დევიდ ლი საქართველოში 10 წელია ცხოვრობს, ის საკუთარ თავს ქართველებთან აიგივებს. „ჩვენ უნდა შევეცადოთ.... ჩვენ უნდა ვიმუშაოთ... ჩვენ ეს შეგვიძლია... “ - ამბობს ის და მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთნხმების უნიკალური შესაძლებლობები გამოიყენოს.
- რატომ დააბანდებენ უცხოელი ინვესტორები ფულს თქვენი აზრით საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს მოვაწერთ? ევროკავშირთან ასოცირება შეიძლება იყოს ის მიზეზი, რაც უცხოელ ინვესტორს ფულის საქართველოში დაბანდებას გადააწყვეტინებს?
დევიდ ლი - „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრი :
– საქართველო პატარა და არც თუ ისე მდიდარი სახელმწიფოა და თუ აქ იდეალური პირობები არ იქნება, ინვესტორები არ ჩამოვლენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავსხდეთ და ვიცადოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები ინვესტიციების მოსაზიდად.
გარკვეული მიზეზების გამო საქართველო უკვე არის მომხიბლავი ადგილი ბიზნესის საკეთებლად. როდესაც ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთახნმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მაშინვე 5– მილიონიანი ბაზრიდან 500–მილიონიანი, ერთიანი ბაზრის კატეგორიაში ვინაცვლებთ და ეს არის სწორედ უმნიშვნელოვანესი ინვესტორებისთვის. პირველად შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს ქვეყანა, როგორც საუკეთესო საინვესტიციო ქვეყანა! ეს უდიდესი მოვლენაა, უდიდესი მიღწევა და უნიკალური შანსია.
იმ 10 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვარ, თამაშის წესები ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, რეალურად პირველად იცვლება. ამიტომ პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა, არასამთავრობო სექტორმა, ხალხმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ გზიდან არ გადავუხვიოთ, უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ! ამ შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ! უფრო შორსაც უნდა გავიხედოთ, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ ევროპულ ბიზნესში, ევროპულ საზოგადოებაში. მჯერა, რომ თქვენს ქვეყანაში ჩემი ცხოვრების განმავლობაში მოვესწრები იმას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ბიზნესისთვის ეს ყველაფერს შეცვლის.
- მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, უამრავი პრობლემა აქვთ, როგორ უნდა გადალახონ მათ ეს პრობლემები?
– ქართველების მთავარი პრობლემა საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობაა. ეს არცაა გასაკვირი: 20 წლის განმავლობაში და მანამდეც, კომუნისტური სისტემის დროს ქართველმა ხალხმა უმძიმესი განსაცდელი გადაიტა. ამან გარკვეულწილად იმოქმედა მათზე და დატოვა ხალხი იმედგაცრუებული და საკუთარ ძალებში რწმენადაკარგული. ბევრს არ სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა, მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება და ხარისხიანი სერვისების შეთავაზება. ეს სრული ნონსენსია – ეკონომიკის მრავალ სფეროში ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით.
ახლა „მაგთის“ ოფისში ვართ, რომელიც ნამდვილად სართაშორისო სტანდარტებით მუშაობს. რატომ? იმიტომ, რომ ბაზარზე ძლიერი კონკურენტები გვყავს, ისინიც მაღალი კლასის კომპანიები არიან და საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობენ. იგივეს ვიტყოდი ბანკებსა და ღვინის კომპანიებზე. ვინ მუშაობს ამ კომპანიებში? საქართველოს ათასობით მოქალაქე!
ეჭვგარეშეა, რომ შეგვიძლია მაღალი სტანდარტებით მუშაობა, თუმცა, გამოწვევა არის ის, რომ მაღალ სტანდარტს აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიოთ. თქვენ ახსნეთ, რომ ლაბორატორიები არ გვაქვს იმისთვის, რომ პროდუქტის ხარისხი შევამოწმოთ. არის თუ არა ეს პრობლემა? რასაკვირველია, არის. შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ? რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ევროკავშირი გვაძლევს დიდ ფინანსურ დახმარებას. ბრიუსელში ყოფნის დროს გავიგე, რომ 19 მილიონ ევროს გამოგვიყოფენ, ე. ი. ამ პრობლემის გადალახვა ნამდვილად შეგვიძლია, რადგან ფული არსებობს!
რა არის ალტერნატივა? აი, მაგალითად, იგივე სურსათის უვნებლობის თემა: ვინმეს ოდესმე შეუქმნია დიდი ბაზარი საუკეთესო ხარისხის პროდუქციის გარეშე? რასაკვირველია, არა. ვინმე ყიდულობს ახლა რუსულ მანქანას? არა, იმიტომ, რომ ის არ ვარგა! გინახავთ ქვეყნები, რომლებმაც აამაღლეს თავიანთი პროდუქციის ხარისხი და შევიდნენ საერთაშორსო ბაზრებზე? კი, რასაკვირველია, ასეთია „კია“, შეხედეთ კორეულ კომპანიებს, შეხედეთ მობილურ ტელეფონებს, თქვენ ფიქრობთ, რომ „სამსუნგი“ ედებოდა მილიონობით ადამიანს ჯიბეში, ხარისხი რომ არ უვარგოდეს? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო, იმისთვის, რომ კონკურენციის გაწევა შევძლოთ!
სოფლის მურნეობა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან სწრაფად მოქმედებს, ლაბორატორიები, საცავები, დისტრიბუციისა და სერტიფიცირების სისტემები - ამათგან არც ერთი არ არის გადაულახავი ამოცანა. ამიტომ ხარისხის ამაღლებას მალე შევძლებთ - ფუნდამეტალურად რთული პრობლემა დგება მაშინ, როცა არის ცუდი კლიმატური პირობები, ცუდი მიწა და ნიადაგი, როდესაც არ არსებობს ირიგაციის სისტემა. საქართველოს აქვს 26 ათასი მდინარე, 6 კლიმატური ზონა, არაჩვეულებრივი ნიადაგი, გვყავს ფერმერები, რომლებსაც მიწაზე მუშაობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვთ. რა აკლიათ მათ? მათ აკლიათ განათლება და ტექნოლოგიები. და რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, მით უფრო მალე შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას.
თქვენ ახსენეთ ინფრასტრუქტურა. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, აქ არაფერი მუშაობდა: არც გაზი იყო, არც ელექტროენერგია და არც გზები ვარგოდა. გზები, აეროპორტები, წყალი, გაზი მოწესრიგდა. დღეს ქვეყანას ინფრასტრუქტურა საუკეთესო მდგომარეობაში თუ არა, ძირითადად მაინც მოწესრიგებული აქვს. ახლა გვჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა, შესანახი და სადისტრიბუციო სისტემა.
– თქვენ ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების იმ ნაწილს, სადაც ჩვენს მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზეა საუბარი...
-არა, ოპტიმისტურად კი არ ვუყურებ მომავალს, არამედ ფანატიკოსი ვარ ამ შეთანხმების! მე საქართველოს იმედი მაქვს და არ გავატარებდი ჩემი ცხოვრების 10 წელს აქ, რომ არ მჯეროდეს ამ ხალხის. ერთი წუთითაც მაინც რომ მეგონოს, რომ ეს ქვეყანა დაამთავრებდა ისე, როგორც დაამთავრა იგივე ყირიმის ოლქმა, რომელსაც არ უნდა, რომ წარმატებას მიაღწიოს! მე არ შემხვედრია ქართველი, ვისაც არ უნდა, რომ წარმატებას მიაღწიოს, ან ვისაც არ გაუხარდებოდა საქართველოს წარმატება. სამწუხაროდ, არიან ქართველები, რომელთაც განსხვავებილი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა მოუტანს წინსვლას ამ ქვეყანას.
თუ ჩვენ ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, ეს იქნება უდიდესი ისტორიული მოვლენა. ჩვენ ევროპული ბაზრის შემადგენლობაში შევალთ. შემდეგ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, ამას დრო დასჭირდება.
პოლონეთი წარმატებული ქვეყნის კარგი მაგალითია: 15 წლის წინ პოლონეთს ზუსტად იგივე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, რაც ახლა აქვს უკრაინას. ამ ხნის განმავლობაში პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 3 ჯერ გაიზარდა! განვიხილოთ ესტონეთი: მათ შექმნეს „სკაიპი“ და მსოფლიოში საუკეთესო IT ინფრასტრუქტურა. ზოგიერთმა ქვეყანამ განავითარა ისეთი წარმოება, რომლის თაობაზე არც კი ჰქონიათ წარმოდგენა და არც დაუშვიათ, რომ ასეთ დარგს პოტენციალი ექნებოდა. მაგალითად, პოლონეთი გახდა ვაშლის მეორე ექსპორტიორი მსოფლიოში და ევროპაში ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირს შეუერთდა.
