტუმრო სხვანაირად იბეგრება, ხოლო ბარში მდებარე სულ სხვაგვარად. ზოგ ქვეყანაში მთის, ან ცალკე მდგომი სასტუმროები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს. ამერიკაში კი სულ სხვა სისტემაა: იქ სასტუმრო გარკვეულ პროცენტს იხდის და ეს თანხა ყველა გადასახადს აერთიანებს. ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკაში და ჩვენც ვცდილობთ ამ მაგალითების შეჯერება შევძლოთ. ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს: მსოფლიო პრაქტიკიდან საუკეთესო მაგალითებს გავითვალისწინებთ და მომავალში შესაძლებელია, ეს მაგალითები ჩვენს რეალობაშიც დაინერგოს.

სასტუმროების სეზონური დაბეგვრის მომხრეა ეკონომიკის ექპერტი ვაჟა ბერიძეც. როგორც ბატონმა ვაჟამ  bpn.ge-თან საუბრისას განაცხადა, ის ქობულეთიდანაა, ძალიან ბევრ მის ნაცნობს აქვს საოჯახო სასტუმრო, რომელიც შემოსავალს რამდენიმე თვის განმავლობაში იძლევა, მაგრამ ეს ადამიანები ქონების გადასახადს მთელი წლის განმავლობაში იხდიან:

-აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ საოჯახო სასტუმროები დაიბეგროს იმ რეჟიმით, რომელიც მათ ფუნქციონირებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. მათ ყველანაირი შეღავათი უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, სავსებით გამართლებული და სწორი იქნება, თუ სასტუმროები სეზონურად დაიბეგრებიან. ეს იქნება იმ შემოსავლის ადეკვატური, რაც ამ სასტუმროებს აქვთ. მით უფრო, რომ საოჯახო სასტუმროების მფლობელთა ძალიან დიდი ნაწილი უმუშევარია და ამ შემოსავლით საზრდოობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ყოველთვის უნდა შეუწყოს ხელი მათ ფეხზე დადგომას. მე ქობულეთელი ვარ და კარგად ვიცი ამ სფეროს მუშაკთა პრობლემები. არა მარტო ქობულეთში, არამედ მთაში, სხვა კურორტებზეც მათი წახალისება აუცილებელია. სახელმწიფომ საგადასახადო სისტემაც ამ ინდუსტრიის განვითარებას უნდა მიუსადაგოს და ყოველმხრივ უნდა წაახალისოს ტურისტების ნაკადის შემოსვლა ქვეყანაში. როდესაც საქართველოში სერიოზული ტურისტული ინდუსტრია ჩამოყალიბდება, როდესაც ძველ, ტრადიციულ ქვეყნებთან ერთად ჩვენთან ტურისტების ნაკადი ვეროპის ქვეყნებიდანაც შემოვა, ამ სასტუმროების შემოსავალიც გაიზრდება და მათთვის გაწეული შეღავათი ქვეყანას უკან სასიკეთოდ დაუბრუნდება. ამისათვის საჭიროა მეტი გამჭრიახობა, საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ ქვეყანაში შემოსული სტუმრებისათვის უფრო მაღალი დონის სერვისი გვქონდეს, უფრო კარგად ვიღებდეთ მათ და ტურისტული ინფრასქტრუქტურაც უკეთესად იყოს მოწესრიგებული. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის კურორტებზე ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია.


ხათუნა ჩიგოგიძე

bpn.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT