,,იტყვი? –ეკლესიის მტერი ხარ, არ იტყვი? – გული სკდება და თავად არ იცი, ღმერთს თუ მამონას ემსახურები...”– სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე (კვარაცხელია) ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ ქვეყანაში შექმნილ ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ... არაფრის თქმას არ ვაპირებდი... უამრავი წერილი და დაბნეული ადამიანების მდგომარეობა მაღელვებს...
სად არის ზღვარი მართლმადიდებლობასა და ფსევდომართლმადიდებლობას შორის? იტყვი? –ეკლესიის მტერი ხარ, არ იტყვი? – გული სკდება და თავად არ იცი, ღმერთს თუ მამონას ემსახურები... შიში გამიჩნდა. არა ღვთის, არამედ ადამიანების, ვინც ღმერთის სახელით ზნეობას, მორალს, ,,კანონებს" იცავს... პავლე მოციქული მაძლიერებს:
,,უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რამე ვარ"... რჯულის აღსრულება სიყვარულია... გვძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი... ქრისტიანობა კაცთმოყვარე, დამრიგებელი, გამგები, მონანულთა, ცოდვილთა და მაგდალინელთა რელიგიაა...
სახარებისეული პასაჟი მრუში დედაკაცის შესახებ დღეს რომ გაცხადებულიყო, როგორ მოვიქცეოდით, ხელებაღმართულები ქვებით ჩასაქოლად გამოყვანილ ქალს დავედევნებოდით თუ ქრისტესაც მასთან ერთად ჩავქოლავდით, რადგან პატიება და გზაზე დაყენება შეძლო?! მოწყალე სამარიტელი ჩამოივლის, სნეულს უახლოეს ქსენონამდე მიიყვანს და თუ შეუძლია უმკურნალებს... ასეთია მართლმადიდებლობის სწორი გაგება...
ძველი აღთქმის ადამიანებს დავემსგავსეთ, სამწუხაროდ- ,,კბილი კბილისა წილ"... ,,ვინც თქვენს შორის უცოდველია პირველი ქვა იმან ესროლოს"... მაცხოვარი ქვიშაზე ისევ წერს თითით... კარგად დავაკვირდეთ, იქნებ საკუთარი ცოდვები და მანკიერი მხარეები ამოვიკითხოთ მის ნაწერში...
,,მკურნალო, განიკურნე თავი შენი"... ამ ყველაფერზე რას იტყოდა იესო...”- წერს მამა პეტრე „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.