სტანდარტების აწევასთან და საწარმოების განვითარებასთან ერთად ჩვენ განვავითარებთ ევროპულ კანონებს, ევროპულ მეთოდებს, ევროპულ ტექნოლოგიებს, ევროპულ ექსპერტიზას, ევროპულ განათლებას, რაც ნიშნავს საუკეთესოს მსოფლიოში და ეს აწევს თავისთავად ყველაფრის დონეს საქართველოში.
–როგორ ფიქრობთ, უცხოელი ინვესტორები ჩამოვლენ და ცალკე საწარმოებს და კომპანიებს შექმნიან, თუ ქართველებთან ერთობლივ საწარმოებს დააფუძნებენ?
– ჩემი აზრით, ინვესტორები ორივე ამ გზას აირჩევენ. მგონია, რომ უფრო მეტად იქნება პარტნიორობა ქართველ ბიზნესმენებსა და უცხოელებს შორის. ჩემი აზრით, ეს არის საქმის კეთების ყველაზე ეფექტური საშუალება: ჩამოდიხარ, პოულობ ქართველ პარტნიორებს და იყენებ მათ, აშენებ კომპანიას, საწარმოს, ბიზნესს... თუმცა, შესაძლოა, ცალკე, დამოუკიდებელი კომპანიებიც შეიქმნას.
თქვენ ახსენეთ, რომ მიწა ზოგიერთ ადგილზე დაბინძურებულია. შესაძლოა, ზოგიერთ ადგილებში მართლაც არის პრობლემები, რომლებიც ძველი, საბჭოთა პერიოდის მძიმე მრეწველობის ნარჩენებით არის გამოწვეული. თუმცა, ასეთი ადგილი ბევრი არ არის. მიწის უდიდესი ნაწილი საქართველოში სუფთა და ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა. თითქმის 20 წელია საქართველოში სოფლის მეურნეობა არ ვითარდებოდა. ჩვენ არ ვიყენებდით ძალიან მძლავრ ფერმერულ ტექნიკას, რომელმაც შესაძლოა, მიწა დააზიანოს. სხვათაშორის, დასავლეთში მხოლოდ ახლახანს მივიდნენ ადამიანები იმ დასკვნამდე, რომ მიწაზე დიდი მოსავლის მიღება არ არის პრიორიტეტი, პრიორიტეტი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ასე, რომ ჩვენ არ გვქონია ტექნოლოგია, რომელიც აფუჭებდა მიწას. ჩვენი მიწები უბრალოდ არ ყოფილა გამოყენებული. ის თავისი მწვანე საფარით ხელშეუხებელი იყო ინვესტიციების მოლოდინში.
როდესაც ჩვენი საზოგადოების სხვა სფეროებს გადავხედავთ, დავინახავთ რაღაც „ადგილებს“, სადაც ვითარება არც თუ სახარბიელოა. არ შეიძლება ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე მთლიანი სურათი შექმნა და თქვა, რომ აქ არაფერი არ ვარგა და არ მუშაობს. ასეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს. პირიქით, შევხედოთ რა კეთდება სწორად, შევაფასოთ, რამდენად წინ წავედით, შევხედოთ, რამდენად კარგია საინვესტიციო კლიმატი და წარმოვიდგინოთ, რომ ის ფანტასტიურიც შეიძლება მოხდეს! ჩვენ გვჭირდება განწობა მოტივაციის შესაქმენალად იმისთვის, რომ ყველაფერი უმაღლეს სტანდარტებამდე ავიყვანოთ.
ეს მოძრაობა მატარებლის სვლას მაგონებს. ბათუმში ბინა მაქვს და იქ ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა. ადრე იქ ჩასვლა საკმაოდ რთული იყო, ახლა ძალიან მარტივია. მატარებლით ბათუმამადე მგზავრობას დიდი დრო აღარ მიაქვს, კარგი მატარებელია და ძალიან მოგვწონს. ქუთაისში როდესაც ვჩერდებით და შემდეგ, დასავლეთისკენ სიჩქარეს ვუმატებთ, თუ რაიმე სასწაული და ძალიან ცუდი არ მოხდა, ეს მატარებელი აუცილებლად ჩავა დანიშნულების ადგილზე. ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ამ მატარებლის პროგრესს არავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი.თუ ვინმეს ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, რადგან მატარებელი მიდის დასავლეთისკენ!
ესაუბრა ნონა ქვლივიძე