Express News

რატომ ძვირდება მედიკამენტები - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ვერსიები


მედიკამენტების ფასი წინასაარჩევნო დაპირისპირების საგნად იქცა. ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფმა `ნაცმოძრაობამ~ შესაბამისი დრო მოუძებნა წამლების გაძვირებას თემას. მთავრობიდან შესაფერისმა პასუხმაც არ დააყოვნა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატა. მისი განცხადებით, 2012 წლის ფასებთან შედარებით ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს.

`ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა, რისი ნათელი მაგალითიცაა მედიკამენტების ღირებულების მატება. ამის გამო, დღეს ქვეყანაში მცხოვრები პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა და ისინი უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყვნენ.

ამის მიზეზი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკაა, ზოგადად, ეკონომიკის და, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ვერ მოიტანა ის სიკეთე, რასაც მოქალაქეები ამ პროგრამიდან ელოდნენ და რასაც მათ ,,ქართული ოცნება" ჰპირდებოდა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი ინფორმაციით, განსხვავებით 2012 წლამდე დანერგილი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტებისგან, ეს პროგრამა საერთოდ არ ფარავს მედიკამენტების ხარჯს.
,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორმა წარმართვამ ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, წამლებზე, ფასების ზრდა გამოიწვია. საქსტატის ბოლო მონაცემები ცხადად აჩვენებს ჯანდაცვის სფეროში ფასების შემდეგ მატებას: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 7,1 პროცენტი, სამედიცინო პროდუქცია (მათ შორის, მედიკამენტები), აპარატურა და მოწყობილობა - 6,8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება - 2,7 პროცენტი", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს დასკვნა ემყარება რამდენიმე დღის წინათ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას წამლების ფასის მატებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი ჭიაბერაშვილმა ნაცმოძრაობის ენაზე გადათარგმნა. მედიკამენტები ბოლო დროს მართლაც გაძვირდა, მაგრამ 2012 წლის არჩევნებამდელ ფასებს არავითარ შემთხვევაში არ გატოლებია. ის, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გაიაფდა, ცოტათი მართლაც გაძვირდა (ძირითადად, ლარის კურსის მერყეობის გამო), თუმცა ნაციონალური მოძრაობის ფასებთან შედარებით, მაინც თვალშისაცემად დაბალია.

ამასვე ამტკიცებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც. მისი აზრით, სააფთიაქო ბაზარზე მედიკამენტებზე მნიშვნელოვანი გაძვირება არ შეინიშნება.

,,მე არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც ვამბობ, რომ მაქვს გარკვეული კორექტული, კორპორაციული სოლიდარობის შეგრძნება და ჩემი ყოფილი კოლეგების კრიტიკას ვერიდები, მაგრამ რაც დრო გადის, ესენი ამ შანსს მიმცირებენ. რაღაც გამოცდილება მეც მაქვს ცხოვრებაში და იშვიათად შემხვედრია ასე ნეგატივზე ორიენტირებული და ნეგატივის მაძებარი აქტივობა, რასაც ახლა ვუყურებ ჩემი ყოფილი კოლეგების მხრიდან. ვგულისხმობ ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და სანდრო ურუშაძეს. აშკარად ისეთი პათოსით აღწერენ კატაკლიზმებს ქართულ ჯანდაცვაში, თითქოს ეს სადღაც მტრულ სახელმწიფოში ხდებოდეს და ჩვენს მოქალაქეებს არ ეხებოდეს", - დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, ფასების მონიტორინგს აქვს თავისი მკაცრი წესები და მთლიანი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც ათასობითაა, სხვადასხვა ლოტებად იყოფა და მონიტორინგი ასე ხორციელდება. ,,ეს ლოტები არის ე.წ. ,,ბესტსელერები", ყველაზე ხშირად გაყიდვადი წამლები, ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის დაავადების სამკურნალო პრეპარატები - ჩვენთვის ეს არის ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის და ეს არის ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტების ლოტი. შეჯამება ფასების დინამიკაზე ხდება ხოლმე ასე კომპლექსურად და არა ,,ციტრამონი" ღირდა 40 თეთრი და გახდა 45 თეთრი", - აღნიშნა სერგეენკომ და დასძინა, რომ მისი კოლეგების მიერ ზედაპირულ და ტენდენციურ მიდგომას აქვს ადგილი.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესში არ მონაწილეობს. ,,დაგვხვდა სისტემა, სადაც სრულად კერძო სექტორია წარმოდგენილი და ფასებს ბაზარი არეგულირებს", - დასძინა სერგეენკომ. ამასთან, მინისტრმა საზოგადოებას ინტერფერონის გაიფებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი წარმატებული პროექტი შეახსენა, როდესაც სახელმწიფო აქტიურობის შედეგად, 60%-იანი ფასის კლება გახდა შესაძლებელი.

,,რამდენიმე ათასი მედიკამენტიდან წამლის ფასებს ახასიათებს ცვლილება ზოგი იაფდება, ზოგიერთი - ძვირდება. ერთი რომ გაძვირდა, მეორე - გაიაფდა. რამე გამოკვეთილი ტენდენცია, რომ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე არის მნიშვნელოვანი, გამოხატული და რამესთან კავშირში მყოფი გაძვირება, ასეთი რამ არ აღინიშნება. უფრო მეტიც, ერთ-ერთ, ძვირადღირებული წამლების ჯგუფში კლება მოხდა და არა მატება", - დასძინა დავით სერგეენკომ.

შოთა გულბანი

http://bfm.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT