„სამეგრელოს ხმის“ ლიდერს, თენგიზ ჯგუშიას და მის თანამოაზრეებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მცირე ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თენგიზ ჯგუშია, სამეგრელოს ხმის“ წევრებთან ერთად მეოთხე სკოლის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდა.
მმართველი პარტიის აქტივისტებმა თენგიზ ჯგუშიას ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა ის, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, როდესაც „პედაგოგებზე და სკოლის დირექტორებზე ზეწოლა რეალურად ხორციელდებოდა “.
ჯგუშიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ჯგუფს უპასუხა, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ მთავრობას დაუპირისპირდა.
სიტუაცია მალე განიმუხტა. ადგილზე მობილიზებულ იყვნენ სამართალდამცავები.შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში „სამეგრელო ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, თანამოაზრეებთან ერთად, რამდენიმე საჯარო სკოლის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ჯგუშიას განმარტებით, აქციები მიმართული იყო არა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლებიც პედაგოგებზე ზეწოლას ახდენენ. მისივე თქმით, „პედაგოგები უნდა გათავისუფლდნენ „ქართული ოცნების ბრჭყალებისგან“.
|