Express News

ხორბლის ბაზარს ისევ მერაბიშვილის კლანი აკონტროლებს


პურის წარმოებაში ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილი აზერბაიჯანული სქემა ისევ მუშაობს 
ხორბლის ბაზარზე მუდმივად დაძაბული ვითარებაა. ქართველმა მეწარმეებმა აზერბაიჯანულ მონოპოლიას ვერაფერი მოუხერხეს. პირიქით, ისინი პოზიციებს უფრო და უფრო კარგავენ. გამოსავალი ანტიმონოპოლიური კანონი და სააგენტოა, მაგრამ საკითხს მყისიერად ვერც ის გადაჭრის.

თავის დროზე აზერბაიჯანის მინი მეჯლისის დეპუტატის ასაბილ კასუმოვის ჰოლდინგი საქართველოში დიდი ფინანსური რესურსით შემოვიდა და ორიოდე წელიწადში ყველაზე დიდი მოცულობის წისქვილკომბინატების გამოსყიდვა მოახერხა. ქვეყანაში არსებული ხუთი უმსხვილესი წისქვილკომბინატიდან ოთხი ერთმანეთის მიყოლებით მის ხელში აღმოჩნდა.

წისქვილკომბინატების ასოციაციის მონაცემებით, საერთო ჯამში ,,კარატ-ჰოლდინგის" ხელშია ფქვილის ბაზრის დაახლოებით 70% და საქართველოში არსებული ელევატორების თითქმის 90% (ფოთის საპორტო ელევატორის გარდა). ოთხივე საწარმოს დღიურად 1200 ტონამდე ხორბლის გადამუშავება შეუძლია, რაც ქვეყნის დღიურ მოხმარებას სრულად აკმაყოფილებს.

წისქვილკომბინატ ,,პროგრესის" დირექტორი დემურ ქურდაძე აზერბაიჯანულ კომპანიას მონოპოლისტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ,,კარატ-ჰოლდინგი" კონკურენტებს არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ავიწროებს და გაკოტრებამდე მიჰყავს.

მისი თქმით, 70-დან ბაზარზე 12-13 წისქვილკომბინატი მუშაობს, აზერბაიჯანული კომპანია კი ფასს საკუთარი სურვილის მიხედვით ამცირებს. ,,თუ ანტიმონოპოლიურმა არ იმუშავა, გამოსავალს ვერ ვხედავ. რაღაც მოუხერხოს მონოპოლისტს, აიძულოს, რომ 35%-ზე იმუშაოს და ჩვენც დაგვიტოვოს ბაზარზე ადგილი, იმისთვის, რომ ვიარსებოთ", – აცხადებს ქურდაძე.

,,მეხორბლეთა ასოციაცია" ხორბლის ქართულ ბაზარზე არსებულ აზერბაიჯანულ მონოპოლიას აპროტესტებს. ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ კომპანია ,,კარატ-ჰოლდინგს" ბაზრის წილის 60%-ზე მეტი უჭირავს და ქართულ კომპანიებს არაკონკურენტულ გარემოში უწევთ საქმიანობა.

,,კარატ-ჰოლდინგი" ქვეყნის მასშტაბით 4 მსხვილ ხორბლის გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და დღის განმავლობაში მოსახლეობისთვის საჭირო 1000 ტონაზე მეტ ხორბალს გადაამუშავებს. იგი კანონდარღვევის გარეშე საქმიანობს, რადგან ქვეყანაში ამ დრომდე არ მოქმედებს ანტიმონოპოლიური კანონი, რომლის მიხედვით კომპანიები ბაზრის წილის 40%-ზე მეტის ფლობის შემთხვევაში, მონოპოლისტებად ჩაითვლებიან", - აცხადებს ლევან სილაგავა.

გაკოტრების პირას მისული წისქვილკომბინატების მფლობელები ერთადერთ გამოსავლად კონკურენციის სააგენტოს ამოქმედებას მიიჩნევენ, რომელმაც, როგორც მთავრობაში ამბობენ, მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების დაშლაზე უნდა იმუშაოს.

უკვე დამტკიცებული კანონის მიხედვით, კანონდამრღვევთა გამოვლინება და შემდგომ მათ წინააღმდეგ საგამოძიებო საქმე კონკურენციის სააგენტომ უნდა აწარმოოს. როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, მას მოკვლევის დაწყება საჩივრის მიღების გარეშეც შეეძლება. თუმცა, მეწარმეები იმასაც ფიქრობენ, რომ კანონის აღსრულება რთულიც იქნება.

,,კარგია, რომ შეიქმნა კონკრეტული უწყება, კონკურენციის სააგენტო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება ბაზარზე მონოპოლისტი გამოავლინოს და დააჯარიმოს კიდეც, კარგად არის განსაზღვრული თავად დომინანტი კომპანიის წილი ბაზარზე - 40%, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სააგენტოსთვის კვლევის ჩასატარებლად მიცემული ერთი წელი ძალიან ბევრია", - აცხადებს კომპანია ,,აგრიკომის" დამფუძნებელი, კოკი ოსიპოვი.

ვიდრე კონკურენციის სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო დამრღვევი კომპანიის გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს ყველა ინსტანცია საქმეზე იმსჯელებს, ბაზარზე შევიწროვებული კომპანიების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

,,ბიზნესი ერთ ადგილზე ხომ არ დგას, ის გამუდმებით ვითარდება. ერთი წელი ძალიან ბევრია. ამასობაში მონოპოლისტი კიდევ უფრო მოძლიერდება, ჩვენ გვექნება პრობლემა, იმ ეკონომიკურ აგენტებს, ვინც საჩივარით მივმართავთ სააგენტოს. პატრული ხომ არ არის, დავუძახოთ და მივუთითოთ, აი, აშავებს და მიხედეთ-თქო და რეაგირებაც მყისიერად დავინახოთ", - განაცხადა ბიზნესმენმა.

სოსო ქუმსიაშვილი

http://bfm.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